საუდის არაბეთი სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის 133 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს

საუდის არაბეთი სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის 133 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს

საუდის არაბეთი სატრანსპორტო სექტორის განვითარებისთვის 133.34 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ინვესტიცია გათვლილია აეროპორტების, საზღვაო პორტების, სარკინიგზო და სხვა ტიპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად.

საუდის არაბეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო ინდუსტრიის განსავითარებლად ინვესტიიცის გამოყოფა, ათწლეულის ბოლოსკენ, ქვეყანას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. აღსანიშნავია, რომ პრინც მუჰამედ ბინ სალმანის პოლიტიკის ძირითად ნაწილს ეკონომიკის გამრავალფეროვნება, შესაბამისად, ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება და სხვა ეკონომიკურ სექტორებზე კონცენტრირება წარმოადგენს.

საუდის არაბეთის ტრასნპორტისა და ლოგისტიკის სერვისების მინისტრის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული გეგმა 200 მილიარდი რიალის (ფულის ერთეული საუდის არაბეთში) ინვესტირებას მოითხოვს. გეგმა გულისხმობს მეგაპროექტების მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს სამეფოს რეგიონის ბიზნესის, სავაჭრო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევას.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სიდიდისა, მისი მეზობელი სახელმწიფოები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი, ბევრად უფრო დიდი საერთაშორისო ქსელით გამოირჩევიან და რეგიონის საჰაერო სატრანსპორტო ჰაბებს წარმოადგენენ.

შესაბამისად, საუდის არაბეთი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტების რაოდენობის 99-დან 250-მდე გაზრდას გეგმავს, რაც 2030 წლისთვის მგზავრების წლიური ნაკადის გასამმაგებას გამოიწვევს, ეს კი 330 მილიონამდე მგზავრს ნიშნავს. გარდა ამისა, სამეფო აპირებს, საჰაერო ტვირთის გადაზიდვის ჰაბიც გახდეს, რაც წელიწადში 4.5 მილიონ ტონამდე საჰაერო ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს.