საქსტატი: საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

საქსტატი: საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ასევე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში, საქართველოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტი, 8 169 ნებართვა გაიცა.

აღნიშნულ პერიოდში გაცემული ნებართვები 6 363.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე მოდიოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ნებართვების ყველაზე დიდი წილი – 48.6% დედაქალაქ თბილისზე მოდის, შემდეგ არის მცხეთა-მთიანეთი – 9.4%, ქვემო ქართლი – 8.9% და იმერეთი – 6.6%.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 153.4 ათასი კვ.მ ფართობის მქონე 2 235 ობიექტი. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 11.3%-ითა და 21.3%-ითაა გაზრდილი. რეგიონების მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის – 32.4%, შემდეგ არის მცხეთა-მთიანეთი – 13.4%-ით და კახეთი – 12%-ით.