საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე

ავტორი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო „Sida“-ს ხელშეწყობით

რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესია უკრაინის მიმართ და რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე სტატიაში მიმოვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნისა და მეგობარი ქვეყნის ეკონომიკების მიმართ. კვლევა ასახავს: ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ენერგეტიკული ბაზრის არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასება მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. არსებული შესაძლებლობების გამოვლენა დაგვეხმარება, უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრირება ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და გავზარდოთ საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობა, რათა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევები დავძლიოთ.

კვლევაში განხილული საშუალო სცენარი არ მოიაზრებს რუსეთისათვის, როგორც აგრესორი ქვეყნისათვის, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მხრიდან და განხილულია ეკონომიკური ზეგავლენა არსებული სანქციების პირობებში. შეზღუდვების სცენარი განიხილავს შესაძლებლობას, საქართველომ დაუწესოს სავიზო რეგულაციები რუსეთის მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხეების პირობებში და მოახდინოს კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის მონიტორინგი. აღნიშნულს მოსალოდნელია, მოჰყვეს შეზღუდვები ვაჭრობის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები რუსეთისათვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გარეშე -114 მლნ აშშ დოლარს აღწევს და დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, რომლებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დივერსიფიცირების ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, ეკონომიკის დანაკარგებს -500 მლნ აშშ დოლარამდე ზრდის. -386 მლნ აშშ დოლარის დამატებითი დანაკარგი, რომელიც 2021 წლის მშპ-ის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, შესაძლებელია ანაზღაურდეს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობით.

მოკლე შეჯამება

2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელია, დაახლოებით -114 მლნ აშშ დოლარით იზარალოს საშუალო სცენარით და -500 მლნ აშშ დოლარით – შეზღუდვების სცენარით. ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების კლებას აკომპენსირებს ფულადი შემოდინებების ზრდა ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება, რომელიც ამცირებს ფულად გადინებას ქვეყნიდან.

ეკონომიკის დანაკარგების ანალიზისას განვიხილავთ საშუალო და შეზღუდვების სცენარს

  • საშუალო სცენარი არ მოიაზრებს რუსეთისათვის, როგორც აგრესორი ქვეყნისათვის, დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მხრიდან და განხილულია ეკონომიკური ზეგავლენა არსებული სანქციების პირობებში.
  • შეზღუდვების სცენარი განიხილავს შესაძლებლობას, საქართველომ დაუწესოს სავიზო რეგულაციები რუსეთის მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხეების პირობებში და მოახდინოს კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის მონიტორინგი. აღნიშნულს მოსალოდნელია, მოჰყვეს შეზღუდვები ვაჭრობის მიმართულებით.

საშუალო სცენარი: საქართველოს მთავრობა არ აწესებს დამატებით შეზღუდვებს.

ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები საშუალო სცენარით 2022

2022 წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგი 114 მლნ აშშ დოლარს შეადგენს საშუალო სცენარით. დანაკარგს ძირითადად განაპირობებს ინვესტიციების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოსალოდნელი შემცირება.

აღნიშნულს მცირედით აკომპენსირებს, სანქციების შედეგად, მოსაზღვრე ქვეყნიდან შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი დანახარჯების მოსალოდნელი ზრდა, რომელიც აისახება ტურიზმის სექტორში, და იმპორტის შემცირება.

მკაცრი შეზღუდვების სცენარი: საქართველოს მთავრობა აწესებს სავიზო მიმოსვლას რუსეთთან, წყდება ვაჭრობა და ხორციელდება კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის მკაცრი მონიტორინგი.

ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები შეზღუდვების სცენარით 2022

 

აღნიშნული სცენარით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგი დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქ გათვალისწინებულია, რომ სავიზო შეზღუდვები შეამცირებს შემოსავალს რუსეთის მოქალაქეებისგან, რუსეთიდან ფულადი გზავნილები აპრილის შემდეგ აღარ განხორციელდება და შეიზღუდება რუსეთთან ვაჭრობა, რაც შეამცირებს ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს. თუმცა იმპორტის შემცირება და ახალი ბაზრების ათვისება გარკვეულწილად აკომპენსირებს დანაკარგებს.

2022 წელს მოსალოდნელია, ექსპორტი დაახლოებით 7%-ით შემცირდეს (-300 მლნ აშშ დოლარი), 2021 წელთან შედარებით. შემცირება ძირითადად რუსეთის (-50%), ბელარუსის (-33%) და უკრაინის (-50%) მიმართულებით არის მოსალოდნელი. სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდა მცირედით შეარბილებს შემცირების ეფექტს. შეზღუდვების სცენარის შემთხვევაში ექსპორტი -525 მლნ აშშ დოლარით შემცირდება.

2022 წელს, ექსპორტის შემცირებასთან ერთად, მოსალოდნელია იმპორტიც შემცირდეს დაახლოებით 174 მლნ აშშ დოლარით (-450 მლნ აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა ამცირებს იმპორტს, თუმცა ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტების რაოდენობა და ხანგრძლივობა მცირედით აკომპენსირებს აღნიშნულ შემცირებას.

მიმდინარე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების თითქმის განულების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკას 89 მლნ აშშ დოლარზე მეტი არ დააკლდება საშუალო სცენარით (-116 მლნ აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით) და ჯამში ფულადი გზავნილები 4%-ზე მეტად არ შემცირდება. რუსეთზე დამოკიდებულება ფულადი გზავნილების შემთხვევაში მკვეთრად მცირდება 2008 წლიდან. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 65%-დან 16%-მდე შემცირდა აღნიშნულ პერიოდში და მოსალოდნელია კიდევ უფრო შემცირდეს 2022 წელს.

ტურიზმის სექტორის შემოსავლები მოსალოდნელია +456 მლნ აშშ დოლარით გაიზარდოს 2022 წელს (+153 მლნ აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), 2021 წელთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა მოსალოდნელია 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინოს (რუსეთის მოქალაქეების წილი 27%). იზრდება შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა და დარჩენის ხანგრძლივობა.

რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან იმპორტით შეიძლება ჩანაცვლდეს. ელენერგიის იმპორტი რუსეთიდან 2021 წელს ჯამურ მოხმარებაში 9%-ს შეადგენდა და მოსალოდნელია, უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს მეგობარი ქვეყნებიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე.

რეგიონში გაზრდილი რისკების შედეგად მოსალოდნელია მიმდინარე წელს ინვესტიციების შემცირება -350 მლნ აშშ დოლარით (-450 მლნ აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), რაც შეიძლება დაკომპენსირდეს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან გაზრდილი ინტეგრაციის ხარჯზე.

რეკომენდაციები

რუსეთიდან იმპორტის ჩანაცვლება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებისათვის და მთავრობის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება დამოკიდებულია საექსპორტო საქონლის ხარისხის ზრდაზე, ახალი ბაზრის მოძიებაზე და მნიშვნელოვან ხელშეწყობას მოითხოვს.

ექსპორტის კონცენტრაციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზრდილია 2012 წლიდან. აღნიშნული ევროკავშირის ბაზრის ჩანაცვლების ხარჯზე განხორციელდა. შესაბამისად, მეწარმეები მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ და მოსალოდნელია, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიიღონ.

აუცილებელია, ქვეყანამ დააჩქაროს ევროკავშირთან ინტეგრაცია და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ.

არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები, შეფერხებები მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა და ქვეყნიდან გადინება ქვეყანას ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველად წარმოაჩენს და მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთიდან გადინებული კაპიტალის ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესების სივრცეს.

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული და ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესებულია ბოლო წლებთან შედარებით. ასევე, რეგიონში გაზრდილი რისკების შესაბამისად მოსალოდნელია 2022 წელს ინვესტიციების დამატებით შემცირება.

მნიშვნელოვანია, დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე აგრესორ ქვეყანასთან მიმართებით და შესაბამისი შეზღუდვები არსებული საფრთხეების საპასუხოდ.

საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა სექტორმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პარალელურად, საქართველოს მიმართ იზრდება რეპუტაციული რისკები და ფულის გათეთრების საფრთხე. აღნიშნული შესაძლოა, ცალკეულ შეზღუდვებთან შედარებით, ქვეყნისათვის გაცილებით დიდი ზარალის საფრთხეს შეიცავდეს. ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ აკრძალეს ყველანაირი ტრანზაქციები რუსეთთან. სანქციები შეეხო რუსეთის ბანკებს, რომლებიც გამოეთიშნენ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემას. ამავდროულად, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ტაივანისა და ავსტრალიის სახელმწიფოებმა შემოიღეს შეზღუდვები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც მოიცავს ვაჭრობის შეწყვეტასა და რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *