საბერძნეთს სურს ტურიზმის სექტორის ამუშავება, ადრეა თუ არა ეს?

საბერძნეთს სურს ტურიზმის სექტორის ამუშავება, ადრეა თუ არა ეს?

საბერძნეთის შემოსავლების ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო – ტურიზმის ინდუსტრია წელს მილიარდობით ევროს ზარალს განიცდის. ქვეყნის სასტუმროების 65% კოტრდება, საბერძნეთი, რომელსაც გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ძალები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე აღდგენილი, ახლა კორონავირუსის პანდემიის შედეგებს განიცდის.

როგორც Deutsche Welle წერს, საბერძნეთის სუსტი ფისკალური მდგომარეობის აღდგენა, სავარაუდოდ  კვლავ ეჭვქვეშაა. პროგნოზების გადახედვა ხშირად ხდება და ტურიზმის მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, ნებისმიერი პროგნოზი მცირდება.  

“ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ველოდებით, რომ ტურიზმის სექტორი წელს 50%-ით დაზარალდება. ეს ყველაზე შესაფერისი სცენარია“, – განაცხადა ტურიზმის მინისტრმა.

პანევროპული დილემა

კორონავირუსი ევროპაში მძვინვარებს, საბერძნეთის პრობლემები ექოსავით გაჰყვება მთელ კონტინენტს. პორტუგალიის ალგარვის რეგიონი თითქმის ცარიელია. ედინბურგის აგვისტოს ფესტივალი გაუქმებული, ნიდერლანდებში ყვავილების მდელოები კი დაკეტილია.

თუმცა, საბერძნეთისთვის, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფსონები უფრო მაღალია. ტურიზმი ამ ქვეყანაში ეკონომიკის და სამუშაო ადგილების ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც 16.4%-ია უმუშევრობა, პანდემიის გავლენა ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ ტვირთად დააწვება საბერძნეთს.

მიმდინარე კვირას, მთავრობის წარმომადგენლები უკვე ცდილობენ ტურ ოპერატორებთან გეგმების დალაგებას, რათა მიღებული ზიანის ანაზღაურება დაიწყოს. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედით, აპირებენ რომ მოგზაურები ნელ-ნელა დააბრუნონ ქვეყანაში. ტურ ოპერატორები იმ მომხმარებლებს, რომელთაც გაუუქმდათ ნაყიდი ტურისტული პაკეტები კორონავირუსის გამო, სთავაზობენ ვაუჩერები ოქტომბერსა და ნოემბერში გამოიყენონ.

თუმცა, მეორე მომენტია, ჩავლენ თუ არა ტურისტები საბერძნეთში. ქვეყნის ორი უმსხვილესი ქვეყანა, საიდანაც ტურისტების დიდი ნაწილი ჩადის, ბრიტანეთი და გერმანიაა. ბრიტანელები მასობრივად აუქმებენ ჯავშნებს, გერმანელების 40% კი კვლავ გეგმავს არდადეგებების გატარებას.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ტურიზმის სექტორიდან შემოსავლები და ბიზნესის მიერ მიღებული სარგებლის 80% სწორედ ივლისსა და აგვისტოში გენერირდება.

კორონავირუსით დაინფიცირების რაოდენობის მხრივ საბერძნეთი დანარჩენ ევროპასთან შედარებით კარგ პოზიციაზეა. ქვეყანაში ამ დრომდე 2 591 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 140 ადამიანი, რაც მაგალითად, იტალიასთან, ესპანეთთან, თურქეთთან და გერმანიასთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებალია.

“დიდი ზომის კურორტის ტიპის სასტუმროები შესაძლოა სულ დაიხუროს სეზონზე. საოპერაციო ხარჯები ძალიან დიდია ამ ვითარებაში“, – განაცხადა კუნძულ როდოსის სასტუმროების მფლობელმა მანოლის მარკოპულოსმა.

ტურიზმის სექტორის ექსპერტების თქმით, იმისათვის რომ ტურიზმის სექტორმა განაახლოს მუშაობა, ყველა ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს ვირუსისგან,

“კარანტინი და მოგზაურობა არ უნდა აურიო ერთმანეთში. რომელი ბრიტანელი, გერმანელი ან ამერიკელი მოისურვებს დიდი გზა გაიაროს ერთი კვირის დასვენებისთვის, მაშინ როდესაც ეცოდინება, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 14–დღიანი კარანტინი მოუწევს“, – ამბობს საბერძნეთის ტუროპერატორების ხელმძღვანელი ლისანდროს ცილიდისი.

საბერძნეთის ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ აპირებენ მოგზაურები მკაცრად შეამოწმონ ჯანმრთელობაზე მას შემდეგ რაც ისინი საზღვრებს გახსნიან. “ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებას“, – განაცხადა ტურიზმის მინისტრმა.

ინდუსტრიის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ 18 თვე მაინც დასჭირდება იმას, რომ ტურისტმა საბერძნეთში ორგანიზებული ფორმით იმოგზაუროს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *