საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 127.6 მლნ აშშ დოლარი (349.4 მლნ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 62.6 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 8.2 პროცენტიდან 3.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2019 წლის მეორე კვარტალში წლიურად 13.7 პროცენტით შემცირდა და 879.7 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მეორე კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 8.4 პროცენტით გაიზარდა და მეორე კვარტალში 877.6 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.2 პროცენტით შემცირდა და 2019 წლის მეორე კვარტალში 373.3 მლნ აშშ დოლარს (1.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში სამთავრობო ტრანსფერები შემცირდა, ხოლო კერძო სექტორის – უმნიშვნელოდ გაიზარდა. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 128.7 მლნ აშშ დოლარი (352.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.2 პროცენტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.