საახალწლო მირაჟი

საახალწლო მირაჟი

ნახევარი საუკუნის წინ დუბაი უდაბნო იყო. დღეს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია. არ იჩქაროთ ყველაფრის ნავთობისთვის დაბრალება – დასავლური მართვის მოდელმა მისი ეკონომიკის ძირითად კონტრიბუტორებად უძრავი ქონების, ფინანსური სერვისების, ავიაციისა და, რაც მთავარია, ტურიზმის სფეროები აქცია.

საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეები განტვირთვის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა, რათა ახალ წელს ახალი ენერგიითა და შთაბეჭდილებებით დავხვდეთ. ახალი წელი ის დროა, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთდროულად უსვამენ თავს კითხვას – სად წავიდეთ? ვერსიებს შორის, ბოლო წლების განმავლობაში, დუბაი ლიდერობს, რაც დიდი მონაცემებითაც დასტურდება. წელს მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამოგზაურო საძიებო პლატფორმამ,  KAYAK-მა, 1 მილიარდჯერ განხორციელებული საძიებო ოპერაციის მონაცემების დამუშავება სცადა და აღმოჩნდა, რომ წინასაახალწლოდ დუბაის პოპულარობა შარშანდელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა. ჯამური მაჩვენებლით დუბაიზე მოთხოვნამ ყველა სხვა დანიშნულების ადგილს გადააჭარბა. აღმოჩნდა, აგს-ის ეს საამირო, რომელსაც დიდებულებაში მხოლოდ (შედარებით კონსერვატიული) დედაქალაქი – აბუ-დაბი შეიძლება გაეჯიბროს, სადღესასწაულო მოგზაურობის მაძიებლებს თითის სულ წვერებზე ადგას. სურვილი გასაგებია: ერთი მხრივ, ფუფუნებით განთქმული დუბაი მოგზაურებისთვის დამაინტრიგებელია, რადგან ყველას სურს,  ამგვარ ცხოვრების სტილს ეზიაროს; ყველას უნდა, თუნდაც რამდენიმე დღე, თავი ზღაპრული სამეფოს დიდგვაროვნად იგრძნოს. მეორე მხრივ კი თვალში საცემია, როგორ აღნიშნავს არაბული შუა აღმოსავლეთის ბიზნესჰაბი შობასთან დაკავშირებულ დღესასწაულებს.

მაგალითად, ორიოდ წლის წინ დუბაიმ გინესის რეკორდი დაამყარა, როდესაც ახალი წლის დადგომის საზეიმოდ ბურჯ-ხალიფა უწყვეტი LED-განათებით აღჭურვა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ნაირფერად აკიაფება მხოლოდ პრელუდია იყო, რომელსაც 6-წუთიანი ექსტრავაგანზა მოჰყვა: 100-კილომეტრიანი სანაპირო ხაზის 400 ალაგიდან 400,000 ფოიერვერკი გაისროლეს. ახალი წლის დადგომის  წუთზე 80,000-მდე გასროლა მოდიოდა. უფრო ზუსტი გათვლით – 1,332 გასროლა წამში. თითქოს ეს თვალწარმტაცი სანახაობა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საკმარისი არ იყო, ყველაფერს ტექნოლოგიური სასწაული დაერთო: მზის ამოსვლა – შუაღამისას. ხელოვნური ვარსკვლავის ბრწყინვალებას გიგანტური ცეცხლოვანი შევარდენის გაფრენა მოჰყვა, რომელმაც ქალაქის თავზე კამარა შეკრა და მსოფლიოს უდიდეს პიროტექნიკურ დროშად გარდაისახა, რომლის გარშემოწერილობაც 30,000 კვადრატულ მეტრს აღწევდა. რას აპირებს დუბაი 2016 წლისთვის, არავინ იცის, თუმცა რეზიდენტები უფრო დიდ სანახაობას ელიან.

„უფრო დიდი“ უმნიშვნელო შეფასება არ არის ყველაზე ლიბერალური საამიროსთვის – 4,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ქალაქისთვის, რომელიც თავს უყრის ყველაზე მაღალ შენობას, ყველაზე გრანდიოზულ ნავსაყუდელს, ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს, ყველაზე ღრმა აკვარიუმს, ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებს და ა.შ. და ა.შ., ვიდრე ყველაზე გრძელ 750-კილოგრამიან ნიანგამდე. ნიანგზე რა მოგახსენოთ, თუმცა სხვა დანარჩენ „ყველაზე დიდებს“, რეკორდულობის გარდა უტილიტარული დანიშნულებაც აქვთ. მაგალითად, მსოფლიოს უდიდესი ხელოვნური კუნძულის „პალმის ტრილოგიის“ შექმნის მიზეზი სანაპიროს დეფიციტია, რომელიც სპარსეთის ყურეში წამოწყებულ მშენებლობის ბუმს არ ჰყოფნიდა (2008 წლის კრიზისამდე მსოფლიოში მოქმედი ამწეების 25% დუბაიში იყრიდა თავს). შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვის სახელსაც უკავშირდება დუბაის აღზევება მეთევზე სოფლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრამდე, საკუთარი ხელით მოხაზა ფურცელზე პალმა, რომელიც მოგვიანებით კუნძულებად იქცა. ტრადიციული მომრგვალებული კუნძულისგან განსხვავებით, სივრცის ასე ორგანიზებას მეტი პლაჟი მოჰყვება „ხურდად“. მასშტაბის სრულფასოვნად წარმოდგენისთვის იმის თქმაც კმარა, რომ ჩაფიქრებული სამი კუნძულიდან უდიდესი, თითქმის 47-მილიონკვადრატულმეტრიანი „პალმ-დეირა“ სიდიდით პარიზს გაუტოლდება. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შენობას, ბურჯ-ხალიფა ზუსტად მაშინ გაიხსნა, როდესაც გლობალურმა რეცესიამ, თავის მხრივ, სიმაღლის რეკორდი დაამყარა – იმის სანიმუშოდ, რომ დუბაი ბევრ ფრონტზე ერთდროულად იმარჯვებს. თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიზნესვენჩური, რომელიც მოგებიანია, ისევე როგორც ყველა სხვა „მაღალი ბიზნესი“ დუბაიში.

სტერეოტიპულია წარმოდგენა, რომ დუბაი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მხოლოდ ბუნებრივი წიაღისეულით ცხოვრობს. მართალია, ნავთობის აღმოჩენის შემდეგ საამიროები უდაბნოს ღარიბი სამთავროებიდან თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაისახა, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით მსოფლიოში, მაგრამ დაფუძნებიდან ოთხი ათწლეულის მანძილზე ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა, რათა ნავთობპროდუქტებზე საკუთარი დამოკიდებულება შეემცირებინა. სახელმწიფომ ხელგაშლილად დახარჯა ფული ინფრასტრუქტურისთვის, შემდეგ კი კომუნალური მომსახურების სფეროები კერძო სექტორისთვის გახსნა. ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონები ნულოვან გადასახადსა და 100%-იანი საკუთრების უფლებას სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. გაერთიანებული საამიროების გრძელვადიანი სტრატეგია ეკონომიკური დივერსიფიკაცია, განათლების დონის ამაღლება და მოქალაქეების დასაქმებაა. ვინაიდან კარგი სოციალური პაკეტის გამო მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია იყოს ღარიბი, ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის მუშაობის მოტივაცია ჩაენერგა, რათა სახელმწიფო სექტორი მაინც არ დაეკომპლექტებინა ექსპატრიანტებით. თუკი ქუჩაში გაისეირნებთ, ადვილად ამოიცნობთ ადგილობრივებისა და ჩამოსული მუშახელის სახლებს. აბორიგენებისთვის უდაბნოში წყალიც კი უფასოა და შედეგად მათი ეზოები ყოველთვის ცოტა უფრო მწვანეა, ვიდრე ჩამოსულების, რომელთაც წყალში მსუყე თანხის გადახდა უწევთ. შემოსავალიც დიდია. ყველაზე იაფფასიან ფიზიკურ სამუშაოს მთელი რეგიონიდან ჩამოსული მუშახელისთვის $3-4 ათასი მოაქვს თვეში. ქვეყნის საზღვრები უცხო ქვეყნიდან სამუშაოს შოვნის მიზნით ჩამოსულებისთვის ღიაა (სანამ მათ 65 წელი შეუსრულდებოდეთ), მაგრამ აქ ნატურალიზაცია ურთულესია. ამ გზით მოქალაქეობის მოპოვება ფუჭი გარჯაა, თუ, რა თქმა უნდა, ერთი სირიელივით თირკმელს არ გაიღებთ შეიხ მოჰამედისთვის. ასეთებიც ხდება.

ამჟამად დუბაის მთლიანი შიდა პროდუქტი $83 მილიარდამდეა (გაყავით 2 მილიონ მოქალაქეზე), რომლის მხოლოდ 2%-ს შეადგენს ნავთობი. ოდესღაც შუაგულ უდაბნოში მეთევზეთა და მარგალიტზე მონადირეთა ღარიბი სოფელი, შემდეგ კი ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი საამირო, ახლა შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ფინანსური და ტურისტული ცენტრია, რომელიც IT სექტორის განვითარებაში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს. დუბაის „ინტერნეტქალაქი“ „მედიაქალაქთან“ ერთად TECOM-ის ნაწილია (დუბაის ტექნოლოგიური, ელექტრონული კომერციისა და მედიის თავისუფალი ზონა), რომელიც აერთიანებს ისეთი კომპანიების რეგიონულ ოფისებს, როგორიცაა EMC-ი, Oracle-ი, Microsoft-ი, IBM-ი, და მედიაორგანიზაციებს – MBC-ის, CNN-ს Reuters-ს და სხვებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურაც არანაკლებ შთამბეჭდავია. რჩება შთაბეჭდილება, რომ აქ იმდენივე გალერეაა, რამდენიც Ferrari-ის მარკის უახლესი მოდელი გზაზე. საამიროები ტრადიციას კარგად აზავებს ამბიციასთან – შეგხვდებათ უამრავი ჰიპერზომის სავაჭრო ცენტრი ათასობით ევროპული ბრენდით, რომელთა პროდუქციის ფასი ზოგჯერ ხუთნიშნა რიცხვს აღწევს და იქვე ნახავთ ადგილობრივ ბაზრებსაც, ეგზოტიკური სუნელების არომატებითა და ქიშმირის ფერადი ქსოვილებით. თუკი თქვენც გსურთ, ზამთარს თბილად შეხვდეთ (საახალწლო დღესასწაულებისთვის ტემპერატურა 20-26 გრადუსი იქნება), ტურისტულ ინდუსტრიასთან ზიარების გარდა, აუცილებლად მოიტოვეთ დრო კულტურული ღონისძიებებისთვისა და მსოფლიო კლასის რესტორნებში ეპიკურეული  სიამოვნების მიღებისთვის. ტერიტორია არც ისე დიდია, ტაქსი შედარებით იაფი, მეტრო კი გერმანულივით გამართული და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ლობივით სუფთაა, ამიტომ ვვარაუდობ, თუნდაც სამი დღის განმავლობაში, ბევრი რამის ნახვას მოასწრებთ. შევეცდები, პატარა გზამკვლევი შემოგთავაზოთ, რომელიც სამოგზაურო დროის უკეთ ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი: იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა შორეული მოგზაურობა ფრენით იწყება. თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ზღურბლი აეროპორტია და ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია, ქვეყნები ზრუნავენ, მათი აეროპორტები მაქსიმალურად რეპრეზენტაბელური იყოს. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესია. იგი 107 ავიახაზს ემსახურება 160-ზე მეტი მიმართულებით. იგი ქალაქის ცენტრს სულ ხუთი კილომეტრითაა დაშორებული. Dubai Duty Free ერთი აეროპორტის უდიდესი საცალო გაყიდვების ოპერატორია მსოფლიოში, თუმცა ჩემთვის იგი სხვა რამით უფრო ღირსშესანიშნავი გამოდგა: ეს ბოლო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება სპირტიანი სასმელების შეძენა. ამ მხრივ დუბაიში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. მაღაზიებში – შეუძლებელია, ხოლო საუკეთესო რესტორნებში – ძვირი. და თუ ბოთლი ერთალაოიანი ვისკისთვის ევროპულ უნივერსიტეტში განათლების მიღების საფასურის განიავებას არ აპირებთ, გირჩევთ აეროპორტიდანვე ხელს გააყოლოთ.

ფრენისთვის FlyDubai-ის გავუწევდი რეკომენდაციას. ამ ავიაკომპანიით სარგებლობა რამდენიმე  მიზეზის გამოა მოსახერხებელი. პირველი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენებია; მეორე – ცალკე ტერმინალი: მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, შესაბამისად გადატვირთულ აეროპორტში FlyDubai-ის მგზავრებს ცალკე ტერმინალი ემსახურება, რაც დიდი კომფორტია მათთვის, ვისაც საზღვრის გადაკვეთამდე რიგში დგომა ეზარება, ანუ ყველასთვის; ხოლო მესამე უპირატესობა სატარიფო პოლიტიკაა, რომელიც კარგად ერგება როგორც ეკონომკლასის სადა, მაგრამ ფუნქციონალურ და კომფორტულ გარემოს, ისე ბიზნესკლასის  გამორჩეულ სერვისს, რომელიც ნამდვილად განგაწყობთ ზღაპრულ ფუფუნებაში მომავალი დროსტარებისთვის. ბიზნესკლასის სტუმრებს შეუძლიათ, აეროპორტში გაფრენამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გამოცხადდნენ, გამორჩეული სადილი 48 საათით ადრე შეუკვეთონ, რათა იტალიური ტყავის სავარძელში მოკალათებულებმა გემრიელი კერძებით თავის შექცევით შეიმოკლონ მგზავრობის დრო, შემდეგ კი წყნარი ტერმინალის პრივილეგირებული გასასვლელებით ისარგებლონ ფორმალობების მოსაგვარებლად.

ფორმალობის სწრაფად მოგვარება ეკონომკლასის მგზავრებისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომია, თუკი ტუროპერატორ Voyager-ის მომსახურებით ისარგებლებენ. კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროების სავიზო მომსახურების ლიცენზირებული მომწოდებელია და სავიზო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთან, Voyager-ი საქართველოში FlyDubai-ის გენერალური დისტრიბუტორია და იგი ხელსაყრელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ან კორპორაციული ტურის დაგეგმვისთვის. მოკლედ, ამ ორი კომპანიის კომბინირება საუკეთესო გზაა, გზაში არ დაიღალოთ.

სასტუმროები და რესტორნები: როდესაც უძრავ ქონებაზე მიდგება საქმე, დუბაის ტურისტული რუკა სპარსული ხალიჩასავით ჭრელდება და მონარქისტი ბიუროკრატის ენაზე მეტყველებას იწყებს. მისი ლექსიკონი სავსეა აღმატებული ხარისხის მიმართვებით, რომლითაც უდაბნოს წალკოტის მკვიდრები ისე იკვებებიან, როგორც მათი წინაპარი ბედუინები – ფინიკით. თითქოს რაღაც უსასრულო თამაშში მონაწილეობთ პირობითი სახელით „გაზომე და დააფასე“. სასტუმროები ამაყობენ იმით, რომ ყველაზე დიდები, ყველაზე მაღლები, ან ყველაზე ძვირები არიან. თუმცა არაა აუცილებელი, სასტუმრო გინესის რეკორდების წიგნში იყოს, რათა იქ კარგად დაისვენო. ჩემი წლევანდელი აღმოჩენა სიმაღლის ნაცვლად სიგანეში გაშლილი Dubai Marine Beach Resort & Spa გახლავთ, 5-ვარსკვლავიანი ბუტიკური სასტუმრო სანაპიროსთან გაშენებული კერძო კლუბებით, დიდი, მწვანე ეზოთი, განცალკევებით მდგარი ვილებით, ჩანჩქერებითა და ჩიტების ჭიკჭიკით, რასაც განსაკუთრებით დააფასებთ იმ დათქმით, რომ 10 წუთის სავალში ხართ ხმაურიანი კომერციული ცენტრისგან.

თუმცა კლასიკის უგულებელყოფაც არ შეიძლება – რაღა თქმა უნდა, ე.წ. „შვიდვარსკვლავიანი“ სასტუმრო Burj Al Arab-ი. მსოფლიოს ყველაზე მდიდრული სასტუმრო შორიდან ზღვის ბრიზით გაბერილი აფრასავით გამოიყურება, თუმცა ინტერიერი არანაკლებ შთამბეჭდავია: შენობა ატრიუმს ისე ევლება გარშემო, რომ პირველ სართულზე განლაგებული მასშტაბური ჰოლიდან ჭერი ჩანს. ყველა სართულს ცალკე კონსიერჟი ჰყავს, ყველაზე პატარა ოთახი 185-კვადრატულმეტრიანია, ნომრის ფართო შესასვლელს კიბემდე მივყავართ, რომელიც ზედა სართულისკენ მიგვიძღვის, სადაც გარდერობი, საძინებელი და მარმარილოთი გაწყობილი ისეთი აბაზანაა, ბევრი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სპადაც რომ გამოდგებოდა. ქვევით სამზარეულო, სასადილო და მისაღებია. ეს სტანდარტული ოთახია. თუკი კიბეებზე სიარული გეზარებათ, შეგიძლიათ Royal Suit-ით ისარგებლოთ, რომლის ნომერსაც შიდა ლიფტი აქვს. სეზონზე ღამე $20 ათასამდე დაგიჯდებათ.  

აქ რვამდე რესტორანია, მაგრამ ფრთხილად იყავით. ზღვის პროდუქტებით გაჯერებული კარგი სადილი და ჭაშნიკად ფრანგული ღვინო საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რესტორანი Al Mahara, ე.წ. ხამანწკის ნიჟარა, რომელიც სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარეობს და აკვარიუმებითაა გარშემორტყმული (აკვარიუმები შენობის საყრდენ კედლებს სიმაღლეში გასდევს).

აქვეა ზღვაში შეჭრილი რესტორანი At.Mosphere, რომელიც იდეალური ადგილია რომანტიკული ვახშმისთვის. საქმიანი საღამოსთვის შეგიძლიათ სასტუმრო Grand Hyatt-ში განლაგებულ Manhattan Grill-ს მიაშუროთ და შუა აღმოსავლეთში პატარა ნიუ-იორკი აღმოაჩინოთ – საუცხოო სტეიკებითა და ბურგერებით, რომლებმაც შესაძლოა თავი მოგანატროთ ქვეყანაში, სადაც ნაირ-ნაირად შეკმაზული თევზეულით გიმასპინძლდებიან.

Burj Al Arab-ის გარდა Jumeirah-ს სხვა სასტუმროებიც გაგაოცებთ, მაგალითად, Madinat Jumeirah, არაბულ თემატიკაში გადაწყვეტილი უზარმაზარი ტერიტორია შიდა ბაზრით, 75 მაღაზიით, ყველა შესაძლო სამზარეულოზე სპეციალიზებული რესტორნებით, ვილებითა და საზაფხულო სახლებით, ამფითეატრით, სარეაბილიტაციო ცენტრითა და საბავშვო კლუბით. Madinat-ი კარგი ალტერნატივაა, თუ გნებავთ, თან შუა ქალაქში ბრძანდებოდეთ, თანაც მოწყვეტილი იყოთ საქმიან ფუსფუსს. ხელოვნური ტბა და მისი საგულდაგულოდ დაგეგმილი არხები ისეა გათვლილი, რომ ათასობით სტუმარი ერთმანეთის არსებობას საერთოდ ვერ გრძნობს. საღამოს საკუთარ ვილამდე ნავით მისვლაც ერთი სიამოვნებაა.

თუკი გრანდიოზული სასტუმროები თქვენი სტილი არ არის და უფრო მყუდრო, შეკრულ ნაგებობას ეძებთ, Palace Downtown Dubai-ს გირჩევთ. აქაც კლასიკური თემები არაბულ ტრადიციასთანაა შერწყმული. ინტერიერი შედარებით თბილია, ჭარბობს ხე. შუააღმოსავლური არქიტექტურის სახასიათო შტრიხების შეზავება სერვისის უმაღლეს სტანდარტთან განსაკუთრებული შთაბეჭდილებების საწინდარია.

სანახაობები: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, Burj Khalifa, რომლის ვერდანახვაც უბრალოდ შეუძლებელია. იგი ისე დგას, როგორც გიგანტური კოსმოსური ხომალდი – ერთდროულად სიმყარისა და სიმსუბუქის ამბივალენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. Burj Khalifa მართლაც თანამედროვე ტექნოლოგიისა და დიზაინის საოცრებაა. ლიფტი რამდენიმე წამში აგიყვანთ 134 სართულზე. აუცილებლად დაამთქნარებთ, მაგრამ არა მოწყენილობისგან. უბრალოდ, ყურები დაგიგუბდებათ. 134-ე სართულიდან როცა გადმოიხედავთ, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თვითმფრინავის ფრთაზე ზიხართ.

პატარა თვითმფრინავის კაბინით ამ სიმაღლეზე ვერ ახვალთ, თუმცა გამორჩეულ სიამოვნებას მიიღებთ. აუცილებლად შემოუფრინეთ ყურეს Cessna 208 Caravan Seaplane-ით, გადმოხედეთ ხელოვნურ კუნძულებს, რომლებიც მსოფლიო ატლასის იმიტაციას ახდენს, ცნობილ პალმას. თვალი გაუსწორეთ Burj Khalifa-ს კენწეროს და გვერდი აუქციეთ ქარის წისქვილებს. კომპანია Seawings-ის ნახევარსაათიანი საჰაერო ტური დუბაის ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე შემოგატარებთ. ზევიდან კარგად ჩანს, რა საგულდაგულოდ არის დაგეგმილი საამიროს ლანდშაფტი (შეიძლება მხატვრული ფილმი „ნიშნებიც“ გაგახსენდეთ, კერძოდ კი მელ გიბსონის სიმინდის ყანაში უცხოპლანეტელების მიერ ამოკვეთილი გეომეტრიული ფიგურები). აქედან სრულად შეიგრძნობთ გამწვანების მასშტაბსაც. ერთი ხე საამიროს წელიწადში $800 დოლარი უჯდება, რადგან თითოეულს ინდივიდუალურად უნდა მიუერთოს წყლის მილი. დუბაის ოქროსფერი ქვიშის მწვანე ოაზისად ქცევაში – მხოლოდ გამწვანებაში – სახელმწიფომ $8 მილიარდზე მეტი დახარჯა, რაც საქართველოს ბიუჯეტზე ცოტათი ნაკლებია. რჩევა, რომლის არმოცემისთვისაც აუცილებლად დამწყევლით: აეროპორტიდან წამოღებულ ბოთლს მაინცდამაინც Seawings-ით გაფრენის წინა ღამეს ნუ გამოუყვანთ წირვას.

რეკომენდაციების სიაში აუცილებლად შესაყვანია Dubai Mall-იც. ეს $20-მილიარდიანი კომპლექსი 502,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ფართობით ესეც „მსოფლიოში უდიდესია“. ცენტრი 1,200 მაღაზიას იტევს, თუმცა მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, ისევე როგორც Dubai Mall-ი, რომელიც, თავის მხრივ, სულ ფართოვდება. ეს ადგილი, სადაც ყველასთვის ყველაფერი მოიძებნება, უბრალოდ უნდა ნახოთ, რომ დაიჯეროთ. Dubai Mall-ში იმდენი გასართობია, რომ შოპინგი არაპირდაპირ დანიშნულებად მოგეჩვენებათ. 22-ეკრანიანი კინოდარბაზი; Sega World-ის თემატური პარკი, ბავშვთა სამყარო სახელად Kidzania, რომელმაც უფროსების სამყაროსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა; გიგანტური აკვარიუმი მთელი წყალქვეშა ზოოპარკით. ტრაბახის საშუალებაც მოგეცემათ, რომ უდაბნოში იციგურავეთ – უბრალოდ მიბრძანდით Ski Dubai-ში, რომელიც შუა მოლშია განლაგებული. აქ საამიროს ჰოკეის გუნდის თამაშებსაც კი შეიძლება თვალი ადევნოთ.

უდაბნოს ტურის ფარგლებში შეგიძლიათ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთადერთი ბუნებრივი ჩანჩქერიც მოინახულოთ. წელს ვერ მოვასწარი აქლემით გასეირნება უდაბნოში და მუცლის მოცეკვავეების თანხლებით ტრადიციული არაბული სადილის მირთმევა. კლიშედ ჟღერს, თუმცა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება უნდა იყოს ბედუინური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტთან უშუალო, თუნდაც „კარნავალური“ შეხება. ძალიანაც კარგი. მექნება მიზეზი, დავბრუნდე საამიროში, რომლის უხუცესებიც 40 წლის წინ მირაჟს უფრო დაიჯერებდნენ, ვიდრე იმას, რომ მათი ღარიბი სოფელი მათსავე სიცოცხლეში რეგიონის ფინანსურ და ტურისტულ ცენტრად იქცეოდა. თქვენც იმავეს გირჩევთ.