რუსი „კიბერ-მაგნატი“ კომპანიის IPO-ს გეგმავს - აშშ მას რუსეთისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებს

რუსი „კიბერ-მაგნატი“ კომპანიის IPO-ს გეგმავს - აშშ მას რუსეთისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებს

Forbes-ის თანახმად, ნახევარმილიარდიანი ქონების მფლობელი 43 წლის იური მაქსიმოვი, May Hack Day კონფერენციამდე, ამერიკულ ბირჟაზე მოსკოვური კომპანიის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადებოდა. „Positive Technologies“, რომლის უმსხვილესი, 55%-იანი წილი მაქსიმოვის საკუთრებაშია, იმ ბანკების მიერ, რომლებიც მისი კომპანიის IPO-ზე მუშაობდნენ, 2.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ IPO-ს გამოშვების შემდგომ იური მაქსიმოვი მილიარდერი გახდებოდა, მისი გეგმები სამომავლო წარმატებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, დროებით მაინც ჩაიშალა. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა მის კომპანიასა და დამატებით 55 სხვა ფირმას სანქციები დაუწესა. ბრალდება რუსულ სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობა და საშიშ და დამანგრეველ კიბერშეტევებში მონაწილეობაა. მიუხედავად, „Positive Technologies“-ის საერთაშორისო რეპუტაციისა, რომელიც მეტწილად მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული $60 მილიონიანი შემოსავლით (კომპანიის მთლიანი შემოსავალი უხეშად $77 მილიონს უტოლდება) და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობითაა განპირობებული, როგორიც Microsoft-ი, IBM-ი და Samsung-ი არიან. ამერიკის სადაზვერვო სისტემა ამტკიცებს, რომ  ორგანიზაციის მიერ გამართული „May Hack Day“ კონფერენცია ერთგვარი რეკრუტირების ბაზრობა იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვებისთვის.

„Positive Technologies“-ის წინააღმდეგ ყველაზე დასაბუთებულ მტკიცებულებებს ვაშინგტონის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ატლანტიკური საბჭოს მარტის ანგარიში წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ისინი ანგარიშში ანონიმურობიდან გამომდინარე „Positive Technologies“-ის სახელის მაგივრად კრიპტონიმით „ENFER“ მოიხსენიებენ, რაც კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის ორი ექსპერტის თანახმად სწორედ მაქსიმოვის კომპანიაა. ანგარიშის მიხედვით, „ENFER“-მა შეიმუშავა ციფრული ჯაშუშური ინსტრუმენტები FSB-სთვის, რომელიც რუსული KGB-ს მემკვიდრე სააგენტოა, ხოლო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სქემა გულისხმობს გლობალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესასუსტებლად, ტელეფონების გეო-ადგილმდებარეობის ტექნოლოგიების განვითარებას. გარდა ამისა, მოხსენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც „ENFER“-მა რუსეთის სამთავრობო ქსელზე განხორციელებული შეტევა გამოიძია, მისი პროგრამის გამოყენება სხვა მავნე საქმიანობისთვისაც დაიწყო.

იური მაქსიმოვი კატეგორიულად უარყოფს შტატების სახაზინო დეპარტამენტისა და ატლანტიკური საბჭოს ბრალდებებს და ოფისიდან ჩართვაში აცხადებს, რომ მისი ბიზნესი გეოპოლიტიკურ ომშია ჩაფლული და მათ არასდროს არ მიუღიათ მონაწილეობა კომპანიებსა და სახელმწიფოებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზე. ამის მიუხედავად, მაქსიმოვი არ უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და FSB-სთვის მუშაობას, რადგან ის მხოლოდ თავდაცვით მომსახურებას უწევს მათ. „მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, რათა დავიცვათ ჰაკერების თავდასხმისგან, სურვილის შემთხვევაში ჩვენ ამერიკის Homeland Security-ის და FBI-საც მოვემსახურებით“ – ამბობს კომპანიის უმსხვილესი მეწილე მაქსიმოვი და ამატებს, რომ „Positive Technologies“-ის საქმიანობის მხოლოდ 1.5% უკავშირდება სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მომსახურებას, მისი შემოსავლების უდიდესი წილი კი რუსეთის 320 უმსხვილეს კომპანიაზე, მათ შორის SberBank-სა და Lukoil-ზე მოდის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი ჯეიმს ლურისი მის მიერ გამოქვეყნებულ ელექტრონულ წერილში აღნიშნავს, რომ ყველა რუსულ კომპანიას უწევს უსაფრთხოების აპარატის მოთხოვნების შესრულება და ამ სივრცეში სხვა სახის მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. უსაფრთხოების სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჰაკერებთან, რუსული კორუფცია ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიებში შტატებთან შედარებით, სადაც კომპანიებს „სილიკონ ველზე“ გასვლის შესაძლებლობაც აქვთ, რუსეთში კანონიერი ბიზნესის არსებობაც კი საკმაოდ რთულია.

FBI-ის ყოფილი უფროსი, რომელიც „Positive Technologies“-ის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ფლობს, ამბობს, რომ სანქციებთან გამკლავების გზა არსებობს, თუმცა როდესაც საქმე რუსეთის მიერ წარმოებულ კიბერშეტევებს ეხება, ეს ნიშნავს, რომ შტატების მთავრობა დარწმუნებულია, რომ კომპანიაში რამდენიმე პირი მაინც მუშაობს რუსული სადაზვერვო სამსახურების დავალებით და აქვს აქტიური ურთიერთობა მასთან.

მაქსიმოვი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ შტატების სანქციები კომპანიის IPO-ს გეგმებს სერიოზულ ზარალს მიაყენებს და ნაკლებად სავარაუდოს გახდის ამერიკელი ინვესტორების ჩართვას ამ პროცესში. ხაზინის თანახმად, შტატებში არსებულ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს ეკრძალებათ იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც რუსულ სადაზვერვო სააგენტოებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ამავდროულად, Microsoft-მა მაქსიმოვის კომპანია ამოიღო პარტნიორობის პროგრამიდან, რომელიც წინასწარ აწვდის ინფორმაციას პროგრამული უზრუნველყოფის დაუცველობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქმედება ხელისუფლების მიერ დაწესებულ სანქციებს შეესაბამება. თავის მხრივ, IBM-მაც აღნიშნა, რომ ის ემორჩილება სანქციებს და მისი მუშაობა Positive-თან მხოლოდ პროდუქტის ინტეგრაციით შემოიფარგლება.

მაქსიმოვი აცხადებს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის საშუალებით ცდილობს გაარკვიოს არსებობს თუ არა გზა ამერიკულ ბიზნესთან თანამშრობლობისთვის. რუსი ბიზნესმენი იმედს იტოვებს, რომ მომავალ გაზაფხულზე IPO-ს გამოშვებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს მაქსიმოვის პირველი მარცხი არაა რუსეთიდან გაღწევასა და ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრების მცდელობაში. 2014 წელს, კომპანია თავისი ფულის დიდ ნაწილს ამერიკაში ბიზნესის დასაწყებად აგროვებდა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ეს გეგმები ჩაშალა.

თუმცა, მაქსიმოვსაც აქვს შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის წარმოჩენით მისი მხარე დაიცვას. შტატების მთავრობა პირდაპირ სარგებელს იღებს Positive-ის მუშაობიდან, რაც ფართოდ გამოყენებადი პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზების გამოვლენას გულისხმობს. მაგალითისთვის, კომპანიის საქმიანობას მისი მკვლევარების მიერ IDEMIA-ს, ასევე სახის ამომცნობი და თითის ანაბეჭდის სკანერების მწარმოებლების მიერ შექმნილი პროდუქციის სისუსტის დადგენა წარმოადგენდა. მაქსიმოვი კვლავ იმედოვნებს, რომ  რუსულ-ამერიკული ზავის შესაბამისად, მისი კომპანია საერთაშორისო საქმიანობის წარმოებას კვლავ შეძლებს.

ამ ეტაპზე, 43 წლის რუსი მილიარდერი თვლის, რომ მას კომპანიის გარეთაც არანაკლებ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. გასულ თვეში მაქსიმოვმა მის მიერ დაკავებული თანამდებობა დენის ბარანოვს გადააბარა, თუმცა საბჭოს თავჯდომარედ და უმსხვილეს მეწილედ კვლავ რჩება. მისი თქმით, მას სურს ნაკლებად კონცენტრირდეს ყოველდღიურ საქმიანობაზე და სამყარო უფრო მეტად უსაფრთხო გახადოს. სპიკერების განცხადებით, მაქსიმოვის პირველი ნაბიჯი კონკურენტებთან და რუსეთის მთავრობასთან ერთად ერთობლივი პროექტების შექმნა იქნება, რომლის მიზანიც ციფრული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *