საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.7%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 5.6 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1%-ით), ხოლო იმპორტი 14 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

წყარო: საქსტატი

იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6% შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
  • თურქეთი – 2.7 მლრდ აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 2.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • აშშ – 1.8 მლრდ აშშ დოლარი.
წყარო: საქსტატი

გრაფიკიდან ცხადად ჩანს, რომ ათეულის პირველი ოთხი ქვეყნის შემთხვევაში, სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი წილი იმპორტს აქვს. ასევეა გერმანიისა და იაპონიის შემთხვევაშიც, ხოლო დანარჩენ 4 ქვეყანასთან ვაჭრობაში ექსპორტის წილი უფრო მეტია. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.9 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%), ხოლო მესამე ადგილზე – დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 489.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).

საექსპორტო ათეულშიც პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.9 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 240.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).