საუდის არაბეთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროსადგურის გაყიდვის პროცესი შეაჩერა. სადგურმა მსოფლიო მასშტაბით მრავალი ინვესტორის ყურადღება მიიქცია, რომელთა შორის ფრანგული ელექტრომომარაგების კომპანია Engie SA-ც არის.
რას-ალ-ხაირის წყლის გამამტკნარებელი ენერგოსადგურის მშენებლობა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს და ეს პროექტი ქვეყანას 7 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება. საუდის არაბეთის მთავრობა წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროგრამის ამოქმედებას ისახავდა მიზნად, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესი შეჩერებულია.
საინფორმაციო გამოცემა Al-Jazeera-სთვის საიდუმლოდ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთი გამამტკნარებელი საწარმოს 60%-იანი წილის გასხვისებას 2 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავდა. თუმცა საინტერესოა, რომ წილის პოტენციური მყიდველები საწარმოს ასაკზე, მოძველებულ ტექნოლოგიებსა და გარემო პირობებზე აპელირებენ.
საუდის არაბეთის პრივატიზაციის ეროვნული ცენტრის სპიკერის განცხადებით, რას-ალ-ხაირის ჰიდროსადგურის გასხვისების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება გახდა.
საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრ მუჰამად ალ-ჯადანის განცხადებით, სახელმწიფო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში 38 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს.
რას-ალ-ხაირის ჰიდროსადგური 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მისი 60%-იანი წილის შეძენის მსურველები კი იაპონური Jera Co. და Marubeni Corp.-ი , ასევე ინდური NTPC Ltd. არიან. წყლის გამამტკნარებელი საწარმო ყოველდღე 1.05 მილიონ კუბურ მეტრ მტკნარ წყალს უშვებს, რითაც დედაქალაქი და ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი მარაგდება.