ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები | Forbes-ის 2022 წლის რეიტინგი

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები | Forbes-ის 2022 წლის რეიტინგი

როგორც ყველასათვის ცნობილია, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა, Forbes-ი უმდიდრესი ადამიანების სიას ყოველწლიურად აახლებს – გამონაკლისი არც 2022 წელია, როცა სამყარო ერთდროულად პანდემიამ და ომმა მოიცვა, რაც თავისთავად, კაპიტალის ბაზრებზეც აისახა.

Forbes-ის მილიარდერთა 2022 წლის რიგით 36-ე ყოველწლიურ რეიტინგში 2,668 მილიარდერი მოხვდა, რაც 87-ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს. საერთო ჯამში, ამ ადამიანების ქონების ჯამური მოცულობა $12.7 ტრილიონს უტოლდება, რაც $400 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიას 34 რუსი მილიარდერი მოაკლდა. მსგავსი ვითარებაა ჩინელი მილიარდერების შემთხვევაშიც, რომელთა ქონებაც აშშ-ის მიერ ჩინეთისადმი დაწესებული სანქციების გამო შემცირდა – წელს, Forbes-ის სიიდან 87 ჩინელი მილიარდერი ამოვარდა.

ისე კი, პანდემიისა და ომის მიუხედავად, 2022 წელსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამდიდრდნენ – საერთო ჯამში, ქონების ღირებულება გაეზარდა სიის წევრთა მესამედზე მეტს – 1,000 მილიარდერს. ამასთანავე, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველად მოხვდნენ ბარბადოსის, ბულგარეთის, ესტონეთისა და ურუგვაის მოქალაქეები.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ამერიკელია – საერთო ჯამში, საუბარია 735 მილიარდერზე, რომელთა ჯამური ქონება $4.7 ტრილიონს უტოლდება. მეორე ადგილს კვლავაც ჩინეთი იკავებს – მას 607 მილიარდერი ჰყავთ, $2.3 ტრილიონის მოცულობის საერთო ქონებით.

Forbes-ის 2022 წლის უმდიდრესი ადამიანების სიას, ისტორიაში პირველად ამერიკელი ანტრეპრენიორი, ილონ მასკი იკავებს ($219 მილიარდი) – 2021 წლის რეიტინგში, მასკი მეორე ადგილზე იყო. 2022 წლის სიის მეორე ადგილი ამერიკელ ჯეფ ბეზოსს ($171 მილიარდი) ერგო, რომლის ქონებამაც, ბოლო ერთ წელიწადში $7 მილიარდით დაიკლო. სიაში მესამე ადგილს კვლავაც LVMH-ის ფრანგი მფლობელი, ბერნარ არნო ($158 მილიარდი) იკავებს, რომლის ქონება, ერთი წლის ჭრილში, $8 მილიარდით გაიზარდა. მეოთხე ადგილას მოხვდა ამერიკელი ანტრეპრენიორი, ბილ გეიტსი ($129 მილიარდი), რომელმაც 2021-2022 წლებში დამატებით $5 მილიარდი გამოიმუშავა. Forbes-ის მილიარდერთა სიის მეხუთე ადგილზე ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტი ($108 მილიარდი) გავიდა – ცნობისთვის, 2020 წლიდან, „ომაჰას ორაკულის“ მეტსახელად ცნობილი ბაფეტის ქონება $50.5 მილიარდით გაიზარდა.

Forbes Georgia გთავაზობთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებმაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ. 

ლონ მასკი

Net Worth: $219 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
ქვეყანა: აშშ

ჯეფ ბეზოსი

Net Worth: $171 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
ქვეყანა: აშშ

ბერნარ არნო და ოჯახი

Net Worth: $158 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: LVMH
ქვეყანა: საფრანგეთი

ბილ გეიტსი

Net Worth: $129 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ქვეყანა: აშშ

უორენ ბაფეტი

Net Worth: $118 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ქვეყანა: აშშ

ლარი პეიჯი

Net Worth: $111 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google
ქვეყანა: აშშ

სერგეი ბრინი

Net Worth: $107 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google
ქვეყანა: აშშ

ლარი ელისონი

Net Worth: $106 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Oracle
ქვეყანა: აშშ

სტივ ბოლმერი

Net Worth: $91.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ქვეყანა: აშშ

მუკეშ ამბანი

Net Worth: $90.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა
ქვეყანა: ინდოეთი

Forbes-ის მილიარდერთა 2022 წლის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: forbes.com/billionaires

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.