საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მსოფლიო ფედერაციისაგან დისკვალიფიკაცია მიიღო

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ მსოფლიო ფედერაციისაგან დისკვალიფიკაცია მიიღო

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას დისკვალიფიკაცია მიანიჭა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ ადგილობრივ ფედერაციასთან არსებული პრობლემის საფუძველზე მიიღო.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განმარტებით, საქართველოს ნაკრებისათვის მინიჭებული დისკვალიფიკაციის მიზეზი 2021 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა გახდა. აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატისათვის ორგანიზება საქართველოს უნდა გაეწია, თუმცა, როგორც ჩანს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დროულად ვერ მოხერხდა.

მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 19-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო. შეჯიბრებაში 70 ქვეყნის 2000-ზე მეტ სპორტსმენს უნდა მიეღო მონაწილეობა. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, ჩემპიონატამდე შვიდი თვით ადრე აცხადებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში ჩატარდებოდა, რომლის მშენებლობაც იმჟამად მიმდინარეობდა.

მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება და ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა. შესაბამისად, მათი განცხადებით, საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ შეძლებს.