საქართველოში მუშაობას ExxonMobil იწყებს

საქართველოში მუშაობას ExxonMobil იწყებს

ExxonMobil საქართველოში გეოლოგიურ შესწავლას იწყებს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია “ექსონმობილს” შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. 

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალს შეაფასებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების  შესწავლის დასრულების შედეგად “ექსონმობილი” მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც  სახელმწიფოს გადასცემს. 

კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად. 

“ExxonMobil-ის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მოხარულები ვართ აქ ყოფნით და იმით, რომ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ათწლეულზე მეტია, რაც შავ ზღვასა და ახლომდებარე რეგიონებში ვმუშაობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს პოტენციალის შესაფასებლად გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ამ ულამაზეს ქალაქში, თბილისში მოხდა” – აღნიშნა ჯონათან უილსონმა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია  მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია “ექსონმობილთან” თანამშრომლობა. 

“ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად “ექსონმობილი” მოამზადებს  და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე” – განაცხადა ტატიშვილმა

მისივე ინფორმაციით, “ექსონმობილი” ასევე განახორციელებს სააგენტოს  თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *