S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები

S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები

გლობალურად, ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიათა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟის საორიენტაციო ინდექს S&P 500-ზეა დალისტული. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორები სწორედ S&P 500-ის ფირმებში არიან განაწილებულნი.

S&P 500-ში შემავალ კომპანიებში, 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების გამოსავლენად Visual Capitalist-მა ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მონაცემები გამოიყენა. ცნობისთვის, S&P 500-ის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების კომპენსაციის პაკეტები მოიცავს არა მარტო ხელფასებს, არამედ ბონუსებსაც, აქციებიდან მიღებულ შემოსავალსა და სხვა ბენეფიტებს.

სიის სათავეში Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი აღმოჩნდა. გასული წლის მონაცემებით, პიჩაის კომპენსაციის პაკეტმა, საერთო ჯამში, $226 მილიონს მიაღწია და თითქმის 800-ჯერ აღემატებოდა Google-ის თანამშრომელთა საშუალო ანაზღაურებას. რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ს კომპენსაცია მოიცავდა წლიურ ხელფასს $2 მილიონის ოდენობით, $6 მილიონს პირადი უსაფრთხოებისთვის და აქციებიდან მიღებულ ანაზღაურებას, რომელიც $218 მილიონად შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის სხვაობით, Live Nation Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაპინოს კომპენსაციის პაკეტი $14 მილიონიდან $139 მილიონამდე გაიზარდა. რაპინოს კომპენსაციიდან ყველაზე დიდი წილი, $116 მილიონი, აქციებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდიოდა. მკვეთრი ზრდის შედეგად, S&P 500-ში შემავალი კომპანიების CEO-ებიდან, მხოლოდ რაპინოს და პიჩაის კომპენსაციებმა გადააჭარბა გასულ წელს $100-მილიონიან ნიშნულს.

2022 წელს რაპინოს შედეგებს ჩამოუვარდებოდნენ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ები, როგორებიც Apple-ი და Broadcom-ია. Wall Street Journal-ის მონაცემებით, ტიმ კუკის კომპენსაციის პაკეტმა გასულ წელს $99 მილიონი შეადგინა, Broadcom-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორ ჰოკ ტანს კი $61 მილიონი ერგო.

გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების სიაში მოხვედრა მოახერხა გლობალური სადაზღვევო გიგანტ AIG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ზაფინომაც. რეიტინგში ვხვდებით Netflix-ის თანააღმასრულებელ დირექტორებს ტედ სარანდოსსა და რიდ ჰასტინგსსაც. ჰასტინგსის კომპენსაციის პაკეტი გასულ წელს $10 მილიონით გაიზარდა, თუმცა ამ უკანასკნელმა, 2023 წლის იანვარში, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების საშუალო კომპენსაციამ ყველაზე მაღალ, $14.7-მილიონიან ნიშნულს, 2021 წელს მიაღწია. 2022 წელს, ათწლეულში პირველად, ეს რიცხვი ზრდის მაგივრად შემცირდა, თუმცა სულ რაღაც 1%-ით და $14.5 მილიონს გაუტოლდა. საერთო ჯამში, S&P 500-ის აღმასრულებელი დირექტორების საშუალო კომპენსაცია, უკანასკნელ ათწლეულში, $6.96 მილიონიდან $14.5 მილიონამდე გაიზარდა, ყველაზე დიდი, 18%-იანი მატება კი 2018 წელს დაფიქსირდა.

S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ები (2022წ):

  1. სუნდარ პიჩაი – $226 მილიონი, Alphabet
  2. მაიკლ რაპინო – $139 მილიონი, Live Nation Entertainment
  3. ტიმ კუკი – $99 მილიონი, Apple
  4. პიტერ ზაფინო – $75 მილიონი, American International Group
  5. ჰოკ ტანი – $61 მილიონი, Broadcom
  6. ვისენტე რეინალი – $55 მილიონი, Ingersoll Rand
  7. რიდ ჰასტინგსი – $51 მილიონი, Netflix
  8. თეოდორ სარანდოსი – $50 მილიონი, Netflix
  9. ჰამიდ მოგჰადამი – $48 მილიონი, Prologis
  10. სტეფენ სკერი – $48 მილიონი, American Express