სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და პროდუქციის რეალიზაციის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „OCO Global“-ის ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს ახალი უცხოური ბაზრების ათვისებაში. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 50 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამა რამდენიმე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია და ელექტრო ნაწილები.
ექსპორტის საბაზრო კავშირების ახალ პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას.
მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორკშოპები, იმაზე თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.
პროგრამის ფარგლებში, 4-6 სექტემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია OCO-ის წარმომადგენლები ბენეფიციარ კომპანიებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საწარმოო პროცესს.