საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი 21.6%-ით შემცირდა

საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი 21.6%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 2023 წლის იანვარ-ივნისის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 21.6%-ით შემცირდა და $1.473 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) საქართველოს მთლიანი ექსპორტის 48.3% შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის პირველ ნახევარში მისი წილი 73%-ს აჭარბებდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.3%-ითაა გაზრდილი და $3.05 მილიარდს უტოლდება.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 76.3% შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები კი რუსეთი ($226.6 მლნ), ჩინეთი ($197.8 მლნ) და თურქეთი ($188.2 მლნ) არიან.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ადგილობრივ ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო სამეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს $336.2 მილიონით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8%-ია. მეორე და მესამე ადგილებზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოები ($125.7 მლნ) და ფეროშენადნობებია ($109.6 მლნ) წარმოდგენილი, შესაბამისად საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8%-ითა და 7.4%-ით.