რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩერა

რუსეთმა Nord Stream 1-ის გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩერა

დღეიდან, სარემონტო სამუშაოების მოტივით, Gazprom-ი Nord Stream 1-ის გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას აჩერებს. რუსეთის სახელმწიფო კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.

ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის გაზით მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა Siemens-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში გერმანიაში ჩაიტანეს, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.

მანამდე Gazprom-მა გაზსადენით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20%-მდე შეამცირა. Nord Stream 1 ყველაზე მსხვილი გაზსადენია, რომლითაც გერმანია რუსულ გაზს იღებს. შესაბამისად, მისი გაჩერება ნიშნავს, რომ გერმანია 3 სექტემბრამდე Gazprom-ისგან გაზს ვეღარ მიიღებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში გამავალ გაზსადენს არანაირი ტექნიკური პრობლემა არ აქვს და მას ოპერირება სრული დატვირთვით შეუძლია. ევროპაში რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, გერმანია, 2024 წლისთვის მისი ალტერნატიული იმპორტიორით ჩანაცვლებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *