HOMO თათქარიძიუს

HOMO თათქარიძიუს

ალბათ რთულია, ქართულ ლიტერატურაში იპოვო ამავე ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟებზე, ლუარსაბ თათქარიძესა და მისი მეუღლე − კნეინა დარეჯანზე გენიალური წყვილი, წყვილი, რომელშიც, სირთულის მიუხედავად, ილია ჭავჭავაძემ შეძლო და მთელი ერი განაზოგადა.

რატომღაც ასე ხდება, რომ ლუარსაბი ხშირად სასაცილო პერსონაჟადაა მიჩნეული, რაც მაინცდამაინც სწორი შეფასება არ უნდა იყოს, რადგან ლუარსაბ თათქარიძე ტრაგედიის პერსონაჟი უფროა, ვიდრე კომედიისა, მით უფრო, რომ ის იმდროინდელი საქართველოს საშინელი პორტრეტია. რაღა შორს წავიდეთ, მინიმუმ პატარა ლუარსაბი ხომ დღემდე ყველა ქართველში ზის?!

მეტიც, არაა დასავიწყებელი, რომ ამ პერსონაჟს ავტორის თვისებათა მთელი წყება აქვს − უშვილოა, როგორც ილია ჭავჭავაძე, რასაც ნერვიულად აღიქვამს და განიცდის, როგორც ილია ჭავჭავაძე; ასევე, რამდენადაც ცნობილია, ლუარსაბისა და დარეჯანის დიალოგების ტიპის სახუმარო საუბრები ილიასა და ოლღა გურამიშვილსაც ახასიათებდათ. მსგავსების ელემენტები გარეგნობაშიც რომ გვხვდება, აბა, ამას რა დიდი მტკიცება უნდა, ილიაც ხომ „კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი“ იყო, როგორც გრიგოლ ორბელიანი უწოდებდა − „ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი“.

შესაძლოა გახსოვდეთ, რომ ილია ჭავჭავაძეს ამ მოთხრობისთვის რამდენიმე დასაწყისი ჰქონდა დაწერილი, რომელთაგან ერთ-ერთში თავად ავტორიც მონაწილეობდა პერსონაჟად, შედიოდა ამ წუმპესა და უბედურებაში, მოჰკიდებდა ლუარსაბ თათქარიძეს ხელს და გარეთ გამოჰყავდა, რათა თავადს საკუთარი თვალით ენახა მისი მოღვაწეობის შედეგები. როგორც ჩანს, მაშინ, პერსონაჟად მოვლენილ ავტორს ლუარსაბის გამოსწორების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ტექსტი სულ სხვაგვარად ჩამოყალიბდა და მოთხრობა გონიერი ანდაზით იწყება − „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.

სანამ უშუალოდ ლუარსაბ თათქარიძის ეკონომიკურ პორტრეტს განვიხილავდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ილია ჭავჭავაძემ დაწერა დამანგრეველი ძალის ნაწარმოები, რომელშიც ჩვენს საშინელ პორტრეტს გვიხატავს. ეს მოთხრობა არის სარკე, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე სერიოზულად ააღელვა საზოგადოება, განსაკუთრებით კი კახეთის თავადაზნაურობა. არც არის გასაკვირი, სიმართლე ხომ ამაღელვებელია და ილია „ისეთებს“ წერდა და ამბობდა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გააღიზიანა, რაც მისი ფიზიკური განადგურებით დასრულდა. ამ მასშტაბის ფიგურის მკვლელობის რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის მიწერა, არ მგონია, სრულად გადმოსცემდეს რეალურ სურათს, რადგან ილიას მკვლელობა იყო მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სიმართლისთვის ბრძოლას არავინ არავის აპატიებს.

რაც შეეხება თავად ლუარსაბის ეკონომიკურ პორტრეტს; კაცმა რომ თქვას, ის შეძლებული თავადი უნდა ყოფილიყო, ჰყავდა რა:

„ოცი კარგად გაკეთებული კომლი კაცი, ასე რომ ათ ურმამდინ საბეგრო ებმებოდა, ცხვარი ბლომად და ასიოდეც ცხენი, რომელიც ყმაზედ ნაკლები არ არის განათლებულ მებატონისათვის; ჰქონდა ორი მოზრდილი ვენახი და ასორმოცდაათი დღის სახნავ-სათესი. ეს ქონება, ყმებიდგან დაწყებული ცხენამდინა და მიწამდინა, იმის ხელში, ვინც გამოყენება იცის, კაი ლუკმა არის“.

მიუხედავად ამისა, ლუარსაბიც აგრძელებდა ქართული არისტოკრატიის ტრადიციას და მთელ შემოსავალს ფლანგავდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძემ არისტოკრატიული მეურნეობის ადამ სმიტისეული თეორია მაქსიმალურად დაავიწროვა და დაიყვანა კონკრეტიკამდე − ლუარსაბისა და დარეჯანის ეკონომიკური პორტრეტის მთავარი ნიშანი არის ის, რომ ისინი ფლანგავენ მხოლოდ ერთი − ჭამა-სმის მიმართულებით.

არ იფიქროთ, რომ აქ მხოლოდ კარგი ჭამა-სმის სიყვარულზეა საუბარი; ჭამა ერთადერთია, რაც ლუარსაბს გულწრფელად აღელვებს, ცოლ-ქმარს, ფაქტობრივად, ჭამის კულტი აქვს! არცაა გასაკვირი, ლუარსაბის აზრით ხომ კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო.

შესაბამისად, ამ ოჯახის მთელი ეკონომიკა დაფუძნებული იყო იმაზე, რომ საჭმელ-სასმელი არ მოჰკლებოდათ… იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც „მამულის მზრუნველობა ძალას დაატანდა“ და ტახტიდან წამომხტარი ლუარსაბი მსახურ ბიჭებს თავისებურად „დააწიოკებდა“, ძირითადად იმით ინტერესდებოდა, მისმა მოურავმა ხორცი თუ ჩამოიტანა ბაზრიდან, რა ნაჭერი იყო, სამწვადედ სუკი თუ ჰქონდა ნაშოვნი, მეზვრეს მწვანილი თუ მოეტანა, იყო თუ არა ამ მწვანილს შორის ტარხუნა, კიტრი და ა.შ. სასურველი პასუხების მიღების შემდეგ კი დაასკვნიდა, რომ „სახლი სავსე ყოფილა“.

მეტიც, ჭამა-სმის სიყვარული ძვალსა და რბილში იმდენად ჰქონდა ლუარსაბს გამჯდარი, მეუღლისთვის „ალერსის მოწყობას“ რომ მოიწადინებდა, თვალებში „სულ ზურგიელი, თართის დოში, არტალა ნივრით და სხვა ამისთანები გაეჩხირებოდა ხოლმე“ და სატრფიალო სიტყვების ნაცვლად, ამგვარი ფრაზებით მიმართავდა დარეჯანს − „შენ იცი, ჩემი რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტარხუნა, გონების, აბა რა ვთქვა? − თუნდა მარილი იყოს“.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუარსაბი, მისი მორალური თუ ეკონომიკური პორტრეტი, ყველაზე უკეთ მისსავე სიტყვებში ჩანს − „გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე“.

ბუნებრივია, რომ ქართული ლიტერატურის ამ გენიალური წყვილის მსჯელობანიც, ძირითადად, კულინარიის სფეროს ეხება.

ასე, მაგალითად, თუკი ერთ შემთხვევაში, ერთდროულად გურმანი და გურმე ლუარსაბი უტყუარ არგუმენტს მოიშველიებდა, როდესაც დარეჯანის მიერ დასახელებული ჩიხირთმის წინააღმდეგ ბოზბაშის უპირატესობას ამტკიცებდა − „შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს მოგგვრის პირში ნერწყვსა, მე კი ბოზბაში − მაძღარსაცა“, მეორე შემთხვევაში დაუჯერებელ შეცდომას დაუშვებდა, როდესაც დარეჯანის ფალავნის − ორაგულის საპირწონედ, თართს თევზების მეფედ მოიხსენიებდა.

დღეს ამ კამათში გამარჯვებულის ვინაობა აშკარაა − მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ, ყველაზე სასარგებლო თევზად თინუსია მიჩნეული, გემოვნური თვისებებით ის ბევრად ჩამორჩება მეორეადგილოსან ორაგულს, ლუარსაბის მიერ დასახელებული თართი კი ალბათ ათეულშიც ძნელად თუ მოხვდება.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კამათში ლუარსაბი მარცხისთვისაა განწირული, თავის დასაძვრენად ის ქართულ ეშმაკობას მიმართავს, რადგან მისთვის მთავარი მუდმივად გამარჯვებულის პოზიციაზე ყოფნაა და მისდა საბედნიეროდ, ჰყავს პარტნიორი, რომელთანაც ამის მიღწევა არაა რთული.

რა არის ქართული ეშმაკობა?!

ესაა ყველაზე მარტივი ეშმაკობა − ლუარსაბმა თქვა, თართი არ მითქვამს, ორაგულს ვამბობდიო! როგორი ნაცნობია, არა, ჩვენთვის ეს ვირეშმაკობა, ორღობის პოლიტიკოსობა, ზოგჯერ ასე რომ გვახასიათებს?!

ჩვენგან განსხვავებით, ლუარსაბს ეს თვისება ლამის ეკონომიკური თეორიის დონეზე აქვს აყვანილი, რასაც ვერ ვიტყვით სწავლასა და წიგნიერებაზე, რომელთანაც თათქარიძე არათუ მწყრალადაა, არამედ წიგნიერების პირდაპირი მტერია.

„წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, ეგ ხომ ქალის საქმეა“, − ამბობს ლუარსაბი, რომლის ლოგიკითაც, კაცის საქმე არის ჭამა!

ამიტომაცაა, რომ კულინარიის გარდა, პრაქტიკულად ვერაფერში ერკვევა, მაგალითად, ვერ ხვდება, რომ თუკი ჭერზე ორმოცი ბუზი დათვალა და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ორმოცდაათზე მეტნი არიან, კი არ გაფრენილან, არამედ მოფრენილან. ვერც იმას ხვდება, რა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, როდესაც მკვეხარობით ამტკიცებს, თითქოს მისნაირ უქნარა, ზარმაც და მეურნეობაში ჩაუხედავ კაცს თავის ძმაზე ოთხჯერ მეტი „ნახნავები“ ჰქონდა, რომ „მისოდენა“ მოსავალი და ღვინო კახეთში ორს, ქართლში კი ბევრს არ მოუვიდოდა.

ანგარიშზე რომ მიდგება საქმე, მას გამუდმებით ატყუებენ − ატყუებს მაჭანკალი სუტ-კნეინა, როდესაც თამასუქს გამოართმევს საქმეში, რაშიც დარეჯანის მამისაგან ფული უკვე აღებული აქვს, ატყუებს ძმა, როდესაც ათი თუმნის სანაცვლოდ უშნო ქალზე დაქორწინებაზე დაიყაბულებს, ატყუებს სიმამრი, რომელიც ორასი თუმნის ბაჯაღლო ოქროს მზითვის ნაცვლად, სიძესთან ანგარიშს მაჭანკლისთვის ლუარსაბის მიერვე მიცემული ოცი თუმნის ღირებულების თამასუქის დაბრუნებით ასწორებს…

არადა, საჭიროების შემთხვევაში, ლუარსაბმა თვლა შესანიშნავად იცის, მაგალითად, როცა ღმერთს ამუნათებს, თორმეტ-აბაზიანი ცხვარი ხომ დაგიკალ და ორი აბაზის წმინდა სანთელიც აგინთე, შვილს რად არ მაძლევო.

თქვენ წარმოიდგინეთ, უშვილობაც კი, რაც თითქოს ასე აწუხებდა წყვილს, ლუარსაბს მხოლოდ იმიტომ ჰგვრიდა სევდას, რომ უძიროდ გადაგვარების შემთხვევაში, მის ქონებას მისი საძულველი ძმა − დავითი და მისი რძალი − ელისაბედი დაეპატრონებოდნენ. ძილშიც კი ესიზმრებოდა, ლუარსაბის უშვილობის გამო დავითი სიხარულით რომ აღარ იყო და სულ იმას გაიძახოდა „ის ოხერი როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო“.

ერთი სიტყვით, ასე გადიოდა ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრება − არა იცოდნენ-რა ჭამა-სმის გარდა.

„კაცია-ადამიანი?!“, კინოპლაკატი / კინოსტუდია „ქართული ფილმი“, თ. გელაშვილი

ილია ჭავჭავაძემ მათი პორტრეტები იმდენად კარგად და დამახასიათებლად დახატა, რომ ამ ადამიანებთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობთ. სხვათა შორის, ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, დიდი ვაჟკაცობაა, რომ ასეთ მცონარა და ჭამა-სმას გადაყოლილ პერსონაჟს ქართული ლიტერატურის მთავარი სახელი დაარქვა − ნესტან-დარეჯანის, პირგამეხებული ვეფხის სახელი, რომლის სახე მარადიულად დარჩება, როგორც ქართული შენატანი მსოფლიო კულტურაში, თავად გძელაძის ქალზე დაიხარჯა…

ილიამ სათაურიც „ვეფხისტყაოსნიდან“ აიღო. ვისაც გახსოვთ, ასმათთან მისული ავთანდილი ამბობს „სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი…“ ავტორმა ავთანდი­­­ლის ამ ფრაზას კითხვა-ძახილის ნიშანი დაუსვა, რითაც მკითხველს მიმართა − არის თუ არა ლუარსაბი Homo sapiens-ი, ანუ არის თუ არა ლუარსაბი ადამიანი.

კითხვა რიტორიკული არ გეგონოთ − რა თქმა უნდა, ლუარსაბი ადამიანია.

„დღეს რა ვჭამოთ“, − იტყოდნენ დილით. „ხვალ რა ვჭამოთ“, − იტყოდნენ საღამოზედ“ − რამდენი ასეთი მსჯელობა მოგვისმენია საკუთარ ოჯახებში?! არის კი საქართველოში ერთი ოჯახი მაინც, სადაც ამ კითხვებს არ სვამენ? როგორ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს, ქართული სულიერების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ის არის, რომ ხშირად ოჯახის მთელი ეკონომიკა ერთადერთ კითხვამდეა დაყვანილი − რა ვუყოთ კუჭს? რა ვჭამოთ დღეს, ხვალ, ზეგ?

კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, მაგრამ დროის დიდ ნაწილს ხომ სწორედ ამგვარ მსჯელობებში ვატარებთ?!

ამბობენ, „კაცია-ადამიანი?!“ სატირისტული ნაწარმოებიაო… არა, მეგობრებო, სატირისტულ ნაწარმოებში ამა თუ იმ პერსონაჟს დასცინიან, ლუარსაბის დაცინვა კი როგორ შეიძლება?! ლუარსაბ თათქარიძე ხომ ჩვენ ვართ?!

თავის დროზე, დიდ ფრანგ მწერალს − გუსტავ ფლობერს სისხლი გაუშრეს, ემა ბოვარის პროტოტიპი ნამდვილად არსებობდა, შენ კი უბრალოდ მისი ცხოვრება აღწერეო. წარმოგიდგენიათ, ასე უბრალოდ უბაიბურებდნენ ამოდენა რომანს, მსოფლიო ლიტერატურის შედევრს. და როცა ბოლოს და ბოლოს გუსტავ ფლობერმა იფეთქა, მან თქვა − „მადამ ბოვარი ვარ მე!“

ასე და ამგვარად, არც ილია ჭავჭავაძეს გაუჭირდებოდა ეთქვა − „ლუარსაბ თათქარიძე ვარ მე!“

საქმეც ესაა, ვინმე ლუარსაბისთვის რომ დაეცინა ილიას და ამ პერსონაჟის პორტრეტში გული და სიყვარული არ ჩაედო, ჩვენც ასე მსუბუქად აღვიქვამდით მოთხრობას, მაგრამ რეალობა ხომ სხვაა?! ლუარსაბ თათქარიძის სახე ხომ ჩვენი, ქართველი ხალხის პორტრეტია, იმ ეპოქის ქართველებისა, რომელთაც არ უნდოდათ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლა და კამათი, არამედ სურდათ, მშვიდად მსხდარიყვნენ და ეჭამათ მაწონი, ამაში კი მუდმივად უშლიდნენ ხელს…

ესაა ილია ჭავჭავაძის საყვედური − „ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება“.

ეს საყვედური, ყველაფერთან ერთად, ჩვენს ეკონომიკურ წარმოდგენებსაც ეხება. და რა არის ჩვენი ეკონომიკური წარმოდგენა? უპირველეს ყოვლისა ის, რომ მე მჭირდება ფული საჭმლისთვის.

სამწუხაროდ, ასეა…

ამიტომაც, ილია ჭავჭავაძემ შემთხვევით სულაც არ ჩაავლო ხელი ამ ნერვს. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ როდესაც გაჭირვებული მდგომარეობის აღწერა გვინდა, ფრაზა, რომელსაც ამ ვითარების გადმოსაცემად ვიყენებთ, უშუალოდ ჭამასთან და საჭმლის ფულის არქონასთან არის დაკავშირებული.

„კაცია-ადამიანის?!“ მიხედვით, ჩვენი არსებობის მთავარი მეტაფორა − ჭამაა. აქ კი უნდა გავიხსენოთ ერთი შოტლანდიელი რელიგიური პირის, უილიამ ბარკლის, ცნობილი ფრაზა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ორი დაბადების დღეა − დღე, როდესაც დაიბადა და დღე, როდესაც მიხვდა, რისთვის დაიბადა.

ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას, ილია ჭავჭავაძის პერსონაჟი მხოლოდ ერთ პასუხს ფლობს და ეს მიაჩნია მთავარ ფილოსოფიურ პასუხადაც − ადამიანი დაიბადა ერთხელ, რადგან წინასწარაა ცნობილი, დაიბადა იმისთვის, რომ ჭამოს!

ლუარსაბის ტიპის ადამიანების ცხოვრების მთავარი მეტაფორა არის ჭამა, არ ჭამს იმისთვის, რომ იცოცხლოს, არამედ ცოცხლობს იმისთვის, რომ ჭამოს. ოღონდ ჭამა აქ ობიექტი არ არის, ჭამა სუბიექტია!

ერთხელ ჩვენმა დიდმა ფილოსოფოსმა − მერაბ მამარდაშვილმა, რომელსაც ფრანგებმა ქართველი სოკრატე უწოდეს, თქვა: ადამიანი არ არის აღზრდის ობიექტი, ადამიანი განვითარების სუბიექტია. ანუ, ადამიანს ვერ აღზრდი, მორალს ვერ ასწავლი. სამწუხაროდ, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანიც?!“ ასეთი მორალის ნაწარმოებია, რომელიც ამბობს, რომ ლუარსაბს არაფერი ეშველება, არ არსებობს გამოსავალი მაშინ, როდესაც ადამიანის გონებაში თავიდანვე მხოლოდ ისაა ჩადებული, რომ ცხოვრება − ჭამაა და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. გვინდა ეს თუ არა, ესეც ჩვენი აზროვნების არქეტიპია.

„კაცია-ადამიანი?!“, ქართული პროზის მარგალიტი, აღქმის თვალსაზრისით უმძიმესი ტექსტია, რადგან არ გვინდა, ასეთები ვიყოთ, არ გვინდა, ასეთი იყოს ჩვენი ეკონომიკური პორტრეტი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიყვარს ლუარსაბი და დარეჯანი და, რა თქმა უნდა, ისინი უყვარდა ილია ჭავჭავაძესაც, აკი ლუარსაბს საკუთარი თვისებებიც აჩუქა და თან არავის დააჩაგვრინა − ლუარსაბი ნახევარმა ლიტრმა კალმახმა, ანუ ჭამამ მოკლა. და ესეც ილია ჭავჭავაძის დიდი ოსტატობაა, რომ ლუარსაბი იმსხვერპლა თევზმა იმ ოჯახიდან, რომელზეც დარეჯანთან კამათის დროს ამბობდა, თართი ჯობიაო…

ლუარსაბი მოკლა ჭამამ და ეს არ არის უბრალო სიკვდილი, ეს არის დიაგნოზი, თუ რა გველოდება ჩვენ, თუკი სულიერებაზე მაღლა მატერიალიზმს დავაყენებთ. ლუარსაბ თათქარიძემ თქვა, რომ მთავარი არის მატერია, რაც მარქსიზმის ერთ-ერთ მთავარ იდეათაგანია − ყველაფერი ეყრდნობა მატერიას, ხოლო სულიერება მხოლოდ ზედნაშენია. Primum edere, deinde philosophari − „ჯერ ჭამა, მერე სულიერება“. ილია ჭავჭავაძე ამ ტექსტს წერდა სწორედ მაშინ, როდესაც ლამის მთელი საქართველო მარქსისტად იქცა, თავად ილია კი ჩამორჩენილად გამოაცხადეს.

მძიმეა ილია ჭავჭავაძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც ჩვენ, „ვეფხისტყაოსნის“ პატრონი ხალხი, ვისაც ბედნიერებისთვის გვყავდა რუსთაველი და ბარათაშვილი, წმინდა სიყვარულის მომღერლები, ვიქეცით მატერიალური სიკეთეების ხალხად, სულიერებას ვარჩიეთ და წინ წამოვწიეთ კარგი ჭედილა…

ილიამ თქვა − ეს უნაყოფოა, ეს გზა ვერ მოგვიტანს ბედნიერებას და ამიტომაცაა, ლუარსაბს და დარეჯანს შვილი რომ არ ეღირსათ.

ერის მამისგან ამ მოთხრობით უმძიმესი ბრალდება მივიღეთ და ამაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, რადგან არც მე ვარ შორს ლუარსაბისგან − მთელი ცხოვრების განმავლობაში ფორმაც მისი მქონდა და შინაარსიც და, თანამემამულეების მსგავსად, კულინარიაზე მეც დაუსრულებლად მილაპარაკია.