Samsung-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სამხრეთკორეული კომპანია Galaxy S24-ის სერიის სმარტფონების წარდგენის ღონისძიებას 17 იანვარს გამართავს.
როგორც ცნობილია, ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა Samsung-ის ვებგვერდზე, ასევე YouTube-ის მეშვეობით. სმარტფონების წარდგენა სან-ხოსეში, კალიფორნიაში თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მთავარი პროდუქტი სწორედ Galaxy S24 იქნება, თუმცა Samsung-ი საზოგადოებას სხვა მოწყობილობებსაც წარუდგენს. წინასწარი ცნობით, ეს შესაძლოა იყოს ფიტნესზე ორიენტირებული ტრეკერი, Galaxy Buds 3 Pro და ახალი ჭკვიანი ბეჭედი.
არ არის გამორიცხული, რომ ამავე ღონისძიებაზე Samsung-მა ე.წ. შერეული რეალობის სათვალეც წარმოადგინოს, რომელიც სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროს ცნობით, 2024 წლის ბოლოს გამოვა.