ქვრივის ეკონომიკა

ქვრივის ეკონომიკა

ოთარაანთ ქვრივის, ამ შესანიშნავი ლიტერატურული სახის ეკონომიკური პორტრეტის დასახატად საუბარი შორიდან უნდა დავიწყოთ.

„ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია… ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიან“.

საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროს, როდესაც ილია ჭავჭავაძე ამ ნაწარმოებს წერს, ფილოსოფიაში პოპულარობის პიკზეა ჰეგელის გზა – კერძოდ, მარქსი და მისი მოძღვრება. მიიჩნევა, რომ მარქსმა აღმოაჩინა უდიდესი საიდუმლო, თითქოს კაცობრიობის ისტორია კლასთა ბრძოლის ისტორიაა, გლეხი და თავადი სხვადასხვა კლასია, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო, პროლეტარიატს არ გააჩნია სამშობლო, ის არ შეიძლება იყოს პატრიოტი და ა.შ.

ამ პერიოდში, საქართველოში, გვაქვს ვითარება, რომ მარქსის მოძღვრებას იზიარებს თითქმის ყველა: გლეხი, ინტელექტუალი, განათლებული, გაუნათლებელი, პოეტი და ა.შ.

მაგრამ მარქსისტი არ არის ილია ჭავჭავაძე!

ილია ჭავჭავაძე არ ეთანხმება მარქსს!

დღეს ამ თემაზე საუბარი მარტივია, რადგან კომუნისტური პარტიის მანიფესტის ავტორი მთელ მსოფლიოში კარგავს თავის პოზიციებს და მიუხედავად იმისა, რომ მარქსიზმს დღემდე ჰყავს ადეპტები, აღარ არსებობს პარადიგმა – მარქსისტი თუ არ ხარ, ე.ი. ჩამორჩენილი ხარ…

როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს დღეს, საქართველოს ისტორიას ახსოვს პერიოდი, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას თავი პროგრესულად მოაზროვნედ მიაჩნდა, რადგან მარქსიზმის იდეებს იზიარებდა, ხოლო ჩამორჩენილ კაცს ერქვა ილია ჭავჭავაძე… ვერ გეტყვით, როგორი ფსიქოლოგიური, ან ფსიქიატრიული პორტრეტია ეს იმდროინდელი ქართული საზოგადოებისა, მაგრამ ფაქტია, ჩვენს ისტორიაში ასეთი სამარცხვინო მომენტი ნამდვილად იყო.

ფაქტია ისიც, რომ მარქსი დიდხანს ბობოქრობდა თავისი მარქსიზმით – მისი თეორია ორმა მსოფლიო ომმაც კი ვერ მოსპო, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მსოფლიო ომმა დაადასტურა, მარქსი არ იყო მართალი, როდესაც ამბობდა, თითქოს პროლეტარიატს არა აქვს სამშობლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროლეტარიატი არ იომებდა სამშობლოს სახელით. ბუნებრივია, I მსოფლიო ომში გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ პროლეტარიატს წარმოადგენდა.

ამ აცდენის შემდეგ მარქსისტთა ნაწილი მიხვდა, რომ მარქსი ამ მხრივ შეცდა, მაგრამ მაინც მიაჩნდათ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მარქსიზმს ალტერნატივა არ ჰქონდა და როგორც კი საწარმოო იარაღები მუშათა კლასის ხელში აღმოჩნდებოდა, საოცარი ახალი სამყარო დაიბადებოდა.

და აი, საბჭოთა კავშირში მუშებმა ხელში ჩაიგდეს არა მხოლოდ საწარმოო იარაღები, არამედ ყველაფერი, გლეხები გამოაცხადეს უმნიშვნელო კლასად, დანარჩენებზე თქვეს, რომ კლასიც კი არ არის, ფენააო და შეუდგნენ მარქსის მოძღვრების თანახმად ცხოვრებას, თუმცა საყოველთაო ბედნიერებისა რა მოგახსენოთ…

საბოლოო ჯამში, რუსული პერესტროიკის შემდეგ, მარქსიზმი, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაინგრა, მაგრამ საქართველოში, ილია ჭავჭავაძე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მარქსიზმი ცდება, რადგან გლეხსა და თავადს, ანუ განსხვავებულ კლასებს, შესაძლოა საერთო ინტერესი ჰქონდეთ, მაინც არ დაბრუნდა თავის პიედესტალზე.

ამიტომ ვფიქრობ, დროა, ილიას შემოქმედებას ამ რაკურსითაც შევხედოთ – ილიას ტექსტები, მათ შორის „ოთარაანთ ქვრივი“, თავის დროზე ჩამორჩენილ ნაწარმოებებად რომ მიიჩნიეს, რეალურად, გამარჯვებული ტექსტებია!

მართალია, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ილიას პროზაში, მხატვრული ამოცანების საზიანოდ, ხშირად თეორიული დებულებებია წინ წამოწეული, მაგრამ ასეა თუ ისე, „ოთარაანთ ქვრივი“ შესანიშნავად დაწერილი ნაწარმოებია. მოთხრობის მთავარი მოქმედი გმირი ქვრივი ქალია, რომელსაც ეკონომიკასთან დაკავშირებით საინტერესო შეხედულებები აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ ოთარაანთ ქვრივი ახალგაზრდა ქალი იყო, როდესაც დაქვრივდა და, ერთი წლის შვილთან ერთად, მარტო დარჩა. მართალია, ქმრისგან, მემკვიდრეობით, გლეხის კვალობაზე, გვარიანი ქონება დარჩა, თუმცა თავადაც „სარჩო-საბადებელს თუ არ მოუმატა, არა დააკლო რა“.

ოთარაანთ ქვრივის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისება შრომისმოყვარეობაა, რაც, დიდწილად, განსაზღვრავს კიდეც მისი ეკონომიკური პორტრეტის ფერთა პალიტრას – „მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს ოჯახში. იმისი ხელი და ფეხი დილიდამ საღამომდე არ დადგებაო“. პარალელურად ეს ქალი ვერაფრით ეგუება მცონარობას და ადამიანებს, ვისაც ლუკმაპურის საშოვნელად ხელის განძრევა ეზარება – „ვაი იმას, ვისაც უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად მოსთხრიდა“.

„ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისათვის, გარს შემორტყმულია ტყრუშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის-კარამდე სიგრძე-სიგანეზედ მწვანით აბიბინებული. კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა“.

ქვრივის კარ-მიდამოს აღწერა განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს აღმოსავლეთი საქართველოა, მკითხველმა კი კარგად იცის, რომ თავად ილიას ლიხსაქეთა სოფლებში მცხოვრებთა კარ-მიდამო არაერთხელ გაუტარებია კრიტიკის ქარცეცხლში. ოთარაანთ ქვრივის ეზო-კარი მან სხვაგვარად წარმოაჩინა: ეს არ არის ლუარსაბ თათქარიძის „სასახლე“, რომლის დანახვა თვალს არ უხარია, ეს უზომოდ მშრომელი და მოწესრიგებული ქალის უძრავი ქონებაა!

„ამ სახლს მარჯვნივ წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა. სახლის უკან კალო-საბძელია და საბძელ-ქვეშ გომური. სახლის მარცხნივ პატარა ადგილია შემოღობილი და შიგ ბოსტანია. აქ მოჰყავს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს ყოველივე ბოსტნეულობა, რაც კი დასჭირდება საზაფხულოდ, თუ საზამთროდ. თავისის ხელით ჰბარავს, სთოხნის, ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს ხოლმე“.

„ოთარაანთ ქვრივი“ / ფილმის პოსტერი / 1958 წ.

როგორც ვხედავთ, ოთარაანთ ქვრივს ყველაფერი საკუთარი აქვს – სათავსო იქნება, საწარმო თუ ბოსტანი. მაგრამ მას არ ჰყავს მუშახელი…

აქ ერთ საგულისხმო გარემოებაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება – ვისაც ეკონომიკაზე ზერელე წარმოდგენა მაინც აქვს, იცის, რომ ეკონომიკაზე საუბარი, როგორც წესი, შრომისა და შრომის განაწილების მნიშვნელობის აღწერით იწყება.

ვისაც წაუკითხავს შესანიშნავი ნაშრომი ადამ სმიტისა „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, მას ემახსოვრება, რომ ქინძისთავის წარმოების მაგალითზე, ადამ სმიტმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად იზრდება პროდუქტიულობა შრომის განაწილების შემთხვევაში. ანუ, თუკი ათი კაცი დამოუკიდებლად მუშაობის შედეგად მხოლოდ ათ ქინძისთავს დაამზადებს, ერთად მუშაობის და შრომის განაწილების შემთხვევაში, ათი კაცი ათასობით ქინძისთავის დამზადებას შეძლებს.

ადამ სმიტი ამბობს, რომ შრომის განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ეკონომიკურ აზროვნებაში. მაგრამ, ვინაიდან ოთარაანთ ქვრივს არ ჰყავს ხალხი, ვისაც დაასაქმებს, ამიტომაც თავად ასრულებს ყველა სამუშაოს. ადამ სმიტის მიხედვით, ეს არ არის სწორი მეურნეობა, მაგრამ ქვრივს სხვა საშუალება არა აქვს.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ქვრივს იმდენად უყვარდა საქმე, საშუალება რომც ჰქონოდა, საეჭვოა, მეურნეობის გაძღოლის უფლება სხვისთვის დაეთმო.

ოთარაანთ ქვრივის საქმიანობა და მის მიერვე სხვადასხვა საქმისთვის დაქირავებული მუშახელის როლის შესრულება საოცრად ჰგავს თეატრის დაბადებას. მოგეხსენებათ, თავდაპირველად, ბერძნულ თეატრში, ერთი მსახიობი ასრულებდა მრავალ როლს, რისთვისაც ნიღბებს იყენებდა. მაგალითად, ის მოირგებდა აგამემნონის ნიღაბს და ისაუბრებდა როგორც აგამემნონი, შემდეგ კი, აქილევსის ნიღაბს ამოფარებული, ბერძენთა მთავარი გმირის ტექსტს კითხულობდა. ამ გმირებს შორის კამათის შემდეგ, უკვე მესამე ნიღაბს ამოფარებული მსახიობი იტყოდა, თუ ვის მხარეს იყო სიმართლე. ამ ყველაფრის უკან კი მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა – მსახიობი, რომელიც მრავალ როლს ასრულებდა.

„თუმცა სოფლელნი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ.

– თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, – ამბობდა ხოლმე. – მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!..“

აშკარაა, რომ ოთარაანთ ქვრივი არ მიეკუთვნება იმდროინდელ ტრადიციულ ქართველ ქალთა რიცხვს, რომელთა უმრავლესობისთვის ქვრივობა – სიკვდილს ნიშნავს. ოთარაანთ ქვრივი არ აპირებს სიკვდილს, რადგან მას დამოუკიდებელი აზროვნებისა და საქმიანობის უნარი აქვს!

არადა, მარქსიზმის თანახმად, ოთარაანთ ქვრივი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მით უფრო, არანაირი მეურნეობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო იარაღები ჩაიგდო ხელში, არც კლასი და არც სქესი აქვს „შესაბამისი“.

ადამ სმიტის თეორიის შესახებ ოთარაანთ ქვრივმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცის, მაგრამ იცის ილია ჭავჭავაძემ! ამიტომაც, თუკი ოთარაანთ ქვრივი შრომას არ ანაწილებს, ის სტიქიურად ხვდება, რომ შრომის რესურსი მაინც უნდა გაანაწილოს. შრომის რესურსს ქვრივი ხუთ ქისაში ანაწილებს, რაც პერსონაჟის ეკონომიკური პორტრეტის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია.

შესაძლოა, მკითხველმა იფიქროს, რა მნიშვნელობა აქვს, ხუთი ქისა ექნება თუ ერთი, რომელიმეს თუ დააკლდა, ხომ შეიძლება სხვა ქისიდან დაამატოს?!

საქმეც ესაა, რომ არ შეიძლება! არ უნდა დაამატოს! ანუ ინვესტიცია, ყველა მიმართულებით, სწორად უნდა დაიგეგმოს!

ახლა კი რაც შეეხება ნაჭრებისაგან შეკერილ ხუთ ჭრელ ქისას; ოთარაანთ ქვრივის ძირითადი შემოსავალი პურითა და ღვინით ვაჭრობა იყო. როგორც კი გაყიდდა პროდუქტს, მიღებულ თანხას ხუთ ნაწილად ჰყოფდა და „ხუთ რიგად“ ინახავდა:

„საჭირნახულო“ ქისაში ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერის სამკალად, მოსაზიდად და სალეწად; „ბარაქალა ქისაში“ – სახარჯოს ვენახისათვის.

გასაგებია, რომ რადგან ორი პროდუქტით ვაჭრობდა, პირველ და მეორე ქისაში, ანუ მთავარ ქისებში, სწორედ ამ საქმიანობისთვის იყო თანხა გათვალისწინებული. პირველი ქისა მეორეს აღემატება, მთავარი ქისაა როგორც მნიშვნელობით, ისე მოცულობით.

მესამე ქისას „საჯანაბო“ ერქვა და მასში ოთარაანთ ქვრივი „ჯანაბას“ ინახავდა, ანუ ფოსტის ქირას, საბეგროს, ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც შესაძლოა სახელმწიფოს მისგან მოეთხოვა – „თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა“.

„მიეცი და მოგეცესო“ – მეოთხე ქისაში მოჯამაგირის „საჯამაგირო“ ფული იყრიდა თავს; მოგეხსენებათ, ოთარაანთ ქვრივი არ იყო ინდივიდუალური მეწარმე, ის იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც შემოსავლის მისაღებად სამუშაოთა წარმოებისთვის მუშახელი ჰყავდა დაქირავებული.

ამ ქისასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რომაული პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ოთხი ფუძემდებლური პრინციპი, რომლებიც გამოიხატებოდა ორი ზმნით: „Do“ – გაძლევ და „Facio“ – ვაკეთებ.

რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ამ ოთხ ფორმულას ვერსად გავექცევით:

Do ut des – „გაძლევ, რომ მომცე“, მოჯამაგირეს ვაძლევ ხელფასს, რომ მან მომცეს პროდუქტი;

Do ut facias – „გაძლევ, რომ გააკეთო“, მოჯამაგირეს ვაძლევ ხელფასს, რომ მან გააკეთოს კიბე, აიყვანოს სართული და ა.შ. ვქირაობ პიროვნებას და ვაძლევ გასამრჯელოს, რომ რაღაც გააკეთოს;

Facio ut des – „ვაკეთებ, რომ მომცე“, ვამზადებ მოსწავლეებს, რომ გადამიხადონ ჰონორარი;

Facio ut facias – „ვაკეთებ, რომ გამიკეთო“, რაღაცას ვაკეთებ იმისთვის, რომ ამის სანაცვლოდ შენც გამიკეთო რაღაც.

ასე რომ, ოთარაანთ ქვრივის ხუთი ქისიდან – ოთხი ძალიან ახლოსაა ამ ფორმულებთან.

რაც შეეხება მეხუთე ქისას, რომელსაც ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან კი „შიოს მარანს“ – ამ ქისაში ქვრივი საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხ ფულს ინახავდა, ანუ თანხას, რაც პირველ ოთხ ქისაში რესურსის გადანაწილების შემდეგ მორჩებოდა – „მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა“.

„ოთარაანთ ქვრივი“ / ჰენრიკ ჰრინევსკი / 1887 წ.

ზოგადად, ოთარაანთ ქვრივის მეხუთე ქისა ის ქისაა, რომელიც მოსახლეობის იმ ნაწილს აქვს, ვინც საქმიანობას არ ეწევა, ანუ კაცობრიობის უმეტესობას მხოლოდ მეხუთე ქისა აქვს. საგულისხმოა, რომ ქვრივი სახარჯოდ მარტო იმას დახარჯავს, რაც ამ ქისაშია, რადგან მისმა ეკონომიკამ არ იცის კრედიტი!

ოთარაანთ ქვრივის ეკონომიკა თანამედროვე ეკონომიკასთან ახლოსაც არაა, რადგან, ბუნებრივია, არ იცნობს ორ მთავარ კომპონენტს – ბანკს და კრედიტს. შესაბამისად, ქვრივი მხოლოდ საკუთარი ფინანსების ამარაა, ამიტომაც სერიოზულ მეურნეობას ის ვერასდროს განავითარებს.

ამ ყველაფრის ფონზე კი ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას – მიუხედავად იმისა, რომ ოთარაანთ ქვრივს და მის შვილს გლეხების კვალობაზე გვარიანი მეურნეობა აქვთ, გიორგი მაინც მოკვდება, ოთარაანთ ქვრივი კი ფაქტობრივად დაიღუპება და ეს ყველაფერი გადაჰყვება მოცემულობას, რომ თურმე კლასებს შორის სიყვარული არ დაიბადება – ილია ჭავჭავაძემ გვიჩვენა ტრაგედია შეყვარებული კაცისა ერთი კლასიდან, რომლის სიყვარული მიემართება ქალს მეორე კლასიდან. შეყვარებული კაცი პოვებს თანადგომას ადამიანურ და კლასობრივ საკითხებში, მაგრამ არა სიყვარულში!

ამგვარ ვითარებაში, ილია ჭავჭავაძის საერთო ნიადაგის თეორია, ბუნებრივია, მოიკოჭლებს, რადგან ამ ნაწარმოებში ავტორს ეს თეორია არ აღუწერია. საერთო ნიადაგის თეორია რეალიზდებოდა იმ შემთხვევაში, კესოსაც რომ შეჰყვარებოდა გიორგი, რადგან სიყვარული კლასობრივ მოცემულობას, რამენაირად, დაძლევდა. ეს ამბავი მარქსმაც მშვენივრად იცოდა, რადგან პირადად მისი სიყვარული მოერია არა მხოლოდ კლასობრივ დაპირისპირებას, არამედ ფაშიზმს, რომელიც გერმანიაში მალე დაიბადება.

არადა, ჩვენ ხომ ქრისტიანული საზოგადოება ვართ, რომლისთვისაც უცხოა მეზალიანსის პრობლემა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტიკური მითოლოგიიდან წამოსული ხალხი ვართ და მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, რამდენი მოკვდავი ქალი უყვარდა ზევსს და რამდენი შვილი შეეძინა სწორედ მოკვდავებისგან?! იმის თქმა მინდა, რომ მეზალიანსი, კლასებს შორის შერევა, ღმერთებსა და ადამიანებს შორის კავშირი იყო არის და იქნება ტრადიცია, რადგან სიყვარული ამ ყველაფერზე მაღლა დგას.

მაგრამ! კესომ შეყვარებული გიორგი დაინახა როგორც ადამიანი და არა როგორც მეტრფე! რატომ? იმიტომ, რომ იქ წითელი ხაზი გადის! და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დახატულია როგორც ქრისტე, ყველანაირად მოსაწონი კაცი, როდესაც ფიქრობ, რომ „იქით“ გახედვა არ შეიძლება, ვერც სიყვარულს დაინახავ…

რომ შევაჯამოთ, საერთო ნიადაგის თეორიისადმი ავტორის პოზიციის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ყველას ყველა შეიძლება შეუყვარდეს და მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ორი კლასი არ არის დაპირისპირებული, „ოთარაანთ ქვრივში“, სიყვარულის შეუძლებლობის გამო მათ შორის ხიდი მაინც ჩატეხილია და ის ვერაფრით აღდგება, თუკი ნათლად იცი, რომ სიყვარული კლასობრივ დაპირისპირებას ვერ მოერევა.

თუმცა ილიას ჯიუტად სწამდა, რომ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შესაძლებელი იყო, ამ საქმეში კი პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოველისა, განათლებულ თავადაზნაურობას აკისრებდა, სწორედ მათ უნდა წაეკითხათ იმგვარი წიგნები, როგორსაც საზოგადოება გიორგის სახით სთავაზობდა.

P.S. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგის სიკვდილი არა მხოლოდ გიორგის, არამედ ოთარაანთ ქვრივის დაღუპვაცაა, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეკონომიკური პროფილის მქონე პერსონაჟისა.