საკუთრების უფლების პოლიტეკონომია

საკუთრების უფლების პოლიტეკონომია

„საკუთრების უფლების გარეშე ადამიანებს არ ექნებათ სტიმული ფიზიკურ და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ან უფრო მეტად შედეგიანი ტექნოლოგიების გამოყენების“
დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი და საიმონ ჯონსონი, 2005 წლის ნაშრომიდან.

რობინზონ კრუზოს სამყაროში საკუთრების უფლებას არანაირი როლი არ გააჩნია. თუმცა ადამიანთა საზოგადოებაში ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მათ შორის ურთიერთობის წესებს წარმოადგენს, რომლის საჭიროება რესურსების შეზღუდულობითაა განპირობებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს საკუთრების უფლების განსაკუთრებული როლი, რათა შეზღუდული რესურსების პირობებში ადამიანებს შორის ურთიერთობა წინასწარ განსაზღვრულ წესებს და სტრუქტურას ეფუძნებოდეს. ამგვარი გარემო მომავალში ქმედებებს მეტად განჭვრეტადს ხდის და აიოლებს ადამიანთა შორის ურთიერთობას.

რესურსებს, გარდა სიმწირისა, ალტერნატიული გამოყენებაც ახასიათებს. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ რას იღებს და ვინ რას აკეთებს. პირველი უკვე წარმოებული საქონლის განაწილებას ეხება, მეორე კი – უშუალოდ წარმოებას. რესურსების ალტერნატიული გამოყენების პირობებში არსებობს ამ უკანასკნელით სარგებლობის ალტერნატიული დანახარჯი. ასეთივე დანახარჯი აქვს წარმოებულის მოხმარებასაც. ამ ერთი მონეტის ორივე მხარის შემთხვევაში, საზოგადოების ამოცანაა რესურსების იმგვარი გამოყენება, სადაც დანახარჯები მინიმიზებულია. ამ ამოცანას საკუთრების უფლება ასრულებს.

საკუთრების უფლების განმარტება არაერთგვაროვანია. ამ უკანასკნელის, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებლად განხილვა რომაულ და ანგლოსაქსურ სამართლის სისტემებთან და ურთიერთწინააღმდეგობრივ ეკონომიკურ ფილოსოფიებთანაც კი შესაბამისობაშია. თუ საკუთრების უფლების ცენტრალური როლი ურთიერთობის განსაზღვრაშია, მაშინ მისი ადამიანის უფლებებისგან განცალკევება გაუმართლებელია. მაგალითად, საარჩევნო უფლებით, ან ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებით სარგებლობა საკუთრების უფლებაა, რადგან ჩამოთვლილი განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლე ადამიანსა და სხვა დანარჩენს შორის ურთიერთობას. საკუთრების უფლება არა ნივთის მფლობელსა და ნივთს შორის ურთიერთობას, არამედ ამ ნივთის მფლობელსა და სხვა დანარჩენების ურთიერთობას აწესრიგებს ამ ნივთთან მიმართებით.

თეორეტიკოსი სვეტოზარ პეიოვიჩი საკუთრების უფლების ეკონომიკურ ქცევაზე გავლენის სამ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფდა: ექსკლუზიურობას, გადაცემის შესაძლებლობასა და კონსტიტუციურ გარანტიას. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა ნიშნავს, რომ მესაკუთრეს შეუძლია, თავად აირჩიოს, რას გააკეთებს თავისი აქტივით, როგორ გამოიყენებს და ვის ექნება მასზე წვდომა. მესაკუთრე თავად წყვეტს, რა გაკეთდეს მისი აქტივით და ამ გადაწყვეტილებით ან ისარგებლებს, ან იზარალებს. სწორედ ექსკლუზიურობა აძლევს მესაკუთრეს სტიმულს, უზრუნველყოს მის ხელთ არსებული აქტივების ყველაზე მაღალი ღირებულებით გამოყენება. გადაცემის შესაძლებლობა კი ქმნის სტიმულს – რესურსები ნაკლებად პროდუქტიულიდან უფრო პროდუქტიული მწარმოებლის საკუთრებაში აღმოჩნდეს. აღნიშნული გულისხმობს, რომ მფლობელს აქვს უფლება, ორმხრივად შეთანხმებული პირობით, საკუთარი აქტივი სხვებს გადასცეს. კერძო საკუთრების უფლების არარსებობის შედეგია პოლიტიკური ძალაუფლებისა და სიმდიდრის ქორწინება, ასეთი უფლების არსებობის კი – განქორწინება. კონსტიტუციური გარანტია უზრუნველყოფს ეკონომიკური სიმდიდრისა და პოლიტიკური ძალაუფლების ერთმანეთისგან განცალკევებას.

საკუთრების უფლების ინდექსი

წყარო: The index of economic freedom, The Heritage Foundation.

კიდევ ერთი ეკონომისტი არმენ ალჩიანი, რომელიც საკუთრების უფლების ეკონომიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, ხაზს უსვამდა კერძო საკუთრების ექსკლუზიურობას. თუ ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, სხვისგან იყიდოს საკუთრების უფლება ან მისი ნაწილი, ხოლო მეორე ადამიანი შეზღუდულია ასეთი უფლების გაყიდვაში, მაშინ საკუთრების უფლება შემცირებულია. ამრიგად, კერძო საკუთრების ძირითადი ელემენტებია: ექსკლუზიურობა რესურსების გამოყენების არჩევის უფლებაში, ექსკლუზიურობა რესურსებზე მომსახურების უფლებაში და რესურსების ურთიერთშეთანხმებული პირობით გაცვლის უფლება. საკუთრების უფლების ფუნდამენტურ მიზანზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია რესურსების კონტროლზე დესტრუქციული კონკურენციის აღმოფხვრა. კარგად განსაზღვრული და დაცული საკუთრების უფლება ძალადობით კონკურენციას მშვიდობიანი საშუალებებით ანაცვლებს.

საკუთრების უფლების ინსტიტუტი აუცილებელი რეკვიზიტია საბაზრო ეკონომიკისთვის და მისი წარმატების მთავარი ამხსნელია.

ხსენებული რამ სოციალისტურ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა, რადგან წარმოების რესურსებს სახელმწიფო ფლობდა და მასზე საკუთრების უფლებით კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიურო სარგებლობდა, ხოლო საბჭოთა მოქალაქეებს მხოლოდ მათი შრომიდან მიღებული შემოსავლისა და დანაზოგების, საცხოვრებელი სახლის, შინამეურნეობისათვის საჭირო საგნებისა და პერსონალური მოხმარების ნივთების ფლობა შეეძლოთ.

საქართველო 70 წელი სოციალისტური სისტემის ნაწილი იყო, სადაც რესურსებზე კერძო საკუთრების უფლება არ არსებობდა, ხოლო საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში, შეიძლება ითქვას, ასეთისადმი ინსტიტუციური მეხსიერებაც გამქრალი იყო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სამოქალაქო და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ომების გამო, საკუთრების უფლების ინსტიტუტის აღდგენა დაგვიანდა. სწორედ ასეთი წინაპირობებით, უფრო მეტად სამართლიანი იქნება ითქვას, რომ საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი საკუთრების უფლების სამართლებრივი სისტემის დაფუძნება კონსტიტუციის მიღებით იწყება. უფრო ადრინდელ პერიოდს უკავშირდება განკერძოების დაწყება. აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ 1992 წელს რიგი სამართლებრივი აქტების მიღებით დაიწყო, რომლის შედეგი საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადასვლა და, ვაუჩერების საშუალებით, მომდევნო წლებში მცირე ზომის საწარმოთა პრივატიზაცია იყო. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემის კიდევ ერთი ტალღა 1998-2002 წლებს მოიცავს, სადაც საპრივატიზაციო ნუსხა დიდწილად ენერგეტიკის სექტორს უკავშირდებოდა. წინა ორთან შედარებით, მასშტაბური და სწრაფი ტემპის პრივატიზაცია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წლებში იყო.

მართალია, დაგვიანებით, მაგრამ საკუთრების უფლებისა და საბაზრო ეკონომიკისთვის აუცილებელი სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე ათწლეულში შეიქმნა, თუმცა მისი აღსრულება მეტად არასახარბიელო იყო. საკუთრების უფლება დე იურე არსებობდა, მაგრამ ამ უკანასკნელის დაცვა და აღსრულება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა, და ეს მდგომარეობა დღემდეა შენარჩუნებული.

საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, საკუთრების უფლების მდგომარეობა ისეთივე იყო, როგორიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობაში. საბჭოთა კავშირის ჩამონგრევის პირველივე წლებში სწრაფი გარდაქმნა ბალტიის ქვეყნებმა (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) მოახერხეს, რომლის ნაწილი საკუთრების უფლების დაფუძნება, ფასების ლიბერალიზაცია და ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემა იყო. საქართველოში ამგვარი რეფორმები დაგვიანდა, ხოლო მომდევნო წლებში პროგრესი არცთუ ისე სახარბიელო იყო.

ამდენად, საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. მიუხედავად ამისა, ადრეული წლებიდან, ამაზე ფართო საზოგადოების წუხილი ნაკლებად იყო გამოვლენილი. საკუთრების უფლების დაცვის საჭიროება არსებობს, როცა რესურსები კერძო საკუთრებაშია. ასეთ დროს სჭირდება მესაკუთრეს ამ რესურსებთან მიმართებით სხვებთან ურთიერთობის კარგად განსაზღვრული, დაცული და აღსრულებადი წესები. რესურსების უმეტესობა კი სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ ათწლეულში სახელმწიფო გაცილებით მეტ რესურსს ფლობდა, ვიდრე დღეს. ამ დროს საზოგადოების უმეტესობა არა თუ რესურსებს არ ფლობდა, არამედ კერძო საკუთრებისადმი ცნობიერებაც არ არსებობდა, განსხვავებით ხსენებული ბალტიის ქვეყნებისა. ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უფრო ნაკლები დრო გაატარეს და მანამდეც, კერძო საკუთრებისთვის საჭირო ინსტიტუციური გამოცდილებაც იქ უფრო ხანგრძლივი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ პრივატიზაციით მოხეირეებსაც საკუთრების უფლების დაცვისა და აღსრულების სუსტი მექანიზმები დიდად არ აღელვებდათ. არსებულ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გარემოში, საკუთარი დაცვისა და აღსრულების საშუალებები საჯარო მექანიზმის ჩამნაცვლებელი იყო. ნაკლებად დაცული საკუთრების უფლება კი, პირიქით, შეიძლება სარგებლის მომტანიც ყოფილიყო, რადგან ამ პირობებში მეტია რენტის ძიების შესაძლებლობა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად დგება პოლიტიკურ ძალაუფლებასთან გარიგებაში შესვლის საჭიროება. ასეთი გარიგება მაშინ არსებობს, როცა სარგებელი ორმხრივია. პოლიტიკური ხელისუფლების სარგებელი ამგვარ შეთანხმებებში პოლიტიკური მხარდაჭერაა. აღნიშნული კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საკუთრების უფლების ნაკლებად დაცულობის და ეფექტიანი აღსრულების არარსებობის.

საბოლოოდ, თუ ვთანხმდებით, რომ საკუთრების უფლება შეზღუდული რესურსების მაღალი ღირებულებით გამოყენებისა და ეფექტიანი განაწილების უზრუნველყოფაა, მაშინ ამგვარი ინსტიტუტის არასრულყოფილი არსებობის საფასური კეთილდღეობის გაუმჯობესების დაკარგული შესაძლებლობაა, რომელიც ამ პერიოდშიც გრძელდება. თუმცა საკუთრების უფლების ეფექტიანი აღსრულების საჭიროება წარმოიქმნება მაშინ, როცა საზოგადოების წევრები მესაკუთრეები გახდებიან. რეალურად, სწორედ მაშინ აღმოჩნდება საკუთრების უფლების დაცვა და აღსრულება (სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლო) მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რადგან ამის მკაფიო მოთხოვნა საზოგადოების უმრავლესობაში იარსებებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *