საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 5-7 მაისს ციფრული თამაშების ჰაკათონი „Game Jam Georgia” გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 5-7 მაისს ციფრული თამაშების ჰაკათონი „Game Jam Georgia” გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკის sCool და Student Card-ი სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ციფრული თამაშების ჰაკათონის „Game Jam Georgia-ს“ მთავარი პარტნიორია.

„Game Jam Georgia“ კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტით, დიზაინითა და ხმის დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც საქართველოში 5-7 მაისს გაიმართება.

ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდები იმუშავებენ გამოცდილ გეიმ დეველოპერებთან, გეიმ დიზაინერებთან და ხმის დიზაინერებთან ერთად, რათა ერთი თემის გარშემო შექმნან თამაშები, რომლებსაც ჟიურის წევრებს წარუდგენენ. საუკეთესო პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან – პირველი ადგილის მფლობელს 2000 ლარი, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს კი 1000 ლარი გადაეცემა.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ გეიმინგ დეველოპმენტის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს, რომლებიც მათ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და შთაგონებას გაუზიარებენ.

 „ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თამაშების დეველოპმენტი კი – მუდმივად მზარდი და განვითარებადი სფერო, რომელიც ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისათვის საჭირო უნარების განვითარებას და მათი ახალი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მრავალ საგანმანათლებლო და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი კი „Game Jam Georgia” არის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჰაკათონი წარმოადგენს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო ძლიერი გეიმინგ დეველოპმენტის ქსელის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

S