საქართველო გლობალური კონკურენტუნარიაობის ინდექსში დაწინაურდა

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიაობის ინდექსში დაწინაურდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF), გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის საქართველო 66-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 135 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი კვლავ ჩამოუვარდება 2016-2017 წლის მონაცემს.

საქართველოს მონაცემები ძირითად კრიტერიუმებში შემდეგნაირად შეიცვალა:

ინფრასტრუქტურა – საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 66.7-ია, რაც წინა წელთან შედარებით, გაუარესებული მაჩვენებელია და შედეგად ქვეყანამ  მსოფლიოში 72-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად გასული წლის 69-ე ადგილისა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა – 100-დან საქართველოს სარეიტინგო ქულა 74.5-ია და შედეგად ქვეყანა მსოფლიოში 72-ე ადგილს იკავებს, ნაცვლად გასული წლის 48-ე ადგილისა. ეს კრიტერიუმი აერთიანებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ვალის მდგრადობას. ამ უკანასკნელით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

უნარები – 68 ქულით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ეს კრიტერიუმი აერთიანებს სამუშაო ძალის უნარებს, პროფესიული სწავლების მეთოდებს, სამუშაო ძალის გადამზადებას, კრიტიკულ აზროვნებას, მოსახლეობის ციფრულ უნარებს და ა.შ.

შრომითი ბაზრის ეფექტიანობა – 65.6 ქულით, საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

საფინანსო სისტემა – 54 ქულით, საქართველო 88-ე ადგილზეა, რაც ასევე გაუარესებული მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყანა 63-ე ადგილზე იყო.

ბაზრის ზომა – 40.9 ქულით, საქართველო მსოფლიოში 102-ე ადგილზეა.

ბიზნესის დინამიკა – საქართველო 62 ქულით, მსოფლიოში 53-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველო დაწინაურდა. საუკეთესო შედეგი კი ქვეყანას ბიზნესის დაწყების დროის კრიტერიუმში აქვს, – მეოთხე ადგილი მსოფლიოში.

ინოვაციები – 32.7 ქულით, საქართველო მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *