საქველმოქმედო პირობის შვილი

საქველმოქმედო პირობის შვილი

ტედ სტენლიმ ხარახურის გაყიდვით დიდი ქონება მოაგროვა, შემდეგ კი ამ ფულს ფსიქიკური დაავადებების სამედიცინო კვლევას დაჰპირდა. ამ პირობას მისი შვილი უზრუნველყოფს. და დიახ, ეს პირადად მისთვისაც მნიშვნელოვანია.

19 წლის ჯონათან სტენლიმ უნივერსიტეტი მიატოვა და ექსცენტრულად მოქცევა დაიწყო. თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამოჰყო: აქ ის ნიუ-იორკის პოლიციის ორმა ოფიცერმა ჩააბარა, რომლებიც სასურსათო მაღაზიაში შიშველი ბიჭის დასაკავებლად გამოიძახეს (ჯონს ეგონა, რომ მას საიდუმლო აგენტები დასდევდნენ). სტენლის დიაგნოზი დაუსვეს: ბიპოლარული აშრილობა ფსიქოზის ნიშნებით. ჯონის თქმით, მან “დრამატული ოთხი წელი” გაიარა, შემდეგ კი ლითიუმისა და “ტეგრეტოლის” დახმარებით გამოჯანმრთელდა. Williams College-ისა და Quinnipial School of Law-ს დამთავრების შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დაკავებისა და მოვლის კანონების ექსპერტი და ლობისტი გახდა. დაასახელეთ ნებისმიერი შტატი: ჯონი გეტყვით, რა არის მისი კანონების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

51 წლის ასაკში მან სამართლებრივი სამუშაო დროებით მიატოვა. როგორც თავად ამბობს, “ნახევრადპენსიაზე” გავიდა – საკუთარი თავის დამაკნინებელი ასეთი ფრაზები სჩვევია. სამუშაო დროის დიდ ნაწილს ახლა ასე ხარჯავს: მამამისის $1.4-მილიონიან საქველმოქმედო მიზანს – მენტალური დაავადებების სამედიცინო კვლევას – და მამამისის ქონების მოვლის უფრო ამქვეყნიურ დეტალებს აწესრიგებს. ჯონის აზრით, მისი ცხოვრების მესამე მოქმედებისთვის 60 წლის ასაკში იქნება მზად.

კი ბატონო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული ხანში შესული ადამიანები და X თაობა დატვირთული გრაფიკისგან მშობლების საქმეების მოსავლელად შვებულებას ხშირად იღებენ; მაგრამ ჯონ სტენლიმ იშვიათი მოვალეობა იკისრა. ამ ფენომენს შეიძლება, “საქველმოქმედო პირობის შვილი” ეწოდოს. ბილ და მელინდა გეიტსებმა და უორენ ბაფეტმა 2010-ში მილიარდერებს მოუწოდეს, საკუთარი ქონების ნახევარი მაინც საქველმოქმედოდ გაეღოთ, ან ცხოვრების მანძილზე, ან სიკვდილის შემდეგ. მას შემდეგ ქველმოქმედების 158 პირობა დაიდო და მას ჯონის მშობლებმაც, ტედ და ვადა სტენლიებმაც, მოაწერეს ხელი. ამ 158-დან მხოლოდ რვა შემთხვევაში გარდაიცვალა როგორც ქმარი, ისე ცოლი (ან ერთადერთი ხელმომწერი). ალბათ, რამდენიმე მემკვიდრე ხახამშრალი დარჩა, თუმცა ბევრი ხელმომწერი, მათ შორის, გეიტსები, ცდილობენ, ბავშვები ფილანთროპიულ გეგმაში თავიდანვე ჩართონ.

სწორედ ეს გააკეთა ტედ სტენლიმაც – ბევრად ადრე, ვიდრე პირობის დადება მოდური გახდებოდა ან სანამ ქველმოქმედების კონკრეტულ სამიზნეს იპოვიდა. ტედმა, რომელიც 2016 წლის იანვარში, 84 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა, კოლექციონერებისთვის ძვირფასი ნივთების გაყიდვით დიდი ქონება მოაგროვა. 1969 წელს Danbury Mint-ი შექმნა, რომელიც მთვარეზე დაჯდომის აღსანიშნავ მედლებს ყიდდა. მშობელი კომპანია, MBI, ახლა ყველაფერს ყიდის – კუბური ცირკონის სამკაულით დაწყებული, ოქროთი მოვარაყებული წიგნებით დამთავრებული.

თავად ტედი საერთოდ არ იყო არასერიოზული ან თავმომწონე. ჯონის თქმით, მის ბავშვობაში მშობლები საკუთარი შემოსავლის ნახევარს სიამაყით გააჩუქებდნენ, მამამისი კი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი ქონება ფილანთროპიაში დაიხარჯებოდა და არა – ოჯახში.

“სხვა ოჯახში მილიარდერი ვიქნებოდი. მილიარდერობა არ მჭირდება”, – ამბობს ჯონი, რომელიც ფორტ-ლოდერდეილის $1.5-მილიონიან მრავალსართულიან სახლში თავს მყუდროდ გრძნობს.

და მაინც, ოჯახი – უფრო ზუსტად, მისი შვილი – ტედ სტენლის საქველმოქმედო მისიაში დიდ როლს თამაშობდა. “ჩემი ფსიქიკური დაავადება მისი ცხოვრების უდიდესი კრიზისი იყო, სანამ დედაჩემი დემენციით არ დასნეულდა და გარდაიცვალა (2013 წელს),” – ამბობს ჯონი. “ძალიან ავად გავხდი. შემდეგ საჭირო წამლებმა მომამჯობინა. ამან მამაჩემს ფილანთროპიის სამიზნეც მისცა”.

“ჯონის უმთავრესი მიზანია, მამამისის საქველმოქმედო გეგმა განახორციელოს”, – ამბობს ადვოკატი პიტერ ჩედვიკი, რომელიც ჯონთან ერთად ტედის ქონების თანააღმასრულებელია.

“მე ვარ ქვეყანაში უდიდესი ექსპერტი ტედ სტენლის გონებაში, – გვიხსნის ჯონი. – მამაჩემი ძალიან გულჩათხრობილი იყო და სწორედ მე ვიყავი მისი ერთ-ერთი მესაიდუმლე”.

1989 წელს ტედმა და ვადამ $1 მილიონი გადასცეს ახალდაფუძნებულ სტენლის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტს ბეთესდაში, მერილენდში, შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის საკვლევად. რაღაც დროის შემდეგ მათ სხვა სფეროებში ფულის გაგზავნა შეწყვიტეს და $600 მილიონი ინსტიტუტს დაახვავეს. ეს ორგანიზაცია ისეთ მედიკამენტებს სცდიდა, რომლებზეც ფარმაცევტული კომპანიები უარს აცხადებდნენ (მაგალითად, გენერიკული მედიკამენტები და წამლის ალტერნატიული გამოყენების გზები). ოჯახმა დააფინანსა, ასევე, კვლევა ანთებითი მარკერებისა და ამ დაავადებების გადამდებ სხეულებს შორის კავშირის დასანახად. ინსტიტუტი რამდენიმე წელიწადში დაიხურება, ამბობს ე. ფულერ ტორი, 79 წლის ფსიქიატრი, რომელიც ორგანიზაციის კვლევების უმეტესობას უძღვებოდა.

ამის მიზეზი ისაა, რომ ათი წლის წინ, როცა ტორი მოხუცდა, ფსიქიატრიულ მედიკამენტებში წინსვლა კი შენელდა, სტენლის ოჯახმა გადაწყვიტა, ახალი მიდგომები დაეფინანსებინა – უფრო კონკრეტულად, გენომის ანოტაციის დახმარებით ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებული მარკერების აღმოჩენა. 2007 წელს მათ $100 მილიონის ინვესტიციით სტენლის ფსიქიატრიული კვლევის ცენტრი გახსნეს “მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჰარვარდის ბროუდის ინსტიტუტშიც” – კემბრიჯის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრში, რომელიც საქველმოქმედო პირობის ხელმომწერებმა, ილაი და ედით ბროუდებმა, დააფუძნეს.

2014 წელს, როცა ტედს ბროუდისთვის უკვე $175 მილიონი ჰქონდა მიცემული, მან ინსტიტუტს კიდევ $650 მილიონი გაუგზავნა, რაც ფსიქიატრიული კვლევისთვის გაცემული დღესდღეობით უდიდესი შემოწირულებაა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მისი სიკვდილის შემდეგ MBI-ის საკონტროლო წილით უნდა დაფინანსებულიყო. “ის, რასაც ბროუდი ქმნიდა, მამაჩემისთვის ძალიან ლოგიკური იყო. ამიტომ მთელი თავისი ქონება აქეთ მიმართა”, – ამბობს ჯონი და დასძენს, რომ ეს ბაფეტის გადაწყვეტილებას ჰგავს: ამ უკანასკნელმა თავისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი უკვე მომუშავე Bill & Melinda Gates Foundation-ში ჩადო.

ტედ სტენლი, Reading Railroad-ის მატარებლის მემანქანის დამხმარის შვილი, ის კაცი არ იყო, ფული რომ გაეფლანგა. გარდა იმისა, რომ გენომის კვლევის ჯგუფის დასაარსებელი ხარჯები მოაგროვა, მოითხოვა, რომ კერძო Stanley Family Foundation-ი, რომლიდანაც შემოწირულებები გაედინება, მისი სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ დაშლილიყო. “ტედს არ უნდოდა უსასრულოდ არსებული ორგანიზაცია, რომელიც გაზარმაცდებოდა,”. – ამბობს მისი ძველი ბიზნესპარტნიორი, ჯულიუს ფრიზი, რომელიც ჯონსა და ოჯახის ნათესავთან ერთად, ორგანიზაციის მეურვის მოვალეობას ასრულებს.

თითოეულ მეურვეს შეუძლია, ორგანიზაციის წლიური შემოწირულების ნაწილის გაცემაზე რეკომენდაცია გააკეთოს; ჯონი ყოველ წელს $600,000-ს Treatment Advocacy Center-ს უხდის, სადაც თვითონ ადვოკატად და აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა, ახლა კი საბჭოს მამოძრავებელი ძალაა. ჯონ სნუკი, ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონს TAC-ის სამუშაოში გადამწყვეტ როლს მიაწერს. კომპანიამ 30 შტატს კანონი შეაცვლევინა რეჟიმულ დაწესებულებაში პაციენტის გადაგზავნაზე არასამოქალაქო წესით: ამ შტატებში ფსიქიკურ დაავადებულებზე სათემო მეთოდებით ზემოქმედება (უბრალოდ ჰოსპიტალიზაციისა და გამოწერის მაგივრად) უკვე ნებადართულია. “ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის პრობლემისთვის ამდენი არც ერთ ოჯახს არ გაუკეთებია”, – ამბობს სნუკი.

2015 წლისთვის, ტედის სიკვდილის წინ, Stanley Family Foundation-მა $650-მილიონიანი პირობის $50 მილიონი უკვე შეასრულა და ნახევარმილიარდიანი აქტივების მფლობელი გახლდათ, მათ შორის იყო ტედის MBI-ის აქციების ნაწილი, რომელთა ღირებულებაც $214 მილიონს შეადგენდა. ახლა MBI-ის წილის დანარჩენი ნაწილიც ორგანიზაციაში იგზავნება. ჯონი ამ აქციების ღირებულებას არ გვიმხელს, თუმცა ეს თანხა საკმარისზე მეტია ბროუდის პირობის შესასრულებლად. კერძო მფლობელობაში არსებული MBI თავის ვებსაიტზე ამბობს, რომ მისი წლიური გაყიდვები $350 მილიონს აღწევს.

როგორც ნებისმიერი შვილი, რომელიც მშობლების ქონების მოვლას ცდილობს, ჯონიც მაკლერებთან ოჯახის სახლის გაყიდვაზე საუბრობს და ფიქრობს, როგორ მოექცეს მათ ნივთებს. ოღონდ ჯონის შემთხვევაში სახლი ფრენკ ლოიდ რაიტმა დააპროექტა. ის კონექტიკუტში, ნიუ-კანაანში, ჩანჩქერისა და ტბის პირას 15 აკრის ფართობზე მდებარეობს და $8 მილიონად იყიდება. “ნივთებში” შედის საფერფლე სიგარეტის ნამწვით, რომელიც, წესით, აქ თავად რაიტმა დატოვა.

ჯონი მამამისის მიერ ოჯახის წევრებისთვის (მათ შორის არიან დედინაცვლის ვაჟი და ქალიშვილი ვადას პირველი ქორწინებიდან) დაარსებული რამდენიმე ორგანიზაციის მეურვეცაა. “ამ ფონდებში საკმარისზე მეტი ფულია იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო, თუმცა კერძო თვითმფრინავით არავინ დავფრინავთ”, – ამბობს ის თავმომწონედ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *