წელს პირველად ჩატარდება “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018”. კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
Meliora – ლათინური სიტყვაა და საუკეთესოს ნიშნავს; კოკნურსს Meliora ყველწლიური სახე ექნება და გამოავლენს და დააჯილდოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც შეაფასებენ ნომინანტებს და გამოავლენენ საუკეთესო CSR-ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) და თბილისის მერია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 5 ოქტომბრამდე, ვებგვერდის – www.meliora.ge- საშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები. კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი.