“სამსუნგმა” და “ერისიონმა” მემორანდუმი გააფორმეს

“სამსუნგმა” და “ერისიონმა” მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოში კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსის” წარმომადგენლობასა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონს” შორის ანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება 11 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპანია “სამსუნგ ელექტრონიქსის” მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას.

“უდაოდ ისტორიული დღეა,  საუკუნეზე მეტი ხნის ანსამბლ “ერისიონისთვის” კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. “სამსუნგმა” თავის თავზე აიღო ინიციატივა და ცდილობს თავისი კონტრიბუცია მოახდინოს. ეს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია კერძო სექტორისათვის, ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რომ ზოგადად კულტურას ხელი შევუწყოთ.” – განმარტავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი.

მემორანდუმის ფარგლებში “სამსუნგი” ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს “ერისიონს” და სრულად განაახლებს ანსამბლის სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ასევე განახლდება “ერისიონის” სარეპეტიციო ფორმებიც.

“დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ “სამსუნგ ელექტრონიქსი” 2006 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე 13 წელია განებივრებულები ვართ ქართველი მომხმარებლების სიყვარულითა და პატივისცემით. ამიტომ ამ ნაბიჯით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართული კულტურისადმი, რომელიც ესოდენ მდიდარი და ცნობილია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი პროექტი წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.”- აცხადებს Forbes-თან საუბარში “სამსუნგ ელექტრონიქსის” კავკასიის კომპანიის დირექტორი, ჯეისონ ლი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, “სამსუნგისა” და “ერისიონის” ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული სოლო კონცერტი ჩატარდება.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში “ერისიონს” გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამოდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულო” სწორედ “ერისიონის” წევრების მიერ არის შესრულებული. 135 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.