საქართველომ რუსეთიდან იმპორტი რეკორდულ $1 მილიარდამდე გაზარდა

საქართველომ რუსეთიდან იმპორტი რეკორდულ $1 მილიარდამდე გაზარდა

უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააუმჯობესა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ წელს რუსეთისგან $1.06 მილიარდის ღირებულების საქონელი შეიძინა. ეს წინა წელთან შედარებით 68%-ით მეტია.

საქსტატის მიხედვით, რუსეთიდან იმპორტში #1 ადგილს ნავთობი იკავებს, რომლის მოცულობაც წელს 300%-ით, 337 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შედეგად, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მიმწოდებელ მთავარ ქვეყნად იქცა. მის გარდა საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს, ფქვილს და სხვა მრავალი დასახელების საქონელს ყიდულობს.

რას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან:

1) ნავთობპროდუქტები – $337 მილიონი, მატება წინა წელთან 300%;
2) ბუნებრივი აირი – $44.5 მილიონი, კლება წინა წელთან 32%;
3) ხორბლის ფქვილი – $44.4 მილიონი, მატება წინა წელთან 1,200%;
4) ქვანახშირი, ქვანახშირის კოქსი – $43.7 მილიონი, მატება წინა წელთან 199%;
5) მარგარინი – $29.2 მილიონი, მატება წინა წელთან 549%.
6) სხვა დანარჩენი საქონელი – $569 მილიონი, მატება წინა წელთან 23%.

მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, ქართველი ნავთობიმპორტიორები რუსული ბენზინის შესყიდვაზე გადაერთნენ, რადგანაც ამჟამად რუსული საწვავი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფად იყიდება, რაც რუსეთისთვის საექსპორტო ბაზრების შეზღუდვას უკავშირდება.

საქსტატის მიხედვით, წელს რუსეთიდან იმპორტი თითქმის ყოველთვიურად მზარდია, ის მაქსიმალური ზომის აგვისტოში იყო და $193 მილიონს შეადგენდა.

გაზრდილია რუსეთში საქართველოს ექსპორტიც და ის იანვარ-აგვისტოში 409 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. მათ შორის გაზრდილია ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიც.

საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

1) ფეროშენადნობები – $101 მილიონი, კლება 1%;
2) ღვინოები – $90.4 მილიონი, მატება 9%;
3) მსუბუქი ავტომობილები – $34.2 მილიონი, მატება 240%;
4) სპირტიანი სასმელები – $34.1 მილიონი, მატება 59%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები – $28.6 მილიონი, კლება 31%.
6) სხვა დანარჩენი საქონელი – $120.8 მილიონი, მატება 3%.

ამ მაჩვენებლებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1.47 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც რუსეთმა თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის სტატუსი დაიკავა.