საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს

საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს

412 ინფრასტრუქტურული პროექტი; 910 ახალი მცირე ბიზნესი; სულ მცირე 1542 ახალი სამუშაო ადგილი; ერთ ბიზნესზე საშუალო თვიური მოგება – 301 ლარი; სამიზნე ოჯახებში საშუალოდ 25%-ით გაზრდილი შემოსავალი – ასეთია იმ პროგრამის შედეგების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც “BP საქართველო” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს.

21-ე საუკუნის ბიზნესისა და ეკონომიკის დღის წესრიგი გაჯერებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემით. ყველა მნიშვნელოვან გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე ეს საკითხი აუცილებლად ხდება განხილვის თემა. ამ განხილვების დროს მთავარი ფოკუსი, როგორც წესი, არის ის, თუ ვისგან უნდა მოდიოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მუხტი: თავად ბიზნესებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, რომ მოგების მიღების პროცესი საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვას შეუთავსონ, თუ მთავრობებისგან, რომლებიც ამ მიმართულებით გარკვეულ რეგულაციებს დააწესებენ და ამით აიძულებენ ბიზნესს სოციალურად საპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთია -კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის ბიზნესები, რომელთა ბიზნესმოდელშიც თავიდანვე გათვალისწინებულია სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი, გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან და სხვა ბიზნესებთან შედარებით, საშუალოდ 30%-ით უფრო სწრაფად იზრდებიან.

რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ სწორად დანახული და განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს დადებითი რეპუტაციის შექმნაში ეხმარება, რაც ზრდის ნდობას ამ ბიზნესის მიმართ და, შესაბამისად, მისი ეფექტიანობის ზრდის მთავარი საფუძველიც ხდება.

რა შემთხვევაში შეიქმნება დადებითი რეპუტაცია? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესს ამას მთავრობა ან რეგულაციები კი არ ავალდებულებს, არამედ, როდესაც ეს ბიზნესის თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანია. ბიზნესში კი ყოველთვის ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც ფლობს და მართავს ამ ბიზნესს.

BP ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი ბიზნესმოდელის ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. ამ ფონზე, კომპანია BP საქართველოში უკვე ოც წელზე მეტია, ნავთობისა და გაზის სამ -ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიურ მილსადენს ოპერირებს.

FORBES GEORGIA-ს ყურადღება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ერთმა პროგრამამ – ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამ – მიიპყრო. ამ პროგრამაში 217 სოფელი მონაწილეობს. როგორც “BP საქართველოს” სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი განმარტავს, პროგრამას სამი ძირითადი მიმართულება აქვს.

პირველი მიმართულება სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაა. ამ მიმართულების სქემა შემდეგნაირად მუშაობს: პროგრამაში მონაწილე სოფლები სათემო ორგანიზაციებს ქმნიან. ეს ორგანიზაციები პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შედეგად, პროექტებს წერენ. პროექტებს სპეციალური კომისია არჩევს, რომლის შემადგენლობაშიც თავად BP არ არის. საუკეთესო პროექტი თავისუფალი კონკურენციის პირობებში ირჩევა, “გამარჯვებული სათემო ორგანიზაცია ფინანსდება და პროექტს, ცხადია, მეთვალყურეობის ქვეშ, უკვე დამოუკიდებლად უძღვება. ერთ-ერთი მთავარი პირობა პროექტში თემის კონტრიბუციაა, რაც დროის, მასალის, მონეტარული თუ სხვა სახის თანამონაწილეობით გამოიხატება. “დაინტერესებული თემის კონტრიბუცია, მინიმუმ, 30% უნდა იყოს, რადგან, როდესაც გამარჯვებული საკუთარი რესურსებით მონაწილეობს, საქმის შენარჩუნებისა და წარმატების ინტერესი უფრო დიდია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ფულს საჩუქრად მიიღებს”, – გვიხსნის რუსუდან მეძმარიაშვილი. BP-ის მიერ წარმოებული დეტალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში 412 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკურმა უკუგებამ, სულ მცირე, 1 471 100 ლარი შეადგინა.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მეორე მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა: ამ კომპონენტის ფარგლებში ძირითადად სადემონსტრაციო ფერმები ყალიბდება, სადაც დაინტერესებული ფერმერების სწავლება, მათთვის ახალი მეთოდოლოგიის ან კულტურის გაცნობა მიმდინარეობს. დეტალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ ამ დრომდე უკვე მოწყობილია 507 სადემონსტრაციო ნაკვეთი, შექმნილია 28 სათესლე-სანერგე მეურნეობა, ტრენინგებსა თუ კონსულტაციებში კი, სულ მცირე, 3421 ფერმერი ჩაება. “ამ ტრენინგების შედეგად მიღებულ ცოდნას ერთი ფერმერი მეორეს გადასცემს და ასე ხდება ცოდნის გავრცელება”, – გვიხსნის რუსუდან მეძმარიაშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მესამე მიმართულება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა: აქაც იგივე სქემა მუშაობს, რაც პირველი მიმართულების -სათემო ორგანიზაციების გაძლიერების შემთხვევაში. წარმატებულ ბიზნესპროექტს დამოუკიდებელი კომისია აფასებს და კონკურენციის პირობებში გამარჯვებული დაფინანსებას იღებს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ გამარჯვებულმა თავისი კონტრიბუცია შეიტანოს პროექტის წარმატებაში – იქნება ეს ფულადი, ძირითადი საშუალებებისა თუ სხვა რესურსების სახით.

ერთი, რაც BP-ის სხვა მსგავსი სტრატეგიის მქონე კომპანიებისგან მკვეთრად გამოარჩევს, ის არის, რომ გრანტის გაცემის შემდეგ კომპანია პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე გამარჯვებულ მცირე ბიზნესს მონიტორინგს უწევს და სუსტი მხარეების გამოვლენისთანავე, ტრენინგებს ან კონსულტაციებს სთავაზობს. ამით პრაქტიკულად იხსნება მცირე ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული მთავარი რისკი, რომ ის შეიძლება სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდეს.

ისევ სტატისტიკას შევხედოთ: შექმნილი მცირე ბიზნესების რაოდენობა – 910; სულ მცირე, 1542 შექმნილი სამუშაო ადგილი; ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესების მიერ გაწეული, სულ მცირე, 146 721 სერვისი; ბიზნესების ჯამური შემოსავალი -სულ მცირე, 3 016 913 ლარი; ერთ ბიზნესზე საშუალო თვიური მოგება – 301 ლარი; სულ მცირე, 119 ბიზნესი, რომლებმაც შექმნეს უნიკალური სერვისები ან/ და წარმოება, რაც ერთადერთია სოფელში, თემში თუ რეგიონში.

ამ პროექტის სამივე მიმართულების ერთი მთავარი ამოცანა სამიზნე ოჯახებში შემოსავლის ზრდაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი საშუალო შემოსავალი 25%-ით არის გაზრდილი.

“ძალიან კმაყოფილი ვარ”, – ამბობს გევონდ პოღოსიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სხვილისიდან, რომელმაც პროგრამის ფარგლებში საჭირო ხელსაწყოები შეიძინა. მასზე ადგილობრივი გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე” ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა. გევონდი ხელოსანია და ტექნიკის შეკეთების გარდა, ახალი დანადგარების გამოგონება შეუძლია – რამდენიმე მისაბმელის ერთმანეთთან დაკავშირება, რითაც ერთის ნაცვლად ორ ოპერაციას შეასრულებს და ამით დროსა და ფულს დაზოგავს.

“სახელოსნო დანადგარები მჭირდებოდა, რაც ჩემი საქმისათვის აუცილებელია: საჭრელები, შედუღების აპარატი, რკინის გასაპრიალებელი მოწყობილობა და ა.შ. აღნიშნული დანადგარებიდან ნაწილი მქონდა, მაგრამ ძველი და უხარისხო იყო. დაფინანსების შემდეგ ყველაფერი ახალი შევიძინე. ადრე არ მქონდა ასეთი საჭრელები, ახლა მიადვილდება რკინის გაჭრა – იოლად, სწრაფად და ხარისხიანად ვაკეთებ საქმეს. ამ ეტაპზე მაქვს გაკეთებული კარტოფილის ამოსაღები, რომლის მსგავსი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, არ არსებობს. ჩემი წილი 1,300 ლარი იყო, 2 600–ით კი პროგრამამ დამაფინანსა”, – ამბობს გევონდ პოღოსიანი.

“BP საქართველოს” პროგრამამ მეფუტკრეობისთვის გაუხსნა გზა კიდევ ერთ ბენეფიციარს, გია აბაშიძეს, რომელიც დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში ცხოვრობს და ბიზნესს აწარმოებს. “წარმატების არ მჯეროდა, – იხსენებს გია აბაშიძე. – მეშინოდა, რომ ჩემი პროექტი ვერ გაიმარჯვებდა. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გრანტი მოვიგე, ძალიან გამიხარდა. ჯერ ერთი, ჩემს ოჯახს ბუნებრივი თაფლით უზრუნველვყოფ და მეორეც – თაფლს გავყიდი და წელიწადში დამატებით, 3 ათასი ლარის შემოსავალი გამიჩნდება”.

კიდევ ერთი ბენეფიციარი – ანა ილურიძე – გორში, საზღვრისპირა სოფელ ქსოვრისში ცხოვრობს. BP-ის პროგრამამ მას შესაძლებლობა მისცა, თავისივე სოფელში მოეწყო სილამაზის სალონი, მით უმეტეს, რომ ასეთი სერვისი მანამდე სოფელს საერთოდ არ ჰქონდა. ანას შედგენილმა ბიზნესგეგმამ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ანა ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მისი ბიზნესპროექტი 2000 ლარით დაფინანსდა. “პატარა სალონის პატარა ისტორია” -ამ სათაურით სტატია ანას ბიზნესის შესახებ ადგილობრივ მედიაში უკვე დაიბეჭდა. “იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ამ პროექტით გამდიდრდება. მაგრამ ეს დიდი შეღავათია მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის”, – ამბობს ანა.

“BP საქართველოს” ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების პროგრამის კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომლითაც კომპანია ამაყობს, სამიზნე სოფლებში მეწარმე ქალების ხელშეწყობაა. მათი რაოდენობა დღეს უკვე 239-ს ითვლის. მათ შორისაა ნანა გურგენიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან, რომელსაც ჩითილები გამოჰყავს. თავის დროზე სტატია მასზეც დაიწერა ქუთაისის გაზეთ P.S.-ში. “ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალება მომეცა, – ამბობს ნანა გურგენიძე. – ბიზნესგეგმის დაწერა და ფინანსური ანგარიშგების წარმოება ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო, თუმცა პროექტი ამ უნარების დახვეწაში ძალიან დამეხმარა. მე ეს შევძელი, კონკურსში გავიმარჯვე. სათბურს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებ. ის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცა”.

ვინც კონკურსში გამარჯვებას ვერ ახერხებს, მათ მიზეზების დეტალური განმარტება ეძლევათ იმისთვის, რომ ყურადღება კონკრეტული მიმართულებებით გაამახვილონ, როდესაც ტრენინგებსა და კონსულტაციებში ჩაერთვებიან და მომდევნო ეტაპზე უფრო დახვეწილი, კონკურენტული ბიზნესგეგმა შესთავაზონ დონორს.

“BP საქართველოს” პროგრამას ამ ეტაპზე სამი პარტნიორი ჰყავს: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რეგიონული განვითარების ასოციაცია და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”. “თავდაპირველად, 2003 წელს, როცა პროგრამა დაიწყო, ორ უცხოურ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით, მაგრამ შემდეგ საქართველოში არასამთავრობო სექტორი განვითარდა და გადავწყვიტეთ, უცხოური კომპანიები ადგილობრივებით ჩაგვენაცვლებინა, რამაც გაამართლა. კომპანიაშიც ძირითადად ადგილობრივი კადრები გვყავს დასაქმებული”, -ამბობს რუსუდან მეძმარიაშვილი.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება სახელმწიფოს მიერ აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელმაც თვითდასაქმებულთა არმიაში უნდა შეაღწიოს, ისინი ფორმალური დასაქმების ველში შეიყვანოს და ამით ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყოს. სწორედ ამიტომ Forbes Georgia-მ გადაწყვიტა, უფრო დეტალურად სწორედ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მოეძია ინფორმაცია. ინტერვიუსთვის ამ პროგრამის ყველაზე აქტიურ პირს -პროგრამის მრჩეველს, ქალბატონ ეთერ კვირიკაშვილს მივაკითხეთ.

საუბრის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ პროგრამის ყველა დეტალი ზედმიწევნით აქვს გათვლილი. ყველა მოსაზრებას სტატისტიკით ან სხვა ქვეყნების გამოცდილებით ამყარებს. ჩემს კითხვებს ყურადღებით ისმენს, შემდეგ ცდილობს, ბოლომდე დამანახოს, თუ რა მნიშვნელოვანია ამ პროგრამის არსებობა სოფლებისთვის. პერიოდულად ჩერდება და მეკითხება, საუბრით ხომ არ დამღალა. მეც უარის ნიშნად თავს ვუქნევ და ჩვენი ინტერვიუ ისევ დინამიკურად გრძელდება.

სწორედ მისგან ვიგებთ, რომ სამიზნე სოფლებში გრანტები როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ძირითადად მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობები, მეფრინველეობა, მეცხოველეობაში რძის პროდუქტიულობის გაზრდა შედის. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესს, ამ მხრივ ჭარბობს სილამაზის სალონები, მარცვლეულის საფქვავები, მაღაზიები, სამკერვალოები, ავტოსახელოსნოები და ა.შ. “პროგრამა რომ დავიწყეთ, ეს მომსახურებები, რაც ჩამოვთვალე, თითქმის არც ერთ სოფელში არ იყო”, – ამბობს ეთერ კვირიკაშვილი.

როგორც ირკვევა, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება თავიდან არც ისე ადვილი იყო. დღეს უკვე ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ არის შეცვლილი, თუმცა თავიდან, როდესაც პროგრამის გეგმებს სამიზნე სოფლების მოსახლეობას აცნობდნენ, ადგილობრივები დიდად არ გვენდობოდნენ – არ სჯეროდათ, რომ ბიზნესკომპანია, რომლის მთავარი მიზანი მოგების მიღება იყო, მათ საკეთილდღეოდ დროსა და ენერგიას დახარჯავდა.

“ყველაზე რთული სოფლის მოსახლეობის მიდგომების შეცვლაა”, – ამბობს ეთერ კვირიკაშვილი. – ვცდილობთ, მოსახლეობას გავაცნოთ ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები. ინოვაციების შიში ზოგადად არსებობს და ამას ბევრი მიზეზი აქვს, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. თუმცა ამ შიშმა არ უნდა შეაჩეროს განვითარება. ეს არის ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანი”.

ამ მიზნის მისაღწევად კი ეთერ კვირიკაშვილი მთავარ წინაპირობად სამიზნე თემებში განვითარების სურვილის არსებობას ასახელებს. “სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ბევრს და ყველა მიმართულების დეტალურ და უწყვეტ მონიტორინგს ვაწარმოებთ. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელმაც იცის, როგორ იმუშაოს თემთან”, – ამბობს ეთერ კვირიკაშვილი და ამ საკმაოდ ამბიციურ განცხადებას განმარტებასაც აყოლებს. მისი თქმით, მთავარია, თემი იმ აზრს შეეჩვიოს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დამოუკიდებლად მოუწევს საქმიანობის გაგრძელება და მუდმივად გრანტის იმედად ვერ იქნება: “სწორედ ამიტომ ტრენინგებსა და კონსულტაციებზე გაცილებით მეტს ვხარჯავთ. ეს ამ კომპანიის ძალიან სწორი მიდგომაა”.

მიდგომა, როგორც ჩანს, მუშაობს: ორი წლის წინ, ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მცხოვრებმა ოცდაექვსმა ოჯახმა სახელმწიფოს დახმარებაზე, რომელიც უსახსრო ოჯახებისთვის არის განკუთვნილი, უარი განაცხადა. მათ თქვეს, რომ დარეგისტრირდებიან და ბიზნესს დაიწყებენ, რადგან სოციალურად სხვა სტატუსში გადასვლა სურთ.

პოზიტიური მაგალითების მიუხედავად, ეთერ კვირიკაშვილი შორს არის იმ აზრისგან, რომ “BP საქართველოს” დაფარვის არეალში მყოფი 217 სოფლის წარმატებას მთელ ქვეყანაში ამინდის შეცვლა შეუძლია, თუმცა ფაქტია, რომ “BP საქართველოს” მიერ შემუშავებული მცირე ბიზნესების ხელშეწყობის სქემა ხელისუფლებისთვის შთაგონების წყარო გახდა: როცა მცირე ბიზნესების გასაცნობად მთავრობის წარმომადგენლები ახალციხის რაიონში ჩავიდნენ, სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ მიკრო-და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას (5000-ლარიანი გრანტების ფარგლებში) სახელმწიფოც დაიწყებდა. “მეთოდოლოგიური ნაწილი გავუზიარეთ: როგორ ხდება საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, მონაწილეობის მსურველთა სწავლება, პროექტის დაწერა, შერჩევა და გამყარება. ჩვენი პროგრამისა და ეკონომიკის სამინისტროს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: მთავარია, მინიმუმამდე დავიდეს წაგებიანი პროექტების რაოდენობა”, – გვიხსნის ეთერ კვირიკაშვილი. დღეის მონაცემებით,

“BP საქართველოს” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების 75% სიცოცხლისუნარიანია. “BP საქართველოს” მცირე ბიზნესების ხელშეწყობის პროექტმა ჯერ დავოსში გამართულ ბოლო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერის, შემდეგ კი BP-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბობ დადლის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ აღიარების საფუძველი უტყუარი ფაქტები გახდა: მას შემდეგ, რაც პროგრამამ ძალა მოიკრიბა, არატექნიკური რისკები პრაქტიკულად შემცირდა. “ბრენდისა და მისი ღირებულების, რეპუტაციის დასადგენად ეს საუკეთესო საზომია”, -ამბობს ეთერ კვირიკაშვილი, რომელიც უკვე 14 წელია, ამ პროგრამაშია ჩართული. მისი თქმით, პროგრამის ხანგრძლივობა კიდევ ერთი უპირატესობაა იმისთვის, რომ ნდობის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ შემდეგ მისი განმტკიცებაც მოხერხდეს.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთიანი, სოციალური ინვესტირების სტრატეგიის ნაწილია. 2016 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შემუშავდა. გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, თუმცა – არარადიკალურს -ასეთია “BP-საქართველოს” ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროგრამის ხელმძღვანელების დაპირება.

სტატია ინგლისურ ენაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *