სასამართლომ დანი ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ დანი ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბარსელონის სასამართლომ კატალონიური კლუბის ყოფილ ფეხბურთელს დანი ალვეშს სექსუალური ძალადობის ბრალდებით 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დამატებით, კლუბ „ბარსელონის“ ლეგენდას დაზარალებულისთვის $163 ათასის გადახდა დაეკისრა, 9.5 წლით კი შემაკავებელი ორდერიც დაუწესდა.

გათავისუფლების შემდეგ, ალვეშს 5-წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლა მოუწევს. როგორც SPORT-ი იტყობინება, სასამართლომ დაადგინა, რომ მსხვერპლი არ დათანხმდა სექსუალურ კავშირს ალვეშთან, რის შემდეგაც, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სპორტსმენმა მასზე იძალადა. შემთხვევა 2022 წლის 31 დეკემბერს, ღამის კლუბში მოხდა. ალვეში ინციდენტიდან სამი კვირის შემდეგ დააკავეს.

პროკურორები ბრალდებულისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ. მათ ასევე მოითხოვეს მსხვერპლისთვის კომპენსაციის გადახდა $163 ათასის ოდენობით, რაც ბარსელონის სასამართლომ დააკმაყოფილა. თავდაპირველად, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბრალდებები უარყო, თუმცა შემდგომ განაცხადა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და კავშირი ნებაყოფლობითი იყო.

გასული კვირის ოთხშაბათს, სამდღიანი სასამართლო პროცესის დასრულებისას, ალვეშმა კიდევ ერთხელ უარყო წაყენებული ბრალდებები და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოძალადე არ იყო. ამჟამად კატალონიის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება ორივე მხარეს შეუძლია.