Eastern Promotions-ის ეფექტი | ინტერვიუ გიორგი კერესელიძესთან

Eastern Promotions-ის ეფექტი | ინტერვიუ გიორგი კერესელიძესთან

რეი ჩარლზი, Maroon 5-ი, Jamiroquai და სხვა მრავალი მსოფლიო დონის მუსიკოსის და არტისტის საქართველოში ჩამოსვლა Eastern Promotions-ის ანგარიშზეა. კომპანიის სახელს, რომელიც 1998 წლიდან შოუბიზნესში აქტიურად ოპერირებს, საქართველოს საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია უკავშირდება. Eastern Promotions-ის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებსა და ღონისძიებებს ქვეყნისთვის უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი მოაქვს, რაც რიცხვებშიც დათვლილია. BMG და Forbes Georgia Eastern Promotions-ის დირექტორს, გიორგი კერესელიძეს ეწვივნენ და ვრცელი ინტერვიუც ჩაწერეს. გთავაზობთ პასუხებს კითხვებზე Eastern Promotions-ის გეგმებისა და შედეგების, რიცხვებისა და გამოწვევების შესახებ.

ბატონო გიორგი, მოდი, დავიწყოთ პანდემიის წლის შეფასებით, რა შედეგები მოუტანა 2020-მა Eastern Promotions-ს?

ვიცით, რომ ბევრი ბიზნესი საერთოდ გაჩერდა ან გაკოტრდა. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული კი შოუბიზნესიც აღმოჩნდა, ვინაიდან ადამიანების, პუბლიკის გარეშე ეს ბიზნესი არ ვითარდება. არტისტსაც სჭირდება ის ემოცია და მხარდაჭერა, რაც პუბლიკისგან მოდის. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ჩვენ მაინც ვეცადეთ, გასული წელი არ ჩაგვვარდნოდა და ზაფხულში თბილისის, ბათუმისა და კახეთის ფესტივალების ჩატარება შევძელით. ამასთან, 2020-ში გადავწყვიტეთ, რომ Black Sea Jazz Festival-ი ყოფილიყო ქართული და ამით სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ქართველი მუსიკოსების, არტისტებისთვის, ვინაიდან თვეების განმავლობაში, პანდემიის გამო, მათაც არ ჰქონდათ საშუალება, ემუშავათ და შემოსავლების გარეშე იყვნენ დარჩენილები. ეს ერთგვარი სოლიდარობა იყო ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ მათ მიმართ, არამედ იმ კომპანიების მიმართაც, რომლებიც საკონცერტო მომსახურებას ეწევიან, იქნება ეს ტექნიკური პერსონალი თუ სხვა. ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში ვვითარდებოდით. პანდემიამ კი შექმნა იმის საშიშროება, რომ ისინი სხვაგან გადაინაცვლებენ და სპეციალობას შეიცვლიან, რაც ჩვენს სფეროში კვალიფიციური კადრების დაკარგვის საფრთხეს ქმნის. აქედან გამომდინარე, სპონსორებთან ერთად ვიმუშავეთ და შევძელით, რომ 2020-ში სამივე ფესტივალი ჩაგვეტარებინა.

ჩვენ 2020 წლის მაისში გვქონდა დაგეგმილი ლენი კრავიცის ჩამოყვანა საქართველოში, თუმცა ვიცით, რაც მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ღონისძიება გაგვიუქმდა. 20 000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული. გული გვწყდება, რომ ამდენი შრომა  წყალში ჩაგვეყარა.

თქვენ 1998 წლიდან ამ ბიზნესში ხართ და კარგად იცით, რომ შოუბიზნესი საკმაოდ რისკიანი ბიზნესია – მინიმალური რყევებიც კი საგრძნობლად ეტყობა. როდესაც ქვეყანაში ამჟამად ასეთი არასტაბილური ვითარებაა, რა გაძლევთ იმის გამბედაობას, რომ წელსაც ატარებთ ბათუმისა და თბილისის ჯაზფესტივალებს?

ჩვენი ამდენი წლის მოღვაწეობამ  საშუალება მოგვცა, რომ ბევრ სააგენტოსთან ახლო ურთიერთობა ჩამოგვეყალიბებინა და ამიტომ კითხვები   საქართველოში ღონისძიებების ჩატარების შესახებ მათთვის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ალბათ ეს დიდწილად ჩვენი დამსახურებაც არის. მაქსიმალურად  ვცდილობდით ხოლმე, რომ ეს ხალხი ჩამოგვეყვანა და საქართველოში ყოფნისას ისინი რწმუნდებოდნენ, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც მასშტაბური ფესტივალები უნდა ჩატარდეს. შემდეგ თავადაც გვიწყობდნენ ხელს. აქედან წასული თითოეული  მსოფლიო დონის არტისტი საქართველოს ცოცხალი რეკლამაა. ისეთ დაუვიწყარ დღეებს ვუწყობთ ხოლმე, რომ შემდეგ ისინი ჩვენი ერთგვარი ელჩებიც კი ხდებიან. მსგავსი ბევრი მაგალითი დაგვიგროვდა. თუნდაც Jamiroquai, რომელიც პირველად საქართველოში 2006 წელს გვყავდა. ისეთი ემოციებით წავიდა.აქედან, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას არც ახსენებდა.

ზოგადად, ყველაფერი მაყურებლით იწყება. მაყურებლის განწყობა, ემოცია არის მნიშვნელოვანი, სტუმრები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ჩვენთან განსხვავებული მაყურებელია, ემოციური… ჯაზმენებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ კონცერტებზე ასეთი რაოდენობის ახალგაზრდა მაყურებელი იშვიათია ხოლმე. ამას ემატება ჩვენი ისტორია, გულღია ურთიერთობა, კულინარია. ასე რომ, აქ ჩამოსულებს დიდი ემოციებით დატვირთულს ვუშვებთ ხოლმე.

თბილისის ჯაზფესტივალი Eastern Promotions-მა ააღორძინა, რომლის სათავეშიც თქვენ ხართ. მოგვიყევით, ზოგადად რა გზა გაიარა ამ ინდუსტრიამ საქართველოში?

პირველი თბილისის ჯაზფესტივალი 1979 წელს ჩატარდა, საბჭოთა კავშირის დროს. შემდეგი ფესტივალი იყო 1983 წელს, როდესაც ჯგუფები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან გვეწვივნენ,  თავისთავად, – საბჭოთა კავშირის მასშტაბის არტისტებიც. ხოლო ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 1989 წელს ჩატარდა, 140-ზე მეტი ამერიკელი მუსიკოსი იყო ჩამოსული, პლუს ევროპელებიც. ერთკვირიანი დიდი ზეიმი მოეწყო თბილისში. ხალხმა სწორედ მაშინ იგრძნო, რომ თავისუფლება ძალიან ახლოს იყო. ეს მუსიკა არის თავისუფალი ხალხის მუსიკა.

შემდეგ იყო 1990-იანი წლები, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო ჩამოყალიბება, პირველი ფესტივალი 1996 წელს ჩავატარეთ. სხვათა შორის, რომ არა პრეზიდენტ შევარდნაძის ჩართულობა, ეს კონცერტი, დიდი ალბათობით, არც ჩატარდებოდა. „კოკა-კოლას“ ეგიდით რეი ჩარლზის კონცერტი ჩავატარეთ. ეს იყო ნამდვილი შოკი, , ვინაიდან იმ დროს ასეთი დონის არტისტის ჩამოსვლა საქართველოში წარმოუდგენელი იყო. როდესაც დავინახეთ, რომ რეი ჩარლზი მართლა ჩამოვიდა, არ გვჯეროდა. ამ კონცერტმა მოგვცა ბიძგი და 1998 წლიდან უკვე დავრეგისტრირდით როგორც იურიდიული პირი, ავაღორძინეთ ფესტივალები. თბილისის ფესტივალიც ტრადიციად იქცა. თბილისის ჯაზფესტივალი, როგორც სახელი, ევროპული ფესტივალების სიაში უკვე  თამამად იკავებს ადგილს. ყველა მუსიკოსისთვის ეს ფესტივალი პრესტიჟული გახდა.

რაც შეეხება ბათუმს, 2000-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ ფიქრი იმაზე, აჭარის სანაპირო ზოლზე რაიმე მსგავსი აქტივობა დაგვეწყო, სადაც ტურისტული ნაკადების მატება შეინიშნებოდა. სახელმწიფოსაც ეს მიზანი ჰქონდა, რომ აჭარა და სანაპირო ზოლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამხდარიყო ტურიზმის თვალსაზრისით. ამ ბიზნესის განვითარებასაც ხელი შეუწყვეს და სახელმწიფოსთან ერთად 2007 წელს ბათუმში პირველი ფესტივალი ჩავატარეთ. მაშინ ერთადერთი ბრენდული სასტუმრო არსებობდა, რომელიც ახალი გარემონტებული იყო – სასტუმრო „ინტურისტი“. ამის შემდეგ აშენდა „შერატონი“, ასევე ქობულეთში – სასტუმრო „ჯორჯიან პალასი“. შემდეგ წამოვიდა სხვა ინვესტიციები, აშენდა „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“ და სხვა.

ხომ არ გაქვთ აჭარის ახალ სტადიონზე – „აჭარაბეთ არენაზე“ მოლაპარაკებები კონცერტის გამართვის შესახებ?

გვქონდა ამაზე საუბარი. ეს უკვე ადგილობრივი მთავრობის გადასაწყვეტია. მათ ნათელი მაგალითი აქვთ Black Sea Jazz Festival-ის სახით, თუ რამხელა შემოსავალი მოაქვს მსგავს ღონისძიებებს. რაც უფრო დიდი არტისტი მოგყავს, მით მეტი ადამიანი მოჰყვება მას. თუმცა დიდი დონის მუსიკოსები, მაგალითად, ბიონსე და ა.შ. რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. ამიტომ ეს დიდ რისკებთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. მზაობა მთავრობისგან სულ არის, თუმცა შესაბამისი მზა საფესტივალო სივრცეები არ არსებობს. ყოველთვის გვიწევს ადგილების ტრანსფორმაცია. მაგალითად, ჩოგბურთის კლუბს ვიღებთ ხოლმე იჯარით და მის ტრანსფორმირებას ვახდენთ. არადა, უამრავი ადგილია ბათუმში, სადაც შეიძლება კარგი მსგავსი სივრცის მოწყობა. ადგილობრივი ხელისუფლება თუ ინფრასტრუქტურას მოაგვარებს, მუდმივად იქნება მსგავსი სივრცე და ეს პრობლემაც აღარ იარსებებს.

ჯამში რა მოგებას ტოვებს Eastern Promotions-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალები?

მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაიზარდა დამსწრეთა რაოდენობა. თავიდან 400-500 ადამიანი ესწრებოდა და ეს რიცხვი შემდეგ დღეში 10 000 ადამიანამდე ავიდა. რა დონის არტისტიც გყავს, მოთხოვნა და ინტერესიც  შესაბამისია. სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია: რაც უფრო დიდი ვარსკვლავი ჩამოგყავს, მეტი ტურისტი მოჰყვება მას, უფრო  მეტი საშუალება გაქვს რეკლამის, ამიტომაც ეკონომიკური ეფექტის კუთხით ბევრად მოგებიანია. ერთი ჯიბიდან დახარჯული თანხა მეორე ჯიბეში 100-ჯერ მეტ მოგებას მოგიტანს. ამიტომ ეს ძალიან სწორი გათვლაა.

ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია. უბრალოდ, მივყევით ცნობილი ევროპული მასშტაბური ფესტივალების მაგალითებს, რომლებიც მასშტაბებით დაახლოებით 2-3 კვირაზეც კი გავიდნენ და სადაც საოცარი ვარსკვლავთცვენაა ხოლმე. შესაბამისად, მათი ბიუჯეტიც 60 მლნ ევროა და ამის  ფარგლებში ტრიალებენ,  ეს წარმოუდგენელი თანხაა. მაგრამ ჩვენც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფესტივალის შექმნა შევძელით. მაგალითად, ბათუმში სამ დღეში თვალითაც კი ჩანდა ხალხის ნაკადი, ივსებოდა ბათუმის სანაპირო, ადგილს ვერ ნახავდით ვერც სასტუმროში, რესტორანში, კაფეში, ტაქსიში. ღამითაც დიდი მოძრაობა იყო და მთელი წლის ფულს შოულობდნენ ხოლმე. გვინდოდა, ოფიციალურად დაგვეთვალა ეს ყველაფერი და დათვლა შემოსავლების სამსახურს ვთხოვეთ. 2015 წელს მართლაც დაითვალეს. იმ პერიოდში ფესტივალი ივნისის დასაწყისში ჩავატარეთ, მანამდე, კვლევებით, აჭარის ბიუჯეტში ყოველდღიური შემოსავალი დაახლოებით 1,3 მლნ – 1,5 მლნ ლარის ფარგლებში იყო. შემდეგ ფესტივალის პერიოდიც დაითვალა და აღმოჩნდა, რომ სხვაობა იყო 85 მლნ ლარი. როგორც კი მორჩა ფესტივალი, ისევ იმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ის ციფრი იყო, რისი დათვლაც შეიძლებოდა იმ დროს, თუმცა ერთი ამდენი შემდეგ კიდევ აისახებოდა ბიუჯეტში. საერთო ჯამში დაახლოებით 160-მილიონიანი ეფექტი ნახა აჭარამ ფესტივალის შედეგად.

ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ეს იყო 2015 წელი და შემდეგ წლებში ჩვენი ფესტივალები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. მაგალითად, 2016 წელს ორკვირიანი გავხადეთ ფესტივალი, ეს იყო ვარსკვლავებით დახუნძლული საოცრება.

ამის შემდეგ საქართველოში Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ კიდევ რამდენიმე კონცერტი. მაგალითად, რობი უილიამსის კონცერტი, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა, თუმცა ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება. ასევე იყო Maroon 5-ის კონცერტიც ბათუმში. მაშინ ჩვენ ვაფრთხილებდით სასტუმროებს, რესტორნებს, რომ იქნებოდა ძალიან ბევრი ვიზიტორი და მომზადებული ყოფილიყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც პრობლემა შეიქმნა. ზოგადად, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ინფრასტრუქტურა მზად უნდა დახვდეს და გაუძლოს. რაც უფრო დიდ ინვესტიციას ჩადებ და რაც უფრო დიდი არტისტი ჩამოგყავს, უფრო მეტ ამონაგებსაც ნახავ. შესაბამისად, ეკონომიკურ ეფექტსაც უფრო მიიღებ. და რაც მთავარია – რეკლამა და იმიჯი, ყველამ იცის, რომ ზოგ არტისტს, მუსიკოსს მილიონობით ე.წ. ფოლოვერი ჰყავს და ყოველდღიურად ადევნებს თვალს თავისი საყვარელი არტისტის მოგზაურობას. შესაბამისად, ყველამ იცის, სად და როგორ ტარდება მისი კონცერტი, ამ ადამიანების თუნდაც 1%-მაც რომ გადაწყვიტოს საქართველოში ჩამოსვლა,  ესეც დიდი შედეგია.

თქვენ ახსენეთ რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტები… რამდენად თვლით საჭიროდ, რომ სახელმწიფო ჩაერთოს ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაში?

ჩვენნაირი ტიპის ფესტივალებს თანადაფინანსება სჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩართულია მთავრობა, განსაკუთრებით – აჭარის ფესტივალში, ვინაიდან ეს უფრო სტრატეგიულ ფესტივალად იქცა. თუმცა ჩვენ დონორებისგან 30-40%-ზე მეტი დაფინანსება არასდროს მიგვიღია. სახელმწიფოს როლი ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა ბალანსი საჭიროა. მხოლოდ სახელმწიფო პროექტები არ არის კარგი. საჩვენებელი მსგავსი პროექტი იყო რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტები. იმის მიუხედავად, რომ არ ვიყავით ამის მომხრე, იმისთვის რომ გვენახა, როგორ ჩატარდებოდა, საჩვენებლად იყო კარგი. თუმცა ამან სისტემატური სახე რომ მიიღოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენნაირ კომპანიებს დაარტყამს.

არღვევს სახელმწიფო ამ ბალანსს?

ხანდახან ჰგონიათ, რომ სახელმწიფოს მიერ თავიდან ბოლომდე დაფინანსებული პროექტი თუ ექნებათ ხოლმე, კარგია. თუმცა ეს მაყურებელს ერთჯერადად წაახალისებს, ჩვენს სფეროს კი ცუდ მომავალს უქადის. ამით, ფაქტობრივად, საქართველო ხდება კონკურენტი იმ კომპანიებისა, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ..

რადგან სახელმწიფო პროექტებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ასევე, რა ეფექტი მოიტანა Check in Georgia-მ?

ამაზე არსებობს კვლევა, დათვლილია, თუ რა ეფექტიც მოიტანა ამ პროექტმა. დეტალებში ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც ვიცი, იმ შემოსავლებით კულტურის განხრით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა მაგალითად, თეატრალური ინსტიტუტისა და სამხატვრო აკადემიის რემონტი. ფაქტია, რომ ამას ეფექტი აქვს და ყოველთვის ექნება, მთავარია, სახელმწიფომ სწორი მიმართულება აიღოს.

დაბოლოს, 2021 წელს რას უნდა ველოდოთ Eastern Promotions-გან?

პანდემიამ უზარმაზარი უკუეფექტი მოიტანა. ეს წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ პანდემიის შედეგების ანალიზი გავაკეთოთ. მარტო შოუბიზნესი არ დაზარალებულა, პანდემიამ ყველას რთული პერიოდი დაუყენა. მათ შორის იმ ბიზნესებსაც, რომლებიც ტრადიციულად მხარს გვიჭერდნენ და სპონსორობაში მოგვყვებოდნენ. ახლა უნდა გადავლახოთ ეს პერიოდი. მომავალში კი მზად ვართ, მაყურებელს კაშკაშა ვარსკვლავები შევთავაზოთ.

მანამდე, წელს კახეთში ვგეგმავთ მეექვსე ფესტივალის ჩატარებას. ჩვენ ამ რეგიონში ღვინისა და ჯაზის შერწყმა მოვახერხეთ და უკვე ხუთი მსგავსი ფესტივალი გვაქვს ჩატარებული. ეს არის ჩვენი მესამე მიმართულება, ზამთრის მიმართულების დამატებაც გვინდა, სადმე მთაში ფესტივალის ჩატარება, თუმცა ინფრასტრუქტურულად რთულია.

ჯაზის მიმართულებით კი ორი კაშკაშა ვარსკვლავი, რომლებიც დაგვრჩა საქართველოში ჩამოსაყვანი, და რომლებიც ჯერ არ ყოფილან  ჩვენს ქვეყანაში, წელს თბილისის ფესტივალზე ჩამოვა. რაც შეეხება ბათუმს, იქ უკვე სტილი არეულია, მუსიკის რა სტილიც გინდა, იმ სტილს იპოვი. ვცდილობთ, მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ მომხმარებელს. ზოგადად, ბათუმის ფესტივალი ძალიან გაახალგაზრდავდა, ახალგაზრდა პუბლიკა ესწრება ხოლმე, მათ სხვა მოთხოვნები აქვთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ მოთხოვნებს ავყვეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.