სამსუნგი კორეაში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის განვითარებაში ჩაერთვება

სამსუნგი კორეაში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის განვითარებაში ჩაერთვება

კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კორეის ბანკის მიერ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია ახალი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი სმარტფონების Galaxy სერიაში შეამოწმებს. უფრო კონკრეტულად კი, Samsung-ი მოწყობილობებს შორის უკონტაქტო გადახდების შესაძლებლობებს გატესტავს.

კორეის ბანკის მიერ შემოთავაზებული პროგრამა გადახდების სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის საპილოტე ვერსია ივლისში დაიწყო და მის მართვას კორეის ბანკი უზრუნველყოფს.

Samsung-ის განცხადებით, კომპანიამ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს კორეის ბანკის CBDC საპილოტე პროექტში, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მხარეების პროგრამას სპეციალურ სატესტო გარემოში გამოიკვლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ კორეის ბანკის მმართველი, ლი ჯუ-იოლი, კრიპტოვალუტების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი მათი ფასების არასტაბილურობის გამო, კორეის ბანკმა მაინც გადაწყვიტა განახორციელოს ეს საპილოტე პროექტი საბანკო სტრუქტურების მოდერნიზაციისათვის, ციფრული აქტივების ინსტრუმენტების ღირებულების გამოსაკვლევად.

ამ პროგრამაში Samsung-ის ჩართვა კი მისი სმარტფონების ხაზის, Galaxy-ის ფლაგმანების გამოყენებას გულისხმობს ფულადი გზავნილებისა და უკონტაქტო გადახდებისათვის და ამ ტრანზაქციების მონიტორინგისათვის.

მსოფლიოს მასშტაბით, დღესდღეობით, უკვე მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს ციფრული ვალუტების დატესტვას ექსპერიმენტის სახით. მაგალითისათვის, ჩინეთის სახალხო ბანკს უკვე საკმაოდ განვითარებული ციფრული ვალუტის პროექტი აქვს, რომელიც უკვე ჩაშვებულია მოხმარებაში და ქვეყნის რამდენიმე რეგიონშია ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *