სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შემოვიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება.

შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები “ოჩამჩირე” [P23] და “დიოსკურია” [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში.

2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ – აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *