რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი

რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი

რუსული საინვესტიციო ჯგუფი Renaissance Capital საქართველოს ეკონომიკაზე მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია პროგნოზები, როგორც რუსული შეზღუდვების გავლენაზე, ასევე ლარის კურსზე და ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე.

მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის მთავარ რისკად სახელდება რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოსალოდნელი შემცირება.

ორგანიზაცია მიმდინარე წელს საქართველოში 4.4%-იან, მომდევნო წელს კი 4.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც მათი ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Renaissance კაპიტალი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე გავლენას რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებში არსებული სიტუაცია იქონიებს, მათ შორის რეცესია თურქეთში და ტურისტების შემცირება რუსეთიდან.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე 10%-ის ტოლია, ქედან 4% კი რუს ტურისტებზე მოდის. შესაბამისად, პუტინის მიერ დაწესებული ავია შეზღუდვა მთავარ რისკად სახელდება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

Rencap-ის პროგნოზით, წელს რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში წლიურად 22%-ით, 1,1 მილიონამდე შემცირდება, მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოს 1.4 მლნ რუსი მოგზაური ეწვია. ამ სცენარის მიხედვით, ტურიზმის ინდუსტრიის ზარალი 160 მლნ დოლარი იქნება, – ქვეყნის მშპს-ს 1%.

რენკაპი პროგნოზირებს, რომ რუსი ტურისტების დანაკლისი შეივსება ევროპელი ვიზიტორებით, რომლებშიც საქართველოს პოპულარობა იზრდება.

“2018 წელს ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2 მლრდ დოალრი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. ტურიზმის შემოსავლის წილი ქვეყნის მშპ-ში ბოლო 5 წელში გაორმაგდა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს: ტურიზმი ხელს უწობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, ასევე ხდის მას ზედმეტად დამოკიდებულს ტურისტულ ნაკადებზე. ქვეყნის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით რუსი ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ ერთ ვიზიტზე 1326 ლარს ხარჯავენ, რაც გაცილებით ნაკლებია ევროპელ ვიზიტორებზე, რომელთა რაოდენობა წელს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნულია კვლევაში. სწორედ ევროპელი ვიზიტორების ზრდის პარალელურად ორგანიზაცია ელის რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად მნიშვნელოვნად არ შემცირდება და იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება.

“რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 4.4%-ის ტოლი იყო. მიუხედავად შეზღუდვისა არ ველოდებით რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება“.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად დივერსიფიცირებისა საქართველოს ეკონომიკა კვლავ მჭიდრო კავშირშია რუსეთთან.

რაც შეეხება პროგნოზს ღვინის შესაძლო ემბარგოზე:

“ჩვენი გათვლით იმის შანსი რომ რუსეთი ქართულ ღვინოს ემბარგოს დაუწესებს მინიმალურია, მაგრამ თუკი ეს მოხდება, ქვეყნის ექსპორტი 120 მლნ დოლარით შემცირდება, – მშპ-ს 0.7%“, – აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში გამართული საბანკო და საფინანსო სექტორი ფუნქციონირებს, იზრდება ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია, იზრდება ქვეყნის ექსპორტიც და ფისკალური პოლიტიკა გამჭვიორვალე და ძლიერია, რასაც IMF-ის მიმდინარე პროგრამაც მოწმობს.

“მაღალი დოლარიზაცია კვლავ რჩება რისკად, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას.

ჩვენი პროგნოზით საბიუჯეტო დეფიციტი 2019 წელს 2.8%-მდე შემცირდება, 2020-ში კი 2.5%-მდე“, – წერს რენკაპი და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოზე დიდი მოცულობის რეზერვები კი აქვთ სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, ყაზახეთს.

ანგარიშში საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზეც და პარლამენტთან მიმდინარე აქციებზეც. რენკაპი წერს, რომ პროსტესტი ქვეყანაში უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების სავარაუდო მონოპოლიზებას. “მიიჩნევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯობინებს რუსეთთან ურთიერთობას ევროკავშიორთან ინტეგრაციას“, – წერია ანგარიშში.