რიცხვების კაცი

რიცხვების კაცი

1925 წელს, საქართველოს გასაბჭოებიდან ოთხი წლის შემდეგ, როდესაც „კვაჭი კვაჭანტირაძის თავგადასავალი“ წიგნად დაიბეჭდა, მიხეილ ჯავახიშვილი ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ თითქმის საუკუნის შემდეგ რომანის ინგლისურენოვანი თარგმანი The Guardian-ის ზაფხულში საკითხავ საუკეთესო წიგნებს შორის მოხვდებოდა.

„კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“ პიკარესკული რომანების ჟანრს განეკუთვნება და შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებისგან და გერმანელებისგან განსხვავებით, რომლებიც ვოლტერის ნამუშევრებით და თომას მანის შედევრით – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარებით“ იწონებენ თავს, ქართველებს ჯავახიშვილის რომანის დონის სხვა პიკარესკული რომანი ჯერჯერობით არ დაგვიწერია, რაც, ყველაფერთან ერთად, ჟანრის სირთულიდანაც გამომდინარეობს. და რატომ არის ეს ჟანრი რთული? რთულია იმიტომ, რომ საჭიროა კვაჭი კვაჭანტირაძის ტიპაჟის გამოგონება, მით უმეტეს, რომ იმის მიხედვით, თუ სად დგას კვაჭის, დონ ჟუანის, ზოგადად, პიკარესკული რომანის პროტაგონისტი, ის ან ძალიან ახლოსაა მკითხველთან, ან პირიქით.

რაც შეეხება უშუალოდ „კვაჭი კვაჭანტირაძეს და მის თავგადასავალს“, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის პირველი რომანია: თავდაპირველად მწერალს კვაჭის თემაზე მოთხრობათა ციკლის დაწერა ჰქონდა ჩაფიქრებული და აქვეყნებდა კიდეც პერიოდიკაში. თუმცა შემდგომ ცალკეული ეპიზოდები საერთო სიუჟეტად გააერთიანა და რომანის სახით გამოსცა. ამ შემთხვევაში ლიტერატურულ ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რომანი ერთიანობით იგებს, მოთხრობების შემთხვევაში კი, თუნდაც მთავარი პერსონაჟი არ იცვლებოდეს, ყველა მოთხრობა „თავისკენ“ წაიყვანდა სიუჟეტს.

მიხეილ ჯავახიშვილმა კვაჭი კვაჭანტირაძის სახით შექმნა ხატი გაიძვერა, ფლიდი, თაღლითი ადამიანისა, რომელსაც პირადი კეთილდღეობისთვის ყველასა და ყველაფრის გაყიდვა შეუძლია, თანაც, სინდისის ქენჯნის გარეშე. ესაა შემოქმედებითი კაცი, მაქინაციებისა და „გაიმასქნების“ დიდოსტატი, რომლის ფანტაზიასაც საზღვარი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წაგლეჯას, მითვისებას, ძარცვას, კარიერის მოწყობას, ქალების მოტყუებას და ალფონსობას ეხება – „ცხოვრება ბრძოლაა. რასაც წაჰგლეჯ – შენია, რაც არა – დაკარგულია“, – ასე არიგებდა კვაჭი თავის ამხანაგებს.

მიხეილ ჯავახიშვილი / „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რომანის გარეკანი, „საბჭოთა კავკასიონი“, 1925 წ.

ამ რომანში შესანიშნავადაა აღწერილი ქართული მარიფათი, საქმის „გაიმასქნების“ ნიჭი, ზოგადად საქმე, საქმოსნობა, საქმის დატრიალება. კვაჭი გადაწყვეტილებას იღებს სწრაფად და იოლად, არ იბნევა არცერთ სიტუაციაში. პრაქტიკულად არ დარჩენილა სარფიანი საქმე, კვაჭის რომ არ „გაეიმასქნებინოს“.

კვაჭი კვაჭანტირაძე მოვლენაა, ფენომენია! კაცმა რომ თქვას, ის ადამიანიც არ არის, კვაჭი ცოცხალი იდეაა ადამიანის შესაძლებლობებისა.

კვაჭს არა აქვს ოცნება! კვაჭს არა აქვს იდეოლოგია! „კვაჭის რამდენიმე ფეხი აქვს: ერთი სოციალში უდგას, მეორე – მთავრობაში, მესამე – ვაჭრობაში, მეოთხე – ეშმაკებში, მეხუთე – დედაკაცებში. ან ერთნი გაიტანენ ან მეორენი…“

კვაჭი თავისუფალი ადამიანია, აბსოლუტურად თავისუფალი ყოველგვარი იდეოლოგიური მარწუხებისგან, სამაგიეროდ აქვს იდეა – მოატყუე, წაართვი, ჯიბეში ჩაიდე!

ამ რომანში მკითხველის თვალწინ ჩაივლის კვაჭის მთელი ცხოვრება, მისი მზაკვრობა, აფერების მთელი კასკადი, მხოლოდ და მხოლოდ მასშტაბებისა და ასპარეზის განსხვავებით – სამტრედიით და ქუთაისის ვიწრო ქუჩებით დაწყებული – მსოფლიო მეგაპოლისებით გაგრძელებული.

და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არასდროს აკლდა კვაჭები, მიხეილ ჯავახიშვილმა, ყველაზე რეალისტმა ქართველმა მწერალმა, პირველ გამოცემას ასეთი ეპიგრაფი წარუმძღვარა – „ვბედავ და ამ წიგნს წრფელი გულით მივუძღვნი ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა კვაჭის და კვაჭიკოს, რომელნიც ჩემს კურთხეულ სამშობლოში ყოველთვის უხვად მოიპოვებოდნენ“.

რამდენიმე წლის შემდეგ კი უბის წიგნაკში ჩაწერა:

„მეუბნებიან, ჩვენ კვაჭები აღარა გვყავსო. ეს მართალია, რადგან უდაბნოში კვაჭს რა უნდა! სამაგიეროდ თუმნიანი კვაჭიკო ათიათასობით მოიპოვება. დიდი კვაჭები კი სულ სხვა ბანაკში უნდა ვეძებოთ (პოლიტკვაჭები)“.

„პირველი აპრილი – დღე ცბიერი, ყალბი და მზაკვარი“ – ბუნებრივია, რომ კვაჭი კვაჭანტირაძე ასეთ დღესაა დაბადებული და არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ სამტრედიაში დაიბადა, საკვანძო ქალაქში, საიდანაც სარკინიგზო გზა სამხრეთით – ბათუმისკენ მიდის, ჩრდილოეთით – სოხუმისკენ, აღმოსავლეთით – თბილისისკენ, დასავლეთით კი ფოთისკენ.

„ბოვშის ესეთი ტირილი ჯერეთ არ გამიგია. სულ „მე-მეს“ იძახის. ეტყობა, სხვას აფერს შეარჩენს და ქვეყანას დეიჩემებს“ – ასეთი იყო კვაჭის მამის, სილიბისტროს წინასწარმეტყველური სიტყვები ახალშობილის შესახებ, რომლის დაბადებასაც არაერთი საკრალური მოვლენა ახლდა თან.

მაგალითად, კვაჭი რომ დაიბადა, მეხი გავარდა და კვაჭანტირაძეების ბაღში მდგარი ალვის ხე შუაზე გახლიჩა, ამოვარდნილმა გრიგალმა კვაჭანტირაძეების „სასტუმროს“ დიდი მეტოქის – ჟორდანიას დუქანი დაანგრია და მიფანტ-მოფანტა, მომხდარის საკუთარი თვალით სანახავად მიმავალმა სილიბისტრომ კი გზაში ვერცხლის მანეთიანი იპოვა.

ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი! ბავშვის ბებიამ კვაჭიკოს ხელისგული ძლივს რომ გაუშალა, მაშინ ითქვა კიდევ ერთი წინასწარმეტყველური სიტყვა – „მჯიღი რომ ისთე ჰქონდა მოჭერილი, რომე ძლივს გავუშალეთ, ეს იმის ნიშანია, რომე რაც კვაჭიკოს ხელში ჩოუვარდება, მისი წართმევა კაცს არ შოუძლია“.

ექვსიოდე წლისა რომ იყო, ვაჭრობის საქმეში ენა უკვე კარგად ჰქონდა ადგმული – მამა ან ოჯახის წევრები კვაჭანტირაძეების „სასტუმროსთვის“ პროდუქტს რომ ყიდულობდნენ, მორიგების დროს უეჭველად უნდა ჩაერთო რამდენიმე სიტყვა: „ალ ვალგა… ძვილია… დილას ოლ შაულათ გვაძლიენ…“, „სასტუმროში“ მისულ მუშტარს კი თავაზიანად, ღიმილით უხვდებოდა: „გამალჯვება, ბიძიავ… კვაჭი მქვია… ექვსი წლისა გახლავალ… სილიბისტროს შვილი ვალ… ყოლიფელი გახლავთ: ხილი, კუპატი, სულუგუნი, ხალჩო, კვერცხი და ისეთი სვილის ღვინოც, რომე კახურს ზედაც არ შეხედავს. და ბრძანების გადასაცემად მირბოდა, თან ჰყვიროდა: ჩქალა! მოალთვი ლაც კალგია! აალაგე! გაწმინდე! გალეცხე! აბა, დატლიალდი!“

თუმცა, თუკი ბავშვობაში მხოლოდ სამტრედია და ოჯახის პატარა „სასტუმრო“ ჰქონდა ასპარეზად, ყველაფერი გვარიანად შეიცვალა, როდესაც ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს სასწავლებლად.

ქუთაისში გაშალა ჭაბუკობაში შებიჯებულმა და მოხდენილმა ახალგაზრდა კვაჭიმ ფრთები და მამისაგან დარიგებულ წარმატების უტყუარ გზას დაადგა – „ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან – დინჯი, ხუმარასთან – ხუმარა, დარდიანთან – დარდიანი, მხიარულთან – მხიარული, ძლიერთან – მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მოღიმარი; მაგრამ თუ საჭირო იყო, მას შეეძლო უხეშთან და ჭირვეულთან – თავმდაბალი და მოქნილი ყოფილიყო, სუსტთან – კადნიერი, თავხედი, ჟინიანი. პირდაპირთან – ორგული, ფლიდი და ორპირი. ორგულთან – ათგული და ათპირი. მუხასთან – ლერწამი, ლერწამთან – მუხა. რკინასთან – ბამბა და ბამბასთან – რკინა.

სადაც პირდაპირი გზა დაკეტილი იყო და სხვა ვინმე უკან იხევდა, იქ კვაჭი ხუთიოდე მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს იპოვნიდა. უკარო და უფანჯრო ოთხ კედელშიც რომ ჩავარდნილიყო, ათიოდე ხვრელს აღმოაჩენდა და ცხრა-კლიტურ ციხეში ისე შეძვრებოდა და გამოძვრებოდა, როგორც ნემსი ბუმბულში“.

როცა ვინმეს „შეჰკრეჭდა“, თანამოსაქმეთა სინდისის დასამშვიდებლად ხან იმას იტყოდა, ღმერთს ცხვარი მოსაწველად და საკრეჭად გაუჩენიაო, ხან კი „ვოლტერის“ ფრაზას მოიხმობდა და განმარტავდა, რომ ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებითა და მათრახით. კვაჭს დეზი და მათრახი ერჩია, დაე უნაგირი სხვებს ეტარებინათ.

ამ პერსონაჟს არც „დარის გამოცვლის“ ამოცნობაში ჰყავდა ბადალი და როგორც კი ცვლილებების მოახლოებას იგრძნობდა, პოზიციას მყისვე შეიცვლიდა – „ჩამავალ მზეს მიაფურთხებდა, ამომავალს მიესალმებოდა, დავრდომილს ჩასწიხლავდა და წამომდგარს თამამად ამოუდგებოდა გვერდით“.

ასე იხატებოდა კვაჭი კვაჭანტირაძის ეკონომიკური პორტრეტი…

არ შეიძლება, აქ არ გავიხსენოთ დიდი ამერიკელი პოეტის კარლ სენდბერგის ლექსი „რიცხვების კაცი“, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ ბახის მუსიკა – რიცხვების მუსიკაა და მასში თითქმის არაფერია ადამიანური. ზუსტად ასე, კვაჭი კვაჭანტირაძე რიცხვების კაცია, რომელსაც ყველაფერი გამოანგარიშებული, დათვლილი, აწონილ-დაწონილი და გაზომილი აქვს: ლაპარაკის კილო, სიტყვების რაოდენობა და შერჩევა, ყოველი ნაბიჯი და მიხრა-მოხრა, თავის დროზე ჩრდილში შესვლა და თავის გარიდება, თავის დროზე გამომზეურება და თავის გამოჩენა, თავის დროზე მოთმენა და მოლოდინი, დროზე მოქმედება, დროზე ისევ უკან დახევა.

ამ თვისებების თაიგულთან ერთად, კვაჭის ერთი კვაჭური თავისებურება ახასიათებდა: არავის არასდროს ეუბნებოდა უარს, მაგრამ დანაპირებს მხოლოდ მაშინ შეუსრულებდა, თუკი თხოვნის შესრულება დღეს ან ხვალ სარგებელს მოუტანდა – „ამიტომ იყო, თავაზიანი და ზრდილი ახალგაზრდა უხვად აბნევდა, მარცხნივ და მარჯვნივ ათასნაირ დაპირებას“. და ამ ყველაფერს ისე ოსტატურად აკეთებდა, რომ მოტყუებულებს არათუ სწყინდათ, თავაზიანობისა და გულმოდგინებისთვის მადლიერიც კი რჩებოდნენ, თანაც იმდენად, რომ მომავალში კვაჭისთვის სამსახურის გაწევას არ მოერიდებოდნენ.

თავის მხრივ, თუკი კვაჭი ვინმეს სამსახურს უწევდა, ეს ქალები იყვნენ, ქალები, რომლებიც ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში მფარველებად, საყვარლებად და მუდმივ დამფინანსებლებად ევლინებოდნენ.

საკუთარი ოფლითა და შრომით მოპოვებული პირველი მანეთიც ხომ სექსუალური მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიიღო?! და რადგან ის მანეთი ტკბილი, ადვილი და მსუბუქი გამოდგა და ფულის ამ გზით შოვნას გემო გაუგო, პირველ მანეთს მეორე მოაყოლა, მეორეს – მესამე, მესამეს – მეათე და ასე უსასრულოდ…

ხოლო მას შემდეგ, რაც კვაჭის ჯიბეში ფული გაუჩნდა, რაც უფრო მაღლა ადიოდა ცხოვრების კიბეზე, თავში ახალ-ახალი ეშმაკები უსახლდებოდნენ და გულში ცეცხლი უფრო და უფრო ემატებოდა – „ეგონა, ჰფიქრობდა, მოელოდა და ჰგრძნობდა, რომ კვაჭისთვის, მხოლოდ კვაჭისთვის იყო გაჩენილი ეს უზარმაზარი და უსაზღვრო ქვეყანა; რომ იგი ქვეყანა იმას, სამტრედიელ სილიბისტროს შვილს, კვაჭი კვაჭანტირაძეს მოუთმენლად მოელოდა:

ნატრულობდნენ და მოელოდნენ საზღაპრო ბრწყინვალე თავადს: მარმარილოს სასახლენი, თავდახრილი მონა-მოსამსახურენი, ძველი საუკეთესო ღვინო-ლიკიორები, ფრანგი მზარეულები, ინგლისური და არაბული ცხენები. გაკრიალებული ავტომობილები, ყოველნაირ ტომის, ტანის და ფერის ულამაზესი მზეთუნახავი ქალები და სპილოს ძვლის საკუთარი ვაგონი, ატლასით, ფარჩით და ხავერდით მორთული გემი – იახტა და ხარისხი ჰერცოგის, თანამდებობა ჰოფმარშლის, ხელისუფლება მეფისა და … ფული, ფული და ფული! უთვალავი და გამოულეველი ფული“.

და მოიხილა კიდეც ქვეყანა თავის ერთგულ, ყველაფერზე წამსვლელ ამალასთან ერთად, რომელიც ადრეულ ასაკშივე შემოიკრიბა და არმიასავით გამოატარა მთელი ევროპა, არმიასავით, რომლის ფრონტი ფინანსური აფერები, ძარცვა, მკვლელობა და ათასგვარი მაქინაცია იყო, არმიასავით, რომელთა მსხვერპლს ვერავინ დაითვლიდა.

რომანის გერმანულენოვანი გამოცემის გარეკანი

სამტრედიაში 1 აპრილს დაბადებულ ამ კაცს მტკიცედ სწამდა, რომ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ფულის გარშემო ბრუნავდა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი – ადამიანობა, სულიერება, კულტურა – ფულის მტვერი იყო, რადგან სწორედაც რომ ფულის სანაცვლოდ იყიდებოდა.

მიხეილ ჯავახიშვილის ავანტიურისტი პერსონაჟის ეკონომიკური პორტრეტის დასახატად მხოლოდ კვაჭის დევიზი – „მე… ისევ მე… მხოლოდ მე… ჩემი… ჩემთვის… ჩემზე…“ და მის მიერ ხელქვეითთათვის ყველაზე ხშირად გაცემული ბრძანებებიც – „გაჰყიდეთ!.. იყიდეთ!.. გამოისყიდეთ!.. დააგირავეთ!.. მოსთხოვეთ!.. მიეცით!..“ იკმარებდა, თუმცა ამ პორტრეტს ემჩნევა ერთი მკაფიო და თვალისმომჭრელი შტრიხი – მას შემდეგ, რაც კვაჭი არაერთხელ აღზევდა და დაეცა ფინანსურად, მისთვის საქმეთა „გაიმასქნებამ“ სულ სხვა დატვირთვა შეიძინა; აკი უხსნიდა კიდეც თავის მარჯვენა ხელს, ბესო შიქიას – „ჩემო ბესიკ! შენ აქნობამდე ვერ გაგიგია ჩემი ხასიათი, ერთი სავაჟკაცო საქმე მაინც გავაიმასქნოთ, თვარა რა ოხრად მინდა მარტო სიმდიდრე! ვინცხას უთქვამს „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“.

საგულისხმოა, რომ კვაჭის ჭკუა, გონება და ფიქრი, თითქმის ყველგან და ყოველთვის, ყველა გარემოებაში, მხოლოდ და მხოლოდ საქმის „გაიმასქნებას“ უტრიალებს, ეს არის კაცი, ვისთვისაც როდენის „მოაზროვნე“ კარგ ამხანაგთან არის ასოცირებული, რადგან ქანდაკების პოზას „რაცხა დიდი კომბინაციის გაიმასქნებას“ უკავშირებს.

თუმცა კვაჭსა და კვაჭიკოებსაც დაუდგებათ ხოლმე დაისი, როდესაც რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ვეღარ „გააიმასქნებენ“ და „კინაღამ დეიღუპებიან, წახდებიან კაკალი“ კაცები – რუსული, ევროპული და ამერიკული თავგადასავლის შემდეგ, ქვეყანა რომ აირევა, კვაჭი კვაჭანტირაძეს, მისდა სამწუხაროდ, სამშობლოში მოუწევს დაბრუნება – სამშობლოში, რომელსაც, ბუნებრივია, ექსპლუატაციის ობიექტად ხედავს. საქართველოზე მეტად კვაჭის ბევრი რამ უყვარს, მათ შორის: ფული, გავლენა, ქალები.

კვაჭი ფორმულაა, კვაჭი კომბინაციებია, ეს არის კაცი, რომელსაც მორალი არა აქვს! მისი კეთილისმყოფელი გრიგორი რასპუტინის მკვლელობას რომ თავი დავანებოთ, სხვაგვარად როგორ აიხსნება თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ციხეში მოხვედრილი, იმ ერთადერთ კაცს – ალექსი ირემაძეს დაღუპავს, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა და განწირული კვაჭი განსაცდელისგან დაიხსნა?! თანაც ემუქრება, თუ არ გაჩუმდები, ჩემთან ერთად შენც დაგღუპავ სასამართლოში ტყუილის თქმისთვისო, მაშინ როდესაც ამ ტყუილის საფუძველზე გაათავისუფლეს კვაჭი. წარმოგიდგენიათ? კაცს, რომელმაც „სიკეთე უყო“, სწორედ ამ სიკეთის გამო ემუქრება…

განსაკუთრებული ამბავია ისიც, თუ რა იოლად შეხვდა რევოლუციას და საქართველოს გაწითლებას ისეთი უინტელექტო არსება, რომელსაც ჰქვია ჯაყო და როგორ უჭირს დიდი გონებრივი შესაძლებლობების, უსინდისო და უპრინციპო კვაჭის. რევოლუცია კვაჭის დრო არ არის… რევოლუციის დროს წინ მოდის უინტელექტო ხალხი, რევოლუციის პირველი პირმშო ჯაყოა, მეორე – ნინიკა, კვაჭისა და კვაჭიკოების დრო კი უფრო გვიან, ბევრად გვიან დგება. კვაჭი ამ მხრივაც საინტერესოა, რადგან თაღლითი და დაბალი მორალური ღირებულებების კაცი ვერაფრით ეწერება საბჭოთა იდეოლოგიასა და ხელისუფლებაში. მით უფრო, რომ ნებისმიერ სისტემას და იდეოლოგიას კვაჭი განიხილავს როგორც ინსტრუმენტს, ბერკეტს, რომელიც გამოყენების შემდეგ სხვა, უფრო ეფექტური იარაღით უნდა შეცვალო. ამ თვალსაზრისით კვაჭი ბევრად უფრო ღრმა ტიპაჟია, ვიდრე ჯაყო, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდეალურად მოერგო რევოლუციას და აღზევდა. ესეც კვაჭი კვაჭანტირაძის ეკონომიკური პორტრეტის ერთ-ერთი მთავარი შტრიხია.

ყველაფერთან ერთად, მიხეილ ჯავახიშვილის ამ რომანში არაერთი პერსონაჟი გვხვდება, რომელთა უკან რეალური, ისტორიული პირები იკითხებიან. გერონტი ქიქოძის მოგონებებს თუ დავუჯერებთ, პროტოტიპი თვით კვაჭი კვაჭანტირაძესაც კი ჰყავდა – დიპლომატი ვასილ დუმბაძე. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, კვაჭის ლიტერატურული პერსონაჟის უკან მიხეილ ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) იდგა, სახელმწიფო მოხელე რუსეთში, „გავარდნილი“ ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა გრიგორი რასპუტინთან.

მაგრამ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ კვაჭი კვაჭანტირაძეს მიხეილ ჯავახიშვილის არაერთი თვისებაც ჰქონდეს. მართალია, ზნეობრივი თვალსაზრისით ჯავახიშვილს თავისსავე პერსონაჟთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ავტორის ბიოგრაფიაში, მის ხასიათსა და თვისებებში არის რაღაც ისეთი, რაც ამ რომანის მთავარ გმირთან აახლოებს.

დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ კვაჭი კვაჭანტირაძე ეკონომიკაში ღრმად ჩახედული კაცია, „გენიოსი ფინანსისტი“, როგორც თავადვე ავრცელებდა საკუთარ თავზე ხმას. კვაჭი ისე იოლად ალაგებს მრავალსვლიან კომბინაციებს, რომ შეუძლებელია, მკითხველი აღფრთოვანებული არ დარჩეს. ის არის პირამიდების, ჰაერის გაყიდვის დიდოსტატი! ფაქტობრივად, „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“ სახელმძღვანელო წიგნია თაღლითებისთვის! აბრაამ ლინკოლნს უთქვამს – „ერთი კაცი შეიძლება ატყუო მთელი ცხოვრება, ხალხის ჯგუფი – უსასრულოდ, მაგრამ მთელი ხალხი უსასრულოდ ატყუო – შეუძლებელია“. თუმცა კვაჭი კვაჭანტირაძეს ესეც უხერხდება! ის ატყუებს ყველას და ყოველთვის!

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, დადგება დრო, როდესაც კვაჭის მზე აღარ იკაშკაშებს ისე დამაბრმავებლად, როგორც კაშკაშებდა პეტერბურგში, პარიზში, ლონდონსა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში – მრავლისმნახველი კვაჭი იმ წერტილს და საქმიანობას დაუბრუნდება, რამაც საკუთარი ოფლით პირველი მანეთი აშოვნინა…

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ჯავახიშვილმა ის სტამბოლში, იმ სახლის პატრონის ქმრად დატოვა, სადაც მამაკაცები ფულის სანაცვლოდ ალერსს ეძებენ, კვაჭი კვაჭანტირაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ამიტომ არ გაჩერდება და მაინც ეცდება, ფეხი აუწყოს სამყაროს მოძრაობას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგება დრო, როდესაც კვაჭი კვაჭანტირაძის სახე, ქართველის სულში, თეიმურაზ ხევისთავის სახეს შეეჯახება და მაშინ ჩვენ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მხიარულ და უდარდელ კვაჭის და უსაქმურ, მაგრამ განსწავლულ თეიმურაზ ხევისთავს შორის. თეიმურაზობა არავის უნდა, ამიტომ იმედია, კვაჭი კვაჭანტირაძის გარდა, სხვა არჩევანი, გადარჩენის სხვა ფორმულაც გვექნება…

მანამდე კი ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან თუკი მცირეა იმის შანსი, რომ სადმე ჯაყოს გადავეყაროთ, კვაჭი და კვაჭიკოები საქმეში არიან და დღესაც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს კურთხეულ სამშობლოში.

P.S. სწორედ იმის გამო, რომ მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი უკვდავი სახე გამოდგა, „კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი“, თარგმანში, მთელი მსოფლიოსთვის გაცოცხლდა, ამ წიგნის წარმატება კი ჩვენი ლიტერატურის, ჩვენი კულტურისა და ხალხის წარმატებაა. ამიტომ, თუკი პატიოსანი პოეტები და გენიოსები ჯერჯერობით ვერ გვეხმარებიან, რიცხვების კაცის იმედზე მაინც ვართ მსოფლიო ლიტერატურის „გაიმასქნების“ გზაზე.