საქართველოს სატრანზიტო დერეფანი

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი

მაერსკ საქართველო

ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და ამიერკავკასიაში კომპანია „მაერსკ საქართველო” საკონტეინერო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შორის უპირობო ლიდერი იყო. დღეს ის MSC Georgia-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, თუმცა1998 წლიდან მოყოლებული სატრანზიტო გადაზიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

„მაერსკ საქართველოს” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი ამბობს, რომ „მაერსკი” მხოლოდ ფოთის პორტით სარგებლობს და ბათუმის პორტის გამოყენებით გადაზიდვებს არ აწარმოებს. შემოტანილი ტვირთის ნაწილი – დაახლოებით 30% საქართველოში რჩება, ნაწილი კი სომხეთ-აზერბაიჯანში იგზავნება (ასევე დაახლოებით 30-30%). იმპორტირებული ტვირთის დარჩენილი 5-10% შუა აზიაზე ნაწილდება. რაც შეეხება ექსპორტს, ნიკოლოზ გოგოლის თქმით, საქართველოში დატვირთული, ექსპორტისთვის განკუთვნილი კონტეინერების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 15 %-ია. აღნიშნული 15%-დან ექსპორტისთვის გამზადებული ტვირთი ძირითადად ქართულია, თუმცა ნაწილი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც მოდის.

ტვირთების გადაზიდვის მხრივ, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის საქართველო ძირითადად ტრანზიტულ რეგიონს წარმოადგენს, გადაზიდვები სრულდება ავღანეთის მიმართულებითაც, თუმცა არც ისე ხშირად, ვინაიდან ინფრასტრუქტურული პირობები და პორტები საქართველოს გავლით ავღანეთსა და შუა აზიაში ხშირი ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა. „მაერსკ საქართველოს” ავღანეთში საკვები პროდუქტი და ჯარისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები შეაქვს. კონტეინერები და გემები „მაერსკ ლაინის” საკუთრებაა და, შესაბამისად, ტვირთის გადასატანად კომპანიას დამატებითი კონტეინერების დაქირავება არ უწევს. მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყება, იქ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტი მაინც შევა. შესაძლოა ავღანეთიდან ტექნიკის გამოსაყვანად საქართველოს კორიდორიც გამოიყენონ, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„მაერსკ საქართველოს” გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ გოგოლი, ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე გადამზიდავ კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა, ვინაიდან ყველა მსხვილ სატრანზიტო კომპანიას საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა უკვე ჰყავს. დაახლოებით 10-მდე წამყვან საზღვაო საკონტეინერო კომპანიას შორის ნიკოლოზ გოგოლი „მაერსკს” იმით გამოარჩევს, რომ მას ადგილობრივად უკეთესი სერვისის შეთავაზება შეუძლიათ მომხმარებლისთვის, რაც კმაყოფილი კლიენტების რაოდენობას ზრდის და კომპანიის იმიჯს ამაღლებს. თუმცა ძირითადი კონკურენცია უკვე ზღვაზე იწყება, სადაც ხაზები ეჯიბრება ერთმანეთს გადაზიდვისთვის საჭირო ოპტიმალური დროისა და ფასის შეთავაზებით.

„ამ ეტაპზე ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვერ შემოგვყავს ე.წ დედა გემები – დედა გემს ვეძახით ძირითადი მარშრუტის, სახაზო გემს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პორტებში, იქნება ეს ფოთის თუ ბათუმის, შემოვიდეს დიდი ზომის გემები. მაგალითად, ჩვენ ტვირთი რომ მივიღოთ ფოთში ან ბათუმში, პირველ რიგში ეს ტვირთი უნდა ჩავიტანოთ სტამბულში, ჩამოვტვირთოთ პროდუქტი პატარა გემზე და იმ პატარა გემით მოვიტანოთ ფოთამდე. ჩვენი მიზანია, შემოვიყვანოთ საქართველოში ისეთი დიდი ზომის გემები, როგორიც, მაგალითად, უკრაინაში შედის. კერძოდ, ჩინეთიდან მიმავალი გემი პირდაპირ შედის ოდესის პორტში. ქართულ პორტებს კი დიდი გემების მიღება არ შეუძლიათ”, – ამბობს ნიკოლოზ გოგოლი.

თუ საქართველოს პორტები დიდი ზომის გემების მიღებას შეძლებს, ეს გადაზიდვის პროცედურასაც გაამარტივებს და ხარჯებსაც შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ხშირად ავღანეთისა და შუა აზიის ტვირთები ქართულ პორტებს გვერდს უვლიან და გადაზიდვისთვის სხვა გზას ირჩევენ, მაგალითად, გზას ბალტიისპირეთის პორტებიდან. შემდეგ კი ტრანსპორტირებისთვის რუსეთის რკინიგზას იყენებენ. ნიკოლოზ გოგოლის თქმით, ეს რკინიგზა კონკურენტუნარიანია, პროდუქცია დროულად ჩადის დანიშნულების ადგილზე და ფასებიც შედარებით დაბალია.

„რადგან საქართველოს პორტებში დიდი გემი ვერ შემოგვყავს, ამიტომ დამატებითი გადატვირთვა გვიწევს სტამბულში ან სხვა პორტში. ცხადია, ეს დამატებითი ხარჯია. ხარჯს ზრდის პატარა გემებით გადაზიდვაც. შესაბამისად, გადაზიდვის ღირებულება ფოთამდე ან ბათუმამდე ძვირდება”, – განმარტა „მაერსკ საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა საზღვაო გადაზიდვაა, აქედან გამომდინარე, „მაერსკის” წარმომადგენლები ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქართულ პორტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუმცა – ჯერჯერობით უშედეგოდ. დღეს ფოთში 1 100 TEU-იანი ( 1 TEU – 20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) გემის შემოყვანაა დაშვებული, რაც ძალიან მცირე ზომისად ითვლება, მაშინ როდესაც უკრაინის პორტში 6 500- 7 000 TEU-იანი გემები შედის.

თუკი სამომავლოდ პორტში არსებული პრობლემები მოგვარდება, საქართველოს, როგორც ტრანზიტული რეგიონის, პოტენციალი გაიზრდება. ქართულ გადამზიდავ კომპანიებს კი მეტი დატვირთვით მოუწევთ მუშაობა, რაც მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.

კატონი ენდ კომპანი ჯორჯია

სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია „კატონი ენდ კომპანი ჯორჯია” საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს პორტებში გემების აგენტირების, საოკეანო და სახმელეთო გადაზიდვების სფეროში. კომპანიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო საოპერაციო – ფოთში.

კომპანია ეწევა გემების სააგენტო მომსახურებას ფოთის, სუფსისა და ბათუმის პორტებში. „კატონი ენდ კომპანი ჯორჯია” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საკონტეინერო გადამზიდავის, გერმანული Hapag Lloyd-ის, აგენტია ამიერკავკასიაში.

„კატონი ენდ კომპანი ჯორჯია” მსოფლიოში უძველესი, 1846 წელს დაარსებული L Catoni Group-ის წევრია. ამ ჯგუფს 14 ოფისი აქვს ხმელთაშუა, ეგეოსის, შავი ზღვებისა და კასპიის ზღვის ძირითად პორტებში და ამდენად არის მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე. ჯგუფის სათავო ოფისი სტამბულშია განთავსებული.

„კატონი ენდ კომპანი ჯორჯია” ემსახურება თავის კლიენტებს როგორც ამიერკავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე შუა აზიის ქვეყნებშიც, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტვირთის (საკონტეინერო თუ არაგაბარიტული) როგორც საოკეანო, ასევე სახმელეთო – სარკინიგზო, საავტომობილო – გზით ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანას.

ბოლო წლებში ფოთის პორტის ტვირთბრუნვა სწრაფი ტემპებით იზრდებოდა (წელიწადში საშუალოდ 15-20% -ით), რასაც ვერ ვიტყვით 2013 წლის I ნახევარზე (სულ 5%-იანი ზრდა 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). ხოლო კომპანიის ტვირთბრუნვა ამავე პერიოდში 70%-ით გაიზარდა.

ახალქალაქ-ყარსის რკინიგზის გახსნა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენებს საქართველოს პორტებს, რადგან მისი დამთავრებისთანავე ჩვენს პორტებს დიდი კონკურენცია ელის. რკინიგზის საშუალებით ტვირთების შეუფერხებელი გადაზიდვა შესაძლებელი გახდება ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით პორტებში დატვირთვა-გადმოცლის მომსახურების გარეშე, რაც გადაზიდვის დროსა და ხარჯებს დაზოგავს. ამ კონკურენციაში ჩასაბმელად ფოთის პორტსა და საქართველოს რკინიგზას მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის ჩატარება მოუწევთ, რადგან მათი ინფრასტრუქტურა, რბილად რომ ვთქვათ, დიდად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს.

სილქ როუდ ჯგუფი

1997 წლიდან ქართულ ბაზარზე „ბრითიშ ვირჯინ აილენდის” რეზიდენტი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი” გამოჩნდა. ჰოლდინგი „სილქ როუდი” მასში შემავალი კომპანიების ინტერესების კონსოლიდირებისათვის დაარსდა. აღნიშნული ინტერესები საკვები პროდუქციის ბაზარს, უძრავ ქონებას, ფინანსურ მომსახურებას, ინვესტიციებსა და კორპორაციულ სერვისებს, ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო სფეროებს მოიცავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირების უზრუნველყოფაა. ამ მხრივ მთავარი საქმიანობა ნავთობპროდუქტების გადაზიდვაა: შუა აზიიდან, თურქმენეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან ნებისმიერი მიმართულებით. კომპანიის ისტორიის დაწყებით ეტაპზე, გადაზიდვები აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით ხორციელდებოდა – ბათუმისა და ფოთის პორტების გავლით. მოგვიანებით არეალი გაფართოვდა და თურქმენეთიც მოიცვა. ბოლოს კი ყაზახური წარმოების ნავთობპროდუქტები და ნედლი ნავთობიც დაიძრა საქართველოს მიმართულებით. გზა სამხრეთ ყაზახეთიდან უზბეკეთისა და თურქმენეთის გავლით, საქართველოს მიმართულებით, სწორედ ამ კომპანიის ინოვაციაა. ნედლი ნავთობი და ე.წ. მუქი პროდუქტები მანამდე „სამხრეთის გზით” ტრანსპორტირდებოდა. მოგვიანებით კომპანია „ტეტრო კაზახსტანი”, რომელიც ნავთობპროდუქტს სამხრეთ ყაზახეთში აწარმოებდა, ჩინეთის ნავთობკორპორაციამ შეისყიდა. პროდუქტს მიმართულება შეეცვალა, „სამხრეთის გზა” კი ამ ეტაპზე უფუნქციოდ დარჩა.

„სილქ როუდ ჯგუფი” ის კომპანიაა, რომელმაც 2001 წლიდან – 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ნატოს ჯარების ნავთობპროდუქტებით მომარაგება დაიწყო. 2009 წლიდან კი, როდესაც ავღანეთისკენ მიმავალი სხვა მიმართულებები ჩაიკეტა, სწორედ „სილქ როუდის” მარშრუტით გაიზარდა ტრანსპორტირება ქვეყანაში. კომპანიის ლოგისტიკისა და ფინანსების დირექტორი, დავით რაფავა, ამბობს, რომ კომპანია ნატოს მკაცრ და მაღალმოთხოვნად სტანდარტებს კარგად მოერგო და მათთვის ნავთობის მისაწოდებლად ექსკლუზიური უფლებაც მოიპოვა.

„გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში წარმოებული ნავთობის ხარისხი ნატოს არ აწყობს, მათი ჯარების ექსკლუზიური მიმწოდებელი კომპანია „სუპრიმი” დასავლეთის ქვეყნებსა და აფრიკაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებულ სპეციალური ხარისხის ავიაციურ საწვავს ყიდულობს და ტანკერებით ფოთის პორტამდე ეზიდება”, – ამბობს რაფავა და დეტალურად აღწერს იმ მარშრუტს, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფს” ფოთიდან ავღანეთამდე პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის სჭირდება: „საწვავის ნავთობტერმინალში გადატვირთვის შემდეგ პროდუქციას ფოთის სარკინიგზო შემადგენლობის ვაგონცისტერნებში ვათავსებთ და ბაქომდე ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ. ბაქოში მეორე ეტაპი იწყება – ნაბთობპროდუქტი თავსდება ბორანზე, გადადის თურქმენეთში და გადაკვეთს კასპიის ზღვას. მომდევნო ეტაპი კვლავ სარკინიგზო მაგისტრალს მოიცავს – ცისტერნებში გადატვირთვის შემდეგ ავღანეთის მიმართულებით, ბოლო სარკინიგზო პუნქტამდე ვეზიდებით. ავღანეთში რკინიგზა ბოლომდე არ არის გაყვანილი, შესაბამისად, საწვავი ან თურქმენეთ-ავღანეთის, ან უზბეკეთ-ავღანეთის საზღვრამდე მიგვაქვს. ბოლო ეტაპი საწვავის ცისტერნებიდან ჯერ ადგილობრივ ტერმინალში, შემდეგ კი ავტოცისტერნებში განთავსებაა”. შედეგად შეიარაღებული ბადრაგის თანხლებით, პროდუქცია დანიშნულების ადგილამდე, ყველა იმ ქალაქში ჩადის, სადაც ნატოს კონტინგენტია განლაგებული. ფოთის პორტიდან ავღანეთის სარკინიგზო საზღვრამდე ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო ერთი თვეა, საწვავის რაოდენობა კი – თვეში 30 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების გადაზიდვა „სილქ როუდ ჯგუფისთვის” ერთადერთი მიმართულება არ არის. კომპანიას ავღანეთის მიმართულებით მშრალი – ჯარისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო პროდუქციაც გადააქვს. ფოთის პორტში შემოსული პროდუქტი სარკინიგზო გზით ავღანეთამდე იმავე რეისს ახორციელებს.

ნატოს პოლიტიკა ავღანეთში უკვე განსაზღვრულია. 2014 წელს, ჯარების გამოყვანის შემდეგ, კომპანია კვლავ მიიღებს მონაწილეობას ტვირთის მოძრაობაში, თუმცა ერთი ცვლილებით – ამჯერად საწყისი პუნქტი ავღანეთი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარისო შენაერთები ტერიტორიას დატოვებს, ნავთობპროდუქტების შიდა მოხმარებისთვის შეიძლება „სილქ როუდმა” კვლავ გამოიყენოს გზა, რომლითაც უკვე წლებია, სარგებლობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, გარდა ავღანური მისიისა, კომპანიას მნიშვნელოვანი დაკვეთები არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ „სილქ როუდ ჯგუფს” საკუთარი ვაგონცისტერნები არა აქვს და მას სხვადასხვა კომპანიისგან ქირაობს. კონტეინერებისთვის პლატფორმებსაც საქართველოს რკინიგზას უკვეთს.

„ნებისმიერი სახისა და რაოდენობის ტვირთის გადაზიდვა შეგვიძლია, თუმცა გვაქვს გააზრებული სატარიფო პოლიტიკა, რომელიც დამკვეთისთვის, ქართულ მარშრუტებთან შედარებით, შესაძლოა, მიუღებელი იყოს. მაგალითად, კვლავ ავღანეთი, რომელიც ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების პორტებიდან, რუსეთის გავლით, მარაგდება ნავთობპროდუქციით, თუმცა ამ მარშრუტს კონკურენციას ვუწევთ – ჩვენი სქემითა და პირობებით ამ ეტაპზე ვჯობნით. ასე რომ, საქართველოს კორიდორი კონკურენტუნარიანი გავხადეთ”, – ამბობს დავით რაფავა და იმასაც აღნიშნავს, რომ ის ნავთობპროდუქტები, რომლებიც ევროპაში საქართველოს გავლით თურქმენეთიდან მიედინებოდა, დღეს უმეტესად რუსეთის გზით გადადის. ეს სატარიფო პოლიტიკაა – კომპანიებმა და რუსეთის რკინიგზამ კონკურენცია „სილქ როუდს” ხელსაყრელი ტარიფებით გაუწია.

რაც შეეხება შიდა კონკურენციას, „სილქ როუდ ჯგუფისთვის” საქართველოს რკინიგზა უკონკურენტო და ერთადერთი ბუნებრივი მონოპოლისტია ბაზარზე.

„სილქ როუდს” აქვს მონიტორინგის სისტემა, რომელიც მათ დამოუკიდებლად შეიმუშავეს. გასავლელი გზის ყველა წერტილზე კომპანიას ნებისმიერი ცისტერნის გაკონტროლება შეუძლია. პარალელურად, არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ და წლების განმავლობაში შესრულებული ყოველი რეისის ისტორიასაც არქივში ინახავენ, რაც, მათი აზრით, კომპანიის მობილურობას ზრდის.

Mediterranean Shipping Company

2009 წლის აპრილში ამიერკავკასიაში ქსელის გაფართოების მიზნით MSC Mediterranean Shipping Company S.A.-მ საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო MSC Georgia დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. მის ძირითად საქმიანობად საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში MSC-სათვის სააგენტო მომსახურების გაწევა განისაზღვრა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ MSC Mediterranean Shipping Company S.A. საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს.

MSC Mediterranean Shipping Company S.A. შვეიცარიული საზღვაო-სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ცენტრალური ოფისი ქ. ჟენევაში მდებარეობს. MSC-ის საკუთრებაშია თანამედროვე სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი 450-მდე გემი. გემების აღნიშნული რაოდენობა შესაძლებელს ხდის MSC-ის მიერ უმოკლეს ვადაში კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად მოხდეს ტვირთის გადაზიდვა მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში.

MSC Mediterranean Shipping Company S.A. წარმოდგენილია მსოფლიოს 162 ქვეყანაში 480 სააგენტო ოფისით. MSC Georgia ერთადერთი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც საზღვაო-სატრანსპორტო მომსახურებას (როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს) რეგულარულად ახორციელებს საქართველოში არსებული ორივე საზღვაო ნავსადგურიდან (ფოთი, ბათუმი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, მხოლოდ MSC არის ამიერკავკასიაში მოქმედი საზღვაო ხაზი, რომელიც თავის კლიენტებს პირდაპირ სერვისს სთავაზობს თურქეთსა და უკრაინაში. MSC Georgia მომხმარებელს სახმელეთო მომსახურებასაც უწევს, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებია.

MSC Georgia-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი დავით კოხრეიძე აღნიშნავს, რომ საქართველოდან ექსპორტი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად მატულობს; ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ დერეფანს: საქართველოს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჩამოცლილი ტრანზიტული ტვირთები ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და შუა აზიაში ნაწილდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ტრანზიტული ბრუნვა დამუშავებული და დარეგულირებულია; რაც შეეხება შუა აზიის მიმართულებას, ამ მხრივ პოტენციალი ძალიან დიდია და MSC Georgia მის ასათვისებლად ყველა საჭირო რესურს ფლობს.

საზღვაო-სატრანსპორტო გადაზიდვის სფეროში MSC ჯორჯიას ღირსეული კონკურენტები ჰყავს, რაც დიდი სტიმულია კომპანიის განვითარებისათვის.

„სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ დიდი პატივია გეკავოს ლიდერის პოზიცია ასეთ ძლიერ და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში”, – ამბობს კოხრეიძე.

კომპანიაში წარმატების მომტანი ერთი კონკრეტული ფორმულის დასახელება უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ წარმატების მიღწევაში მათ თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა ეხმარებათ. მკაცრად განსაზღვრული ფასი საზღვაო მომსახურებაზე არ არსებობს. ყოველ კლიენტს, ყოველ ტვირთს, ყოველი საზღვაო კონტეინერის გადაზიდვას MSC Georgia განიხილავს, როგორც ცალკეულ შემთხვევას, სადაც ფასი მორგებულია კლიენტს.

„ყოველ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და ძალიან დიდი მუშაობის ჩადება გვიწევს ამაში. მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სერვისს ვთავაზობთ და ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ მათ მოთხოვნებს. დიდი მიღწევა და პასუხისმგებლობაა, იყო ბაზრის ლიდერი”, – ამბობს დავით კოხრეიძე.

MSC Georgia-ს, როგორც MSC Mediterranean Shipping Company-ის დიდი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ამასთანავე, იგი რჩება ერთგული პრინციპისა, რომ კომპანიის წარმატებას თითოეული კლიენტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება განსაზღვრავს. ამ დევიზით დღემდე მოსული კომპანია საქართველოში დღესდღეობით ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდია და ქართულ ბაზარზე პირველ, ლიდერის პოზიციასაც იკავებს.

Forward Line

Forward Line-ი ქართულ ბაზარზე არსებული სხვა გადამზიდი კომპანიებისგან გამოირჩევა იმით, რომ მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ტვირთების ავიაგადაზიდვებია მსოფლიოს ირგვლივ. კომპანია 2011 წლიდან საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის Ceva Logistics-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, სათავო ოფისი მას ამერიკაში, კერძოდ, ჰიუსტონში აქვს. ქსელს გააჩნია 1700-მდე ოფისი მსოფლიოს 170 ქვეყანაში, არის მრავალგზის გამარჯვებული სხვადასხვა სატრანსპორტო ჯილდოს ნომინაციებში.

Forward Line-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი წონისა და მოცულობის ტვირთი გადაიტანოს სასურველ ადგილას როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო საშუალებით. კომპანია ასევე ახორციელებს თვითმფრინავების მთლიან ან/და ნაწილობრივი დაფრახტვა-ჩარტერს როგორც არაგაბარიტული, ისე დიდი მოცულობის ტვირთებისთვის, საბაჟო ფორმალობებისა და ქვეყნის შიდა გადაზიდვების ჩათვლით. თვითმფრინავის დაქირავება ძირითადად სასწრაფო და შედარებით ძვირად ღირებული ტვირთების გადასატანად ხდება, მაგალითად, როგორიცაა საპროექტო ტვირთები, ძვირად ღირებული მანქანები, დიდი მანქანა-დანადგარები და ა.შ.

საჰაერო გადაზიდვების კომპანია კლიენტს ე.წ. Full service-ს სთავაზობს, რაშიც იგულისხმება პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით: მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთის ტრანსპორტირება აეროპორტამდე, საბაჟო პროცედურების მოგვარება, პროდუქციის თვითმფრინავის ბორტზე დადება და დანიშნულების ადგილას გაგზავნა. Forward Line-ს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული მსოფლიოში არსებულ ყველა წამყვან ავიახაზთან. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შესაძლოა კომპანიამ რომელიმე კონკრეტულ ავიახაზს არ მიმართოს, არის ჩარტერული რეისი. მაშინ Forward Line კერძო თვითმფრინავს ქირაობს. სპეციალურად ამ სერვისისთვის 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს ჩარტერის მობილური ჯგუფი. ასევე კონტრაქტორებისგან არის დაქირავებული საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ტრანსპორტი.

„ჩვენი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ექსკლუზიური წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიების ხუთეულში შედის. შესაბამისად, როდესაც ქსელთან გვაქვს საქმე, არ არსებობს ბიუჯეტირების ორგანიზების პრობლემა. ყოვედღიურ საქმიანობაში ვცდილობთ გავაუმჯობესოთ არსებული და მუდმივ რეჟიმში გავუწიოთ მონიტორინგს ჩვენსავე პროგრესს”, – ამობს Forward Line-ის მენეჯერი მაია ლობჟანიძე.

კომპანიის ტვირთბრუნვის 70%-ს იმპორტი შეადგენს, 20-25%-ს – ტრანზიტული ტვირთების მომსახურება შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, დანარჩენ 5 %-ს კი ექსპორტი.

ვინაიდან „დამკვეთი” ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, კომპანია საჭიროების შემთხვევაში გადაზიდვებთან არსებულ დოკუმენტაციას სრულ მონიტორინგს უწევს, რათა ყოველგვარი შეფერხება თავიდან იქნას აცილებული.

როდესაც საუბარია Forward Line- ის საქმიანობაზე, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მთავარი პრინციპია: შესრულებული სამუშაოს ხარისხი, გადაზიდვის სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური დამოკიდებულება დამკვეთის მიმართ.

წარმატების მომტანი სწორედ ამ თვისებების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული ჯგუფია, რომლის უახლეს გეგმებში კომპანიის გაფართოება შედის. საქართველოს გარდა, წარმომადგენლობის გახსნა იგეგმება აზერბაიჯანში. კომპანიაში ამბობენ, რომ Forward Line მუდმივად უჭერს მხარს ახალ იდეებსა და ნოვაციებს, ყოველთვის ასრულებს დანაპირებს და ასე აღწევს წარმატებებს. საქმისადმი დამოკიდებულება კი შემდეგ ფრაზაში გამოიხატება: WE CAN DO!