საფრანგეთის მონაცემთა კონფიდენციალურობის მარეგულირებელმა ორგანომ, CNIL-მა Alphabet-ის Google-ი რეკორდული $170 მილიონით იმის გამო დააჯარიმა, რომ ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ონლაინტრეკერებზე, რომლებიც cookie-ების სახელითაა ცნობილი, უარის თქმა გართულებული იყო.
აღსანიშნავია, რომ CNIL-მა იმავე მიზეზით 60 მილიონი ევროთი Meta Platforms-ის Facebook-იც დააჯარიმა.
„CNIL-მა აღმოაჩინა, რომ facebook.com-ის, google.fr-ისა და youtube.com-ის ვებსაიტები მომხმარებლებს cookie-ებზე უარის თქმის უფლებას ისე მარტივად არ აძლევენ, როგორც მათ მიღებაზე“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიებს მოთხოვნის შესასრულებლად სამი თვე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დამატებითი ჯარიმა დაეკისრებათ, რომლის მოცულობაც ყოველ დამატებით დაგვიანებულ დღეზე 100,000 ევროთი განისაზღვრა.
ამასთან, საფრანგეთი Google-სა და Facebook-ს ავალდებულებს, ფრანგ ინტერნეტმომხმარებლებს შესთავაზონ უფრო მარტივი ინსტრუმენტები cookie-ფაილებზე უარის თქმის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ Google-მა და Facebook-მა უზრუნველყო ვირტუალური ღილაკი cookie-ფაილების დაუყოვნებელი მიღების დასაშვებად, არ არსებობს ეკვივალენტი მათზე ასე მარტივად უარის თქმისთვის, აღნიშნა CNIL-მა.
„ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებელთა უფლებას კონფიდენციალურობის შესახებ და ვცდილობთ, დავიცვათ ისინი. ამასთან, გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ეს ნდობა და ვიღებთ ვალდებულებას შემდგომი ცვლილებებისათვის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ CNIL-თან“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა. Facebook-ის წარმომადგენელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.