საფრანგეთმა ტურიზმის სექტორის გამოსახსნელად 2020 წელს €26 მილიარდი დახარჯა

საფრანგეთმა ტურიზმის სექტორის გამოსახსნელად 2020 წელს €26 მილიარდი დახარჯა

პანდემიამ ყველაზე მეტად მობილობა შეზღუდა, ამ უკანასკნელმა კი გზა ჩაუხერგა საერთაშორისო მიმოსვლასა და ტურიზმის სექტორს, რომლის დასახმარებლად საფრანგეთმა 2020 წელს €26 მილიარდი გაიღო.

ქვეყანაში ამჟამად მესამედაა ამოქმედებული „ლოქდაუნი“, რაც მთავრობის საბოლოო მიზანს ემსახურება – ზაფხულში ტურისტების მიღებასა და რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბარ-რესტორნების გახსნას ზაფხულამდე – მაისის შუა რიცხვებისთვის – ვარაუდობს.

„ჩვენთვის გაზაფხული შედარებით რთული იქნება. ვაგრძელებთ ვირუსის შემაკავებელი მექანიზმებით ცხოვრებას, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც გვაქვს და საჭირო დროს ავამოქმედოთ“, – ამბობს საფრანგეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი.

მანვე განმარტა, თუ როგორ განაწილდა სექტორზე დახარჯული €26 მილიარდი:  €11 მილიარდი მოხმარდა სესხებს, €6 მილიარდი – სოლიდარობის ფონდს, დარჩენილი თანხა კი იმ ადამიანებისთვის გამოიყო, რომელთაც კორონავირუსის გამო სამსახური დროებით დაკარგეს.

ცნობისთვის, საფრანგეთის მოსახლეობის 8.5% სრულადაა აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რაც, სტატისტიკაზე დაკვირვებით, არასაკმარისია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად – Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, გასულ 24 საათში ქვეყანაში დამატებით 31 539 ადამიანი ინფიცირდა, 315 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 5 „დიდი რიცხვი“, რომლებიც საფრანგეთმა ტურიზმის აღდგენამდე უნდა გაითვალისწინოს

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *