საქართველო - ინოვაციების ქვეყანა

საქართველო - ინოვაციების ქვეყანა

საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მაჩვენებლით, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება ლოკალურ ეკონომიკაზე, ბიზნესგარემოზე, სტარტაპ-ეკოსისტემის ზრდასა და, ზოგადად, მეწარმეობის სფეროს დაწინაურებაზე – სწორედ ამის დასტურია ის, რომ ეკონომიკური თავისუფლების 2021 წლის რეიტინგში, ევროპის 45 სახელმწიფოს შორის, საქართველო მე-7 ადგილს იკავებს. თამამად შეიძლება ითქვს, რომ ამგვარი წარმატება ერთის მხრივ განაპირობა ჩვენს საზოგადოებაში ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიმართ არსებულმა ერთგვარმა ეროვნულმა მზაობამ, ხოლო მეორეს მხრივ კონკურენტული შიდა ბაზრის გაჩენის საჭიროებამ, მეწარმეობის განვითარებამ, პანდემიამ და მის წიაღში აღმოცენებული ელექტრონული კომერციის ინდუსტრიამ ქვეყანას წარმოუდგენელი შედეგები მოუტანა: მაგალითისთვის გეტყვით, რომ სმარტფონებისა და ინტერნეტის საბაზრო შეღწევადობის მაჩვენებლებით, რომლებიც 2021 წლის მონაცემებით, 86% და 84%-ს შეადგენენ, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამასთანავე, საქართველოში განსაკუთრებით განვითარებულია საბანკო ინდუსტრია – შეიძლება ითქვას, რომ წამყვანი ქართული ბანკები მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები კი არა, ტექნოლოგიური კომპანიები არიან, რომლებიც რეგიონში საუკეთესო ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ქმნიან, რაც, ერთი მხრივ, ავითარებს ბიზნესსა და ეკონომიკას, ხოლო მეორე მხრივ საგრძნობლად ამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

კომერციული ბანკების გარდა, ქვეყნის საბანკო ინფორმაციის პროგნოზს, მის გამჭვირვალობას  საქართველოს ეროვნული ბანკი განაპირობებს – მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც გასულ წელს ციფრული ლარის შექმნა დააანონსა. ქართული ვალუტის გაციფრულება ახალი ტექნოლოგიების გაჩენამ და მათმა აქტიურმა განვითარებამ განაპირობა, რადგან სწორედ ვალუტის განვითარებითაა შესაძლებელი, რომ ქართული ლარი ციფრულ ეკონომიკას მოერგოს და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება ფინანსური ეკოსისტემისთვის და დიდ გავლენას მოახდენს კერძო ინოვაციებისა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე.

ქვეყნის ინოვაციური განვითარების გზაზე კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს როლს გადახდების ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიები ასრულებენ. მათ შორის, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი – Visa, რომელიც კავკასიის რეგიონშიც აქტიურადაა წარმოდგენილი. ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ტრანზაქციებს, Visa ყოველწლიურად 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს. Visa – გლობალური კომპანიაა, რომლის მისიას მსოფლიოს დაკავშირება წარმოადგენს გადახდების ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო ქსელის მეშვეობით. Visa-ში სჯერათ, რომ ეკონომიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა დადებითად აისახება ადამიანთა კეთილდღეობაზე და თან, ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარიცაა. Visa საქართველოში ქართველ მეწარმეებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს, ბაზარზე სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტსა და პროექტს ნერგავს და ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ Visa-ს დამსახურებაა ის, რომ ლოკალულ ბაზარზე Visa-ს ბარათებით შესრულებული უკონტაქტო გადახდების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს – ცნობისთვის, ყოველი ათი გადახდიდან ცხრა-ნახევარზე მეტი ტრანზაქცია უკონტაქტო ტექნოლოგიით სრულდება. ამასთანავე, პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარა, კერძოდ ბიზნესები ონლაინსივრცეში გადავიდნენ, განვითარების სტრატეგიები ახალ რეალობას მოარგეს და, ზოგადად, ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა გაციფრულებაზე და გაფართოვდა უკონტაქტო გადახდების ფუნქციონალის გამოყენების არეალი – აი, მაგალითად, Visa Tap to Phone-ტექნოლოგიის გამოყენებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმეებს შეუძლიათ, საკუთარი სმარტფონი POS-ტერმინალებად აქციონ.

ფოტო: Payze

ისე კი, საქართველოს ინოვაციურობა განვითარებული სტარტაპ-ეკოსისტემის დამსახურებაც გახლავთ, რომელმაც არაერთ ქართულ კომპანიას გლობალურ ბაზარზე ასპარეზობის საშუალება მისცა. ცოტა ხნის წინ ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპი Payze-ი, რომელიც ამასთანავე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, Y Combinator-ის პროგრამის მონაწილე და 500 Georgia-ს გამარჯვებული კომპანიაა, Visa Everywhere Initiative 2021-ის ფინალისტი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალური ფინალის გამარჯვებული გახდა, რაც ამ რეგიონში შემავალი ქვეყნების მრავალრიცხოვნობისა და ტექნოლოგიური განვითარების დონის გათვალისწინებით, საქართველოს ინოვაციურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ ტექნოლოგიურად განვითარებული ქართული ბანკები – რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბანკმა ქვეყანაში მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორი, 500 Startups-ი შემოიყვანა, რაც ნათელი გამოვლინებაა იმისა, რომ ქართულ ტექნოლოგიურ კომუნაში აღმოცენებულ სტარტაპებს ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა შეუძლიათ.

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომელთაც საკუთარი ინოვაციური პროდუქტით გლობალური მოთამაშეების ყურადღება მიიპყრეს და მოახერხეს, რომ მათთან შერწყმულიყვნენ. ამ მხრივ, ფენომენალურად წარმატებული ქართული კომპანია PulsarAI-ი აღმოჩნდა – ამ კომპანიის უკან მდგომმა ადამიანებმა საავტომობილო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომლითაც ავტოინდუსტრიის გიგანტის, SpinCar-ის ყურადღება მიიპყრეს. თუმცა ამბავი აქ არ დასრულებულა: PulsarAI-ის დამფუძნებლებმა ამ დრომდე არნახულ წარმატებას მიაღწიეს, კერძოდ SpinCar-მა კომპანია რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა და საკუთარი გლობალური ოპერაციების მთავარ დასაყრდენად აქცია.

Pulsar AI-ის დამფუძნებლები | ფოტო: Forbes Georgia

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს იმ კომპანიების როლი, რომლებსაც გლობალურ კომპანიებთან შერწყმის ნაცვლად, ქართული ინოვაციურობის წინ წამოწევა სურთ და, რისთვისაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შემდეგ, ბიზნესს, უმეტესწილად, საქართველოდან უძღვებიან. ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითად საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – თიბისი გამოდგება, რომელმაც საქართველოსა და რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი – სფეისი შექმნა. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ სფეისის გუნდი საქართველოში იმყოფება და აქედან ორ გეოგრაფიულ ერთეულს – საქართველოსა და უზბეკეთს უძღვება. ამგვარი მიდგომა და მართვის სტილი საქმიანობის პლატფორმას უფრო ეფექტიანს და გაცილებით  მასშტაბურს ხდის და უცხოური კაპიტალის დაგროვების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც უწყობს ხელს, რაც ქართული კომპანიის ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომაზე მიუთითებს.

გვერდს ვერ ავუვლით ინტერნეტის, ე.წ. საჯარო ხელმისაწვდომობის ხილულ სივრცეს, რომელიც იმაზე სწრაფად, პარადიგმულად ვითარდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ტრენდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მესამე თაობის ინტერნეტთან, Web 3.0-თან დაკავშირებული დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები გამოდგება. ეს უკანასკნელი ელექტრონული კომერციის უმსხვილესმა ქართულმა პლატფორმამ – Mymarket.ge აქტიურად აითვისა და გასულ წელს კრიპტოგადახდები დაუშვა, რითაც ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელმაც გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა აღიარა. ამასთანავე, Web 3.0-ზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ორგანიზაცია 2.0, რომლის უკან მდგომი ადამიანები NFT-ტექნოლოგიის ქართველი პიონერები არიან.

ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, შეიძლება მარტივი დასკვნა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ინოვაციების დანერგვისა და განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვს, რაც მისი ამბიციური გეგმებით გამოიხატება. კერძოდ განვითარებისკენ სწრაფვა, გამორჩეული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნა, სადაც პროგრესის მიღწევა, უბრალოდ გარდაუვალია.

დატოვე კომენტარი

99 კომენტარი

  1. Do you mind if I quote a few of your posts as long as I provide credit and sources back to your website?

    My website is in the exact same niche as yours and my visitors would really benefit from some of the information you present here.
    Please let me know if this okay with you. Thanks a lot!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *