საუდის არაბეთი ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული

საუდის არაბეთი ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული

საუდის არაბეთის რიგი კომპანიები და  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციის დაბანდებითაა დაინტერესებული, – ამის შესახებ მუჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრისას განაცხადა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულება განსაკუთრებულად აქტუალური გლობალური სასურსათო კრიზისის ფონზე გახდა.

ოფიციალურ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება მზად არის, ქვეყანაში საუდის არაბეთის კომპანიების მიერ ინვესტიციების მოსაზიდად, მათ გარკვეული სარგებლიანი პირობები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. „საუდის არაბეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ყაზახეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ პერიოდში, ჩვენ შორის ურთიერთობა ბევრი მიმართულებით გაღრმავდა. ახლა ყაზახეთსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზე არის აყვანილი, მაგრამ ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსის მიცემა გვსურს“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელს და საუდის არაბეთის უდიდესი კომპანიების აღმასრულებლებს შეხვდა.