საინვესტიციო კვლევების პიონერი

საინვესტიციო კვლევების პიონერი

გალტ & თაგარტმა 2023 წლის დასაწყისში მეშვიდედ მიიღო GLOBAL FINANCE-ის ჯილდო და კვლავ ქვეყნის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა. კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვლევების დეპარტამენტი, რომელიც 10 წელზე მეტია, ბიზნესსექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემებისა და რეკომენდაციების მიუკერძოებელი წყაროა.

გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე FORBES GEORGIA გუნდის ხელმძღვანელს, ევა ბოჭორიშვილს ესაუბრა.

გალტ & თაგარტი 10 წელზე მეტია, კვლევით საქმიანობას ეწევა. როგორ დაიწყო ყველაფერი და რა არის ის ძირითადი შედეგები, რასაც თქვენი გუნდის საქმიანობა აერთიანებს?

გალტ & თაგარტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საინვესტიციო კვლევების წარმოება, რადგან მსგავს კვლევებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებისა და ცვალებად გარემოში ოპტიმალური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისთვის. ჩვენ უკვე ათ წელზე მეტია, აქტიურად ვართ ჩართული ამ საქმიანობაში და გალტ & თაგარტი პირველი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელმაც საინვესტიციო კვლევების წარმოება დაიწყო. გუნდის ეკონომიკური, ფინანსური და სექტორული ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა და მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული კვლევები ინვესტორებს ეხმარება ბაზრის დროულ ანალიზსა და სამომავლო ტენდენციების უკეთ პროგნოზირებაში, საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ რეგულარულად ვფარავთ საქართველოს ეკონომიკას, წამყვან სექტორებს, ადგილობრივ და გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, ანალიტიკურ ანგარიშებს მაკროეკონომიკურ და სხვადასხვა სექტორის ტენდენციებსა და მოლოდინზე. ამასთან ერთად, ჩვენი ანალიტიკოსები არიან მოთხოვნადი რესპონდენტები, რომელთაც აქვთ უნარი, მყისიერად შეაფასონ ბაზრის ტენდენციები, რაზეც გავლენა აქვს როგორც რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს, ისე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებას.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დაიხვეწა კვლევითი საქმიანობის არეალი, მეთოდოლოგია, მრავალფეროვანი გახდა ის სექტორები და ბიზნესები, რომელთაც ჩვენ რეგულარულად ვფარავთ. შესაბამისად, გაფართოვდა ჩვენი კვლევების მომხმარებლების ბაზაც – გვყავს 10,000-ზე მეტი უნიკალური გამომწერი და ეს რაოდენობა მზარდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობის დასაწყისში საქართველოს საინვესტიციო კვლევებით მხოლოდ უცხოელი ინვესტორები და ანალიტიკოსები ინტერესდებოდნენ და, შესაბამისად, კვლევებს მხოლოდ ინგლისურად ვაწარმოებდით. ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზარდა ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეების დაინტერესებაც, რასაც ასევე ხელი შეუწყო ცვალებადმა ეკონომიკურმა გარემომ (ლარის მერყეობა, რეგიონული კონფლიქტები, პანდემია, და ა.შ.) და არსებული ტენდენციების ანალიზსა და სამომავლო პროგნოზებზე მოთხოვნა ქვეყნის შიგნითაც გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ასევე დაინტერესება ბიზნესების მხრიდან მათზე მორგებულ საინვესტიციო კვლევებზე, რაც ჩვენი საქმიანობის საჭიროებასა და სანდოობაზე მიუთითებს.

გალტ & თაგარტის კვლევები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან პლატფორმაზეა გამოქვეყნებული, ესენია Bloomberg-ი, Thomson Reuters-ი, S&P, Capital IQ და სხვა, რაც ზრდის საქართველოს ცნობადობას გლობალურ კორპორაციულ და საინვესტიციო რუკაზე. ასევე, ყოველკვარტალურად ვიღებთ მონაწილეობას Bloomberg-ის ეკონომისტების საერთაშორისო გამოკითხვაში და ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები საქართველოს შესახებ მათ პლატფორმაზეა განთავსებული.

საინვესტიციო საქმიანობა ხანდახან სწრაფ მოქმედებასა და ინსაიტებს საჭიროებს. როგორ ახერხებთ სისწრაფესა და ხარისხს შორის ბალანსის შენარჩუნებას და რა არის ის პრაქტიკები, რაც გალტ & თაგარტის კვლევებს მაღალ სანდოობას ანიჭებს?

მთავარი უპირატესობა – ჩვენი გუნდური მიდგომაა კვლევითი საქმიანობის მიმართ. გალტ & თაგარტში ცოდნის უწყვეტობის პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. ამისათვის მუდმივად ვხვეწთ შესაბამის ბიზნესპროცესებს და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს თანამშრომლებს შორის საუკეთესო პრაქტიკებისა და ცოდნის გაზიარებას. აქტიურად ვმუშაობთ პროცესების ავტომატიზაციაზეც, რაც დროისა და მონაცემების დამუშავების ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა. მკაფიოა გუნდის წევრების სამუშაო აღწერილობებიც და არასდროს ხდება დავალებების დუბლირება. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან და, შესაბამისად, ვფლობთ ბიზნესთან დაკავშირებულ სპეციფიკურ მონაცემებს, რაც რეალურ დროში ასახავს ბაზრის ტენდენციებს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს. შესაბამისად, ჩვენი კვლევების ხარისხზე არაერთი შეფასება მიგვიღია უცხოელი სტეიკჰოლდერებისგან, იქნება ეს სავალუტო ფონდი, სარეიტინგო კომპანიები თუ ცალკეული ინვესტორები.

გუნდის დინამიკაზეც მინდა გკითხოთ. როგორ დაახასიათებდით თანამშრომლებს და, ზოგადად, რა იზიდავთ მკვლევრებსა და ანალიტიკოსებს გალტ & თაგარტში, როგორც დამსაქმებელში?

როგორც დასაწყისში ვახსენე, კვლევების დეპარტამენტში მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანალიტიკოსები, რომლებიც საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები არიან. მათი გუნდში შენარჩუნება კი წარმოუდგენელი იქნებოდა კომპანიაში განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს გარეშე. კომპანიაში გვაქვს ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ჩვენი კვლევების ხარისხის მუდმივი ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამავდროულად, თავად საქმე იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითია, რომ საქართველოში ალბათ ძნელად იპოვით ადგილს, სადაც ამგვარ ინტელექტუალურ და შემოქმედებით დავალებებზე იმუშავებთ და საკუთარი უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა გექნებათ.

კვლევის დეპარტამენტში პროფესიონალებთან ერთად დამწყები ანალიტიკოსებიც მუშაობენ და ახალი კადრების აღზრდა გუნდის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დამსაქმებელი ვართ და როდესაც ვაკანტური პოზიცია გვაქვს, ძალიან ბევრი აპლიკანტი იყრის თავს შერჩევის პროცესში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ავარჩიოთ და გუნდი დავაკომპლექტოთ ქვეყანაში არსებული საუკეთესო ტალანტით. ამასთან, არსებული გუნდი ახალი თანამშრომლების მენტორობაზე მნიშვნელოვან რესურსს დებს და ცოდნის გადაცემის პროცესი დიდ გავლენას ახდენს მათ პროფესიულ და მენეჯერულ ზრდაზე. გუნდში ასევე მხარდაჭერილია ღიაობა, დისკუსია, ინიციატივები, რათა ბიზნესპროცესები უფრო ეფექტიანი იყოს. ყველა ჩვენი თანამშრომელი იცნობს კარიერული წინსვლის სქემას და მათ ზუსტად იციან, თუ რა მოლოდინი არსებობს მათი მისამართით.

საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული, სამუშაო გარემო იზიდავს კომპანიაში როგორც დამწყებ ანალიტიკოსებს, ასევე ინარჩუნებს უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს.

რა არის კვლევითი საქმიანობის ის განზომილებები, რომლებიც თქვენი საქმიანობის ძირითადი ფოკუსია?

ჩვენი კვლევის პრაქტიკა აგებულია პრინციპზე – კი არ თქვა, დაამტკიცე (“Show, Don’t Tell”). შესაბამისად, ჩვენი კვლევის დასკვნები, პროგნოზები და რეკომენდაციები უნდა იყოს გამყარებული ფაქტობრივი გარემოებებით, მონაცემთა ანალიზით და პროგნოზირების საუკეთესო მეთოდებით.

გალტ & თაგარტში ვმუშაობთ სექტორებზე (მაგალითად: ენერგეტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება, ღვინო, ავტოინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და სხვა), რომლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს. არის ასევე სექტორები, რომლებიც სრულიად ახალია ქვეყნისთვის და, შესაბამისად, გუნდისთვისაც, თუმცა სიახლეებზე მუშაობა და გამოწვევები უფრო მეტად ავითარებს თითოეულ ჩვენგანს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობის პროცესს.

ნებისმიერი კვლევის შემთხვევაში, პირველ რიგში, საკვლევ სექტორთან დაკავშირებით ვიძიებთ და ვამუშავებთ ყველა ხელმისაწვდომ და რელევანტურ საჯარო თუ ფასიან ინფორმაციას, რათა სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდეს გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებით. პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს და ვიყენებთ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების კვლევით პრაქტიკებს. ასევე, ვითვალისწინებთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტული სექტორის კომპანიებთან შეხვედრები და მათი აზრის მოსმენა, რადგან ამ კვლევების საბოლოო მომხმარებლები სწორედ ბიზნესები არიან და წარმოებული კვლევა პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს რელევანტური და სასარგებლო. ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, რათა გვქონდეს ყველა საჭირო სტატისტიკური მონაცემი და კარგად გვესმოდეს, რა მეთოდოლოგია დგას თითოეული მონაცემის უკან. ასევე, გვაქვს საერთაშორისო მონაცემთა ბაზაც. ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე მოდის, ხოლო დარჩენილი დრო უშუალოდ კვლევითი ანგარიშის გენერირებას და მონაცემების გადამოწმებას ეთმობა.

როგორ ზომავთ გალტ & თაგარტის კვლევითი დეპარტამენტის კონტრიბუციას საინვესტიციო ბანკის შედეგებში და, ზოგადად, ბიზნესსექტორის განვითარებაში?

სწორი ბიზნეს- თუ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება კვლევითი საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოში კომპანიები ძალიან ბევრ რესურსს და ძალისხმევას დებენ სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და კვლევით მიმართულებაზე. ჩვენს კომპანიაშიც ყველა სხვა მიმართულების საქმიანობა კვლევების დეპარტამენტის ექსპერტიზის გათვალისწინებით ხდება. ასევე, არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენს კვლევებს დიდი პოზიტიური ე.წ. „spillover” ეფექტი აქვს საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩვენ განვითარებადი ეკონომიკა ვართ და მიმზიდველი ვართ ინვესტორებისთვის. თუმცა ინვესტირებას გარკვეული სპეციფიკური ცოდნა და ინფორმაციული მხარდაჭერა სჭირდება, რასაც სწორედ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტი ემსახურება. მაგალითად, მეზობელ ქვეყნებში საქართველოს მსგავსი საინვესტიციო კვლევითი საქმიანობა არ არის სათანადოდ განვითარებული და ინვესტორებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ამ ქვეყნებში ინვესტირებაზე, რაც ჩვენთან საუბრებში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. საქართველოში კი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ეკონომიკასა და სექტორებზე ანალიტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც უწყობს ხელს.

ზოგადად, ჩვენი კვლევების გავლენა ან საჭიროება განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში იზრდება. ეს COVID19-ის პანდემიის დროს ნათლად გამოჩნდა. ჩვენი ანგარიშებით ხელმძღვანელობდა როგორც ბიზნესსექტორი, ისე საჯარო სექტორი, რათა კრიზისის მასშტაბებსა და მის გავლენაზე სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონოდათ.

რა სექტორებს ფარავს ამჟამად თქვენი საქმიანობა და როგორ ირჩევთ საკვლევ ინდუსტრიებს? აქვე გკითხავთ, თქვენი აზრით, რომელია საქართველოში ის ძირითადი სექტორები, რომელთაც მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვს?

ჩვენ ვაწარმოებთ მაკროეკონომიკურ, საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრების კვლევებს, რაც ემსახურება ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას სხვადასხვა სექტორში, ბაზარსა და აქტივების კლასში. ამჟამად საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს ვფარავთ და, შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებს (ენერგეტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება, განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ალკოჰოლური სასმელები, ავტოინდუსტრია და სხვა) სრულყოფილად ვიკვლევთ და ამ ნაწილში, ბაზრის მხრიდან, ჩვენ მიმართ ნდობა მაღალია. ამავდროულად, არის მიმართულებები, რასაც გალტ & თაგარტის საჭიროებებიდან გამომდინარე ვიკვლევთ და საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ექსპერტიზა და დაგროვილი გამოცდილება ჩვენს საინვესტიციო ბანკში ყველა სექტორთან მიმართებით არსებობს.

ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა სექტორზე კონფერენციების გამართვა, სადაც თავს ვუყრით ბაზრის ყველა მოთამაშეს – ბიზნესებს, ინვესტორებს, მთავრობის წარმომადგენლებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ერთგვარი პლატფორმა დარგში მიმდინარე შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმირებული დისკუსიების გასამართად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენი ყურადღების ქვეშ ექცევა ისეთი სექტორები, სადაც ბევრი კომპანიაა კონცენტრირებული, ან ბევრ სხვადასხვა კომპანიაზე/ადამიანზე აქვს გავლენა, ან მნიშვნელოვნად იზრდება/გახშირებულია სექტორთან დაკავშირებული დისკუსიები მედიასა და საზოგადოებაში. ასე მოექცა ჩვენს ფოკუსში ელექტრონული კომერციის სექტორი, რომელიც განვითარებადი და საკმაოდ სწრაფად მზარდი მიმართულებაა.

რაც შეეხება ზრდის პოტენციალს, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენს ეკონომიკაში არცერთი სექტორის პოტენციალი სრულად ათვისებული არ არის. თუმცა ზრდის ტემპებითა და საინვესტიციო მიმზიდველობით გამოვარჩევდი ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ელექტრონულ კომერციას, განათლებას და სხვა. ასევე IT-სექტორს, რომლის საექსპორტო შემოსავლები 2021 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდება და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს მილიარდ დოლარსაც მიაღწევს.

მაკროეკონომიკური პერსპექტივიდან, რამდენად მიმზიდველია საქართველო ინვესტორებისთვის?

საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი მუდმივად არის და ამაზე მონაცემებიც მიუთითებს. პანდემიის პერიოდში შემცირების შემდეგ ინვესტიციების აღდგენის ტემპი სწრაფი იყო და 2022 წელს ქვეყანაში რეკორდული, $2.1 მილიარდი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ასევე ინვესტიციების ზრდისთვის დამატებითი ბიძგი იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რამაც რეინვესტირება მკვეთრად გაზარდა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ის ფაქტორები, რაც ინვესტორებს საქართველოში იზიდავთ, საკმაოდ მრავალფეროვანია. გვაქვს მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა, ბიზნესის კეთების ხელსაყრელი გარემო, განვითარებული საფინანსო სექტორი, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი საგადასახადო ტვირთი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ა.შ. და ყოველივე ამის ერთობლიობა მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად გვაქცევს.

ამ ყველაფერთან ერთად, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანაში წარმოდგენილია მაღალი რეპუტაციის კვლევითი საქმიანობა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ეკონომიკურ და სექტორულ ტენდენციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კვლავ თქვენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, რა მიმართულებით ვითარდება ზოგადად კვლევითი საქმიანობა, რა მოთხოვნები ჩნდება ბაზარზე თქვენი საქმიანობის მიმართ და რა არის თქვენი ამოცანა უახლოესი წლებისთვის?

კვლევითი საქმიანობის განვითარებას და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში საგრძნობი ტრანსფორმაციაა ბაზრის მოთხოვნებში. თუ ადრე ბიზნესებს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდათ, დღეს მათ საკონსულტაციო მომსახურება და რეკომენდაციები სჭირდებათ. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ბიზნესებისა და ინვესტორების მხრიდან. აქედან გამომდინარე. ჩვენი ამოცანაა, გალტ & თაგარტის კვლევები კიდევ უფრო მორგებული გავხადოთ ბიზნესის საჭიროებებზე. ამასთან, საქართველო სერვისებზე ორიენტირებულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ჩვენი ექსპერტიზისა და სერვისების რეგიონში გავრცელებაზეც ვიფიქროთ.