საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

თურქული კომპანია ENKA İNŞAAT-ის განცხადებით, ნამახვანის კასკადის ჰესების პროექტის საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ შვილობილმა კომპანიამ ENKA Renewables-მა ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, საქართველოს მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, კომპენსაციის სახით დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადოს.

ცნობისთვის, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წელს გაფორმებული $800-მილიონიანი ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბერში გაწყვიტა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული მდგომარეობა წარმოადგენს.

საინჟინრო კომპანია Enka Renewables-ი 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესს მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში აშენებდა. პროექტი 2025-2026 წლებში უნდა დასრულებულიყო.