ფრანგ დეპუტატებს კანონში შეაქვთ ცვლილება, რომელიც „შავი პარასკევის“ რეკლამას აკრძალავს. აღნიშნული ცვლილება დანაგვიანების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც კანონით რეგულირდება. აღნიშნულ კამპანიას არამარტო დეპუტატები, არამედ წამყვანი მოდის სახლებიც უერთდებიან. უკვე დაახლოებით 600-მა ბრენდმა გამოუცხადა ბოიკოტი „შავ პარასკევს“.
„ყოველწლიურად, საფრანგეთში დიდი რაოდენობის ტანსაცმელი იყრება და მათი რაოდენობა 500 მილიონსაც კი აღწევს. ჩვენ არ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ისეთ ღონისძიებაში, რომელიც დანაგვიანებას და გადაჭარბებულ მოხმარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია რითეილერების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, „შავი პარასკევი“ არამხოლოდ გარემოს აზიანებს, არამედ საზოგადოებასაც ვნებს, რადგან მომსახურე პერსონალის შრომითი უფლებები ირღვევა და მათი შესრულებული სამუშაო შესაბამისად არ ნაზღაურდება. „შავი პარასკევის“ დროს ზარალდებიან მოდის სახლები და მწარმოებლებიც, რადგან იძულებულნი არიან ესა თუ ის ნივთი თვითღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად გაყიდონ, რაც მათთვის სრულიად არამომგებიანია.