რუსთაველი და კომპანია

რუსთაველი და კომპანია

„ერთი შეხედვით სასაცილოა, ფილოლოგი „ვეფხისტყაოსნის“ ეკონომიკურ ასპექტებზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ გარწმუნებთ, გაცილებით უფრო სასაცილოა, როდესაც „ვეფხისტყაოსანზე“ ეკონომისტები მსჯელობენ. ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ორი სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ როგორია „ვეფხისტყაოსნის“ ეკონომიკა.“

პერსონაჟთა ეკონომიკური პორტრეტები ლიტერატურაში და ზოგადად ეკონომიკა ლიტერატურის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს, ხოლო ეკონომიკა ცხოვრებას ქმნის. ეპოსით დაწყებული და ე.წ. ბილდუნგსრომანებით, მთავარი გმირის ჩამოყალიბების რომანებით დასრულებული, ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს მხატვრულ ლიტერატურაში.

მსოფლიო ლიტერატურის ერთ­ერთი პირველი ძეგლი, ჰომეროსის „ილიადა“ ხომ დასაწყისშივე გაგვაცნობს „ხომალდთა კატალოგს“, რომელიც ბერძნებისა და ტროელების არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური სიძლიერისა და თავისებურების ერთგვარ ინვენტარიზაციას წარმოადგენს… ხშირ შემთხვევაში მწერლები, მაგალითად, ბალზაკი, დიკენსი, თომას მანი, მარსელ პრუსტი, მშვენიერი ეკონომისტები არიან, ისევე როგორც უდიდესი ეკონომისტები, მაგალითად ადამ სმიტიც გვეყოფა – მშვენიერი მწერლები.

პროექტის ფარგლებში ვსაუბრობთ მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი, გამორჩეული პერსონაჟების ეკონომიკურ პორტრეტებზე. რა თქმა უნდა, არ არსებობს რომანი, ამა თუ იმ ფორმით მასში ეკონომიკა რომ არ ფიგურირებდეს, მაგრამ პერსონაჟის ეკონომიკური პორტრეტის განხილვა ყოველთვის გამორჩეულად საინტერესოა, რადგან მომენტალურად ვხედავთ ეპოქას, იმ დროის ჩვეულებებს და ისმის მთავარი კითხვაც: ეკონომიკას ეფუძნება ზნეობა, თუ ზნეობას – ეკონომიკა? ამ კითხვაზე კი მწერლებს ყოველთვის ორიგინალური პასუხები აქვთ…

დავიწყოთ იმით, რაც ასე უცნაურია – ქართველები არასდროს ვტრაბახობთ და ვამაყობთ იმით, რომ ქრისტიანულ სამყაროში პირველი დიდი ნაწარმოები ჩვენ დავწერეთ, მითუმეტეს, რომ შოთას პოემა „ნაციამქმნელი“ ნაწარმოებია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველო, როგორც ჭურჭელი, შექმნა დავით აღმაშენებელმა, მასში შინაარსი ჩაასხა შოთა რუსთაველმა, თამარის დროს კი ჩვენი ქვეყანა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

„ოქროს ხანაზე“ მსჯელობისას, ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თამარის სამეფოს აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ბაზა იყო. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ იმ ეპოქაში სახელმწიფოს სიძლიერე ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას კი არ ეფუძნებოდა, არამედ გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური აღმავლობის ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი წარმოადგენდა. რუსთაველის პოემაშიც სწორედ ინდოეთის სამხედრო სიძლიერეა ხაზგასმული. არსად გვხვდება მინიშნებები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ბაზისის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე…

„ვეფხისტყაოსნის“ ეკონომიკური ასპექტების განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი განსაკუთრებული თავისებურება – რუსთაველის პოემა იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ ქართულმა ენამ მის გენიას დაუთმო და იმაზე ნელა განვითარდა, ვიდრე შოთამდე ვითარდებოდა. ამან საშუალება მოგვცა, რომ მთავარი ქართული ტექსტი ლექსიკონისა და სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე ვიკითხოთ. მეტიც, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რუსთაველის ენაზე, როგორც სამართლიანად შენიშნა გრიგოლ ორბელიანმა – „ენა ქართული რუსთაველისა“.

და აი, ამ გენიალურ პოემაში არა მხოლოდ ენა, სიტუაციები და პერსონაჟებია გენიალური, არა მხოლოდ ისტორიაა გენიალურად გაკრიტიკებული, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, გენიალურადვეა განხილული ეკონომიკური საკითხებიც.

„ვეფხისტყაოსანში“ ძირითადად ორი კლასია აღწერილი: ერთი მხრივ, არისტოკრატია – მეფეების დონეზე, მეორე მხრივ – ვაჭრები. ნაწარმოებში გვხვდებიან მონებიც, თუმცა ისინი ძირითადად ანტურაჟის ფუნქციას ასრულებენ, რუსთაველს მათ მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუხატავს. სამაგიეროდ, ავტორს აინტერესებს არისტოკრატია და ვაჭრების წრე.

არის თუ არა დაპირისპირება ამ ორ კლასს შორის? რა თქმა უნდა, არის. თავად განსაჯეთ, რამდენად ფუძემდებელი ავტორია რუსთაველი, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, მისი კრიტერიუმებით ვმსჯელობთ – ვინმე თუ არ მოგვწონს, ვამბობთ „ჩარჩია“, „ვაჭარია“…

ამ სიტყვებთან დაკავშირებული ნეგატიური კონოტაცია სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ გამოძახილია. ხომ გახსოვთ, როგორ იწუნებს ავთანდილი ვაჭრებს?! – „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. ანუ, ვაჟკაცი კაცი, ავთანდილი, იწუნებს ვაჭრებს, როგორც კლასს, როგორც ჯაბანთ, ვაჭრები კი მათ მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას არ აპროტესტებენ. და მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეებია გასული, ქართველთა დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ვაჭრობა ვაჟკაცის საქმე არაა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭართა კლასს რუსთაველიც ამგვარ, ვიწრო პრიზმაში უყურებს, მაგრამ მისგან ეს არც არის გასაკვირი, რადგან თავად შოთა მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ თემაზე ვარაუდების დონეზე გვიწევს საუბარი, რადგან რუსთაველის ბიოგრაფიას არ ვიცნობთ. ესეც მის გენიალობას უნდა დავაბრალოთ – ის რომ ერთი ჩვეულებრივი, სამეფო კარის მწერალი ყოფილიყო, მის შესახებ ბევრი რამ გვეცოდინებოდა. მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი არაჩვეულებრივი პოეტი იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად გააკრიტიკა თამარის ეპოქა, ამიტომაც „არაჩვეულებრივად“ დაგვავიწყეს მისი ბიოგრაფია.

„ვეფხისტყაოსნის“ ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, როგორც აღვნიშნეთ, აქ წარმოდგენილი ორი კლასიდან, არისტოკრატია მეფეების, ანუ უმაღლეს დონეზეა დახატული, რომელთა მთავარი მახასიათებელია სიუხვე. მარტივად რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში არისტოკრატი შეიძლება იყოს მაღალი, უხვი… მეორე შემთხვევაში შესაძლოა, არ იყოს მაღალი, მაგრამ აუცილებლად იქნება უხვი, რადგან არისტოკრატია არის კლასი, რომელიც ხარჯავს! ვაჭრები კი არიან ადამიანები, ვინც ფულს, მოგებას, საქმეში აბრუნებენ.

როგორ შეიძლება, აქ არ გაგვახსენდეს ადამ სმიტის სიტყვები, რომ ეს ასე ხდებოდა ისტორიულადაც! წარმოიდგინეთ წარჩინებული არისტოკრატი, რომელსაც ეკუთვნის უზარმაზარი ტერიტორია, რომლის დამუშავებითაც იღებს არნახულ შემოსავალს და ეს შემოსავალი საქმეში კი არ იდება, არამედ იფლანგება, რადგან არისტოკრატი აჭმევს და ასმევს „ხუთას ნათესავს“, რომლებიც იქვე, მასთან ცხოვრობენ… ასეთი რამ ვაჭრების კლასში გამორიცხულია – მოგება, უფრო დიდი მოგების იმედით, საქმეში ბანდდება.

თუმცა ჩვენს ნაწარმოებში, როგორც უკვე ვთქვით, არისტოკრატია მუდმივად ხარჯავს. აი, როგორ ხდება ეს:

როსტევანმა გაამეფა თინათინი და ამის აღსანიშნავად დახარჯა დიდი ფინანსური რესურსი, მარტივად რომ ვთქვათ, აჭამა და ასვა ყველას;

გამეფდა თინათინი და იმწუთას დაიწყო საჭურჭლის გაცემა, თანაც არნახული რაოდენობით – „ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა“. ქონება მიჰქონდათ ნათურქალივით, ანუ ხალხი ძარცვავდა სახელმწიფოს სახელმწიფოს კეთილი ნებით!

ამ „ძარცვის“ მასშტაბების გათვალისწინებით, როსტევანს ხუმრობაც კი შეჰბედეს და მეფის დაღრეჯილობა თინათინის მიერ საჭურჭლის გაუგონარი რაოდენობით გაცემას მიაწერეს. ეს უბრალო ხუმრობა არ გახლავთ, მთელი მისი გემო სწორედ ისაა, რომ ზღაპრულად ხელგაშლილ და პრინციპულად გულუხვ მეფეს მისთვის სრულიად მიუღებელ ხელმომჭირნეობაზე მიუთითეს. ეს ძალიან ჰგავს ძველი ანტიკური თეატრის საქციელს, როდესაც მექალთანე პერიკლეს კაცების სიყვარულზე „მიუთითეს“.

რუსთაველმა თქვა, რომ არისტოკრატიის შემთხვევაში არანაირი დაბანდება, არანაირი მოგებიანი წარმოება არ არსებობს, არისტოკრატია მხოლოდ აგებს, ფლანგავს! ეს არ არის ეკონომიკა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამგვარი დამოკიდებულებით, „კიდევ კარგად გაუძლო“ ჩვენმა არისტოკრატიამ და თავადაზნაურობამ.

მეორე მხრივ, ვაჭართა კლასის მიმართ აგდებული დამოკიდებულების მიუხედავად, შოთა, რომელიც ღრმად არის გარკვეული მათ ბუნებაში, აღნიშნავს, რომ ისინი ყველაფერზე წავლენ, რათა თეთრიც კი არ დაკარგონ:

„დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ:
იყიდიან, გაყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ“.

პოემაში ამ ორ კლასს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებაა – ვაჭრები ჯაბანნი არიან, არისტოკრატიას კი, სიუხვესთან ერთად, ვაჟკაცობა ახასიათებს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები, არისტოკრატიის კლასის წარმომადგენლები, ნესტანი იქნება, ტარიელი, ავთანდილი, თინათინი თუ როსტევანი, ზოგჯერ რთულ და მორალური თვალსაზრისით, მინიმუმ, უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ მიმართ კითხვები არ ჩნდება, რადგან ვაჟკაცობასთან კითხვა არ დაისმის!

შეიძლება ითქვას, რომ ვაჟკაცობა ნომერ პირველი ღირებულებაა, რომელიც სიცოცხლეზე მაღლა დგას – „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“

თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობს…

ვაჭრების კლასს არ მიაჩნია, რომ ნაზრახი სიცოცხლით არ უნდა იცხოვროს, რომ ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. ამიტომაცაა, შესანიშნავ გარიგებას რომ სთავაზობენ ავთანდილს, როდესაც ხვდებიან, რომ მას რაღაც იდეალისტური მიზანი აქვს, რომელიც ხელს არ უშლით, პირიქით, ხელს უწყობთ, რომ თავიანთი აშკარად მერკანტილური ინტერესი დაიკმაყოფილონ.

აქ საქმე აშკარად ინტერესთა თანხმობასთან გვაქვს. „ვაჟკაცობა – შენი, ფული – ჩვენი“ – ასეთია ვაჭრების პირობა, რომლის თანახმადაც, ავთანდილმა ვაჭრად უნდა გაასაღოს თავი და დაიცვას მათი ქონება, სანაცვლოდ კი შეუძლია, საჭურჭლიდან ნებისმიერი რამ მოითხოვოს.

ავთანდილს მათი ოქრო-ვერცხლი არაფერში არგია, მას სჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მარტივად არ „იშოვება“ და ვინაიდან ინფორმაცია იყო, არის და იქნება ყიდვა-გაყიდვის საგანი, ავთანდილისთვის შესაძლოა, მოგებიანი იყოს ურთიერთობა ვაჭრებთან, ადამიანებთან, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან ყველაფერს. როგორც ვნახეთ, ავთანდილის გათვლა სწორი აღმოჩნდა, სწორედ ვაჭართა წრიდან მიიღო ინფორმაცია, რასაც, საბოლოოდ, ნესტანის პოვნა და მისი ხსნა მოჰყვა.

ამ ყველაფრის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსთაველი მაინცდამაინც არ აფასებს ვაჭრებს, პოემის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კი სულაც „ჯაბანთ“ უწოდებს მათ, რაც „ვეფხისტყაოსნის“ იდეალების მიხედვით ამ კლასის არნახული დამცრობაა, შოთა მათ მიმართ ნაკლებად კრიტიკულია.

რუსთაველი არ აკრიტიკებს ფაქტს, რომ ვაჭართა ზედა ფენა, ე.წ. სავაჭრო არისტოკრატია, რომელიც სახელმწიფოს მართვაშია ჩართული, პრაქტიკულად ყველა სიამის უფლებას აძლევს თავს; რომ ფატმანი მსუბუქი ყოფაქცევისაა – სვამს, ცეკვავს, თამაშობს… და არა მხოლოდ არ აკრიტიკებს, არამედ „ვეფხისტყაოსანში“ წარმოდგენილი გმირთა პალიტრის ფონზე, პოემაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ ვაჭრები ასრულებენ! უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ფატმანს, რომლის გარეშეც ნესტანი ვერ გათავისუფლდებოდა, რასაც ადასტურებს კიდეც ნესტანის წერილი ფატმანისადმი, რომელშიც მას დედას უწოდებს. მოგეხსენებათ, ნესტან-დარეჯანი ის ქალი არაა, ასეთ ტერმინს ფუჭად ხარჯავდეს…

საბოლოო ჯამში, მიუხედავად ყველაფრისა, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ ორ კლასს შორის უზარმაზარი უფსკრულია. თუკი არისტოკრატიის ფორმულის მიხედვით, ყველაფერი უნდა დარიგდეს, არანაირი ვაჭრობა, არანაირი ფინანსური განვითარება არ უნდა იყოს:

„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები“,

ვაჭართა კლასი სრულიად საპირისპიროდ ფიქრობს.

და ამ განსხვავებების, შეხედულებათა შორის არსებული უფსკრულის ფონზე, რუსთაველი გვიხსნის, რომ ამ ორ კლასს ერთმანეთი სჭირდება!

ერთი სიტყვით, „ვეფხისტყაოსანში“ კარგად ჩანს განსხვავება, რომელსაც მომავალში შესანიშნავად განმარტავს ადამ სმიტი, რომ სწორედ ამ უფსკრულის გამო მოკვდება ფეოდალიზმი, რადგან ფეოდალი ვერ გაუძლებს იმ „ხუთას ნათესავს“, მის ქონებას რომ ნთქავენ. მეტიც, ადამ სმიტი იმასაც გვეტყვის, რომ ფულის ფულად დაგროვებაც სისულელეა, რადგან ფული საქმეში უნდა ჩაიდოს. არისტოკრატებმა საქმე არ იცოდნენ და კიდევ კარგი, ფულად მაინც არ დააგროვეს…

რომ შევაჯამოთ, „ვეფხისტყაოსანი“ გენიალური ნაწარმოებია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთაებრივ ენაზეა დაწერილი, არამედ იმიტომ, რომ, შუა საუკუნეების ლიტერატურისგან განსხვავებით, მასში ერთი სასწაულიც კი არ არის! ეგ კი არა, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს პოემაზე მუშაობისას „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა დროში იმოგზაურა, გაეცნო მომავალი ფილოსოფოსების, ასევე, ადამ სმიტის ნაშრომებს და ასე დაწერა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წიგნი – პოეზიის, ფილოსოფიის, პრაქტიკულად ყველაფრის, მათ შორის ეკონომიკის სახელმძღვანელოც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *