სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი 15%-მდე იზრდება

სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი 15%-მდე იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივით, აზარტული თამაშების ბიზნესი მოგების 10%-იანი განაკვეთის ნაცვლად, 15%-ით დაიბეგრება, თანხის გატანა კი 2%-ის ნაცვლად 5%-ით. პრემიერის თქმით, ამან ბიუჯეტს 400 მილიონი ლარის შემოსავალი უნდა მოუტანოს.

„გასაკვირი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, რაც მე ნამდვილად არ მიხარია, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სათამაშო ბიზნესში.

2022 წელს, 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. იცით, რომ შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვქონდა, ავკრძალეთ რეკლამა და თამაში 25 წლამდე პირებისთვის, რამაც, ავტომატურად, 1.5 მილიონ მოქალაქეს შეუზღუდა თამაში“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წელს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიები ჩვეულებრივი მოგების გადასახადით კი არ დაიბეგრებოდნენ, არამედ GGR-ით, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა. ახლა ეს განაკვეთი 15% იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სამ კვარტალში სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით ბიუჯეტში 157 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება.