საუდის არაბეთში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება

საუდის არაბეთში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება

საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი დედაქალაქ ერ-რიადში ახალი ცენტრის მშენებლობას აანონსებს. პროექტი, სახელწოდებით „New Murabba“, რომელსაც პრინცი მუჰამედ ბინ-სალმანი ხელმძღვანელობს, ასიათასობით მცხოვრებლის დასატევად, დედაქალაქის 19 კვადრატული კილომეტრით გაფართოებას ითვალისწინებს. აღნიშნული მეგაპროექტი Saudi Vision 2030-ის გეგმის ნაწილია.

პროექტის მთავარი ღირსშესანიშნაობა კუბის ფორმის ნაგებობა „Mukaab“-ია, 400 მეტრი სიმაღლისა და 400 მეტრი სიგანის ცათამბჯენი, რომელიც Empire State Building-ის ოც შენობას დაიტევს. ნაგებობა დამთვალიერებელს „იმერსიულ გამოცდილებას“ შესთავაზებს, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთ დღეს მარსზე, მეორე დღეს კი სხვა ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაუროთ.

ამ ყველაფერთან ერთად კი კუბური ნაგებობის სპირალური ფუძის თავზე კოშკი იქნება განთავსებული, რომელიც ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საცხოვრებელ და სასტუმრო ობიექტებს, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს. საერთო ჯამში, ეს  კონსტრუქცია ქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

„New Murabba“-ს პროექტი 104,000 საცხოვრებელ ობიექტს, 9,000 სასტუმრო ოთახს, 1.4 მილიონ კვადრატულ მეტრ საოფისე ფართს, 980,000 კვადრატულ მეტრ სავაჭრო სივრცესა და საზოგადოებრივი ობიექტებისთვის განკუთვნილ 1.8 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას აერთიანებს. საუდის არაბეთის „საჯარო საინვესტიციო ფონდის“ გეგმით, პროექტი 2030 წელს დასრულდება.

„საჯარო საინვესტიციო ფონდის“ მიერ დაფინანსებული „New Murabba“ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში ვითარდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობა Saudi Vision 2030 გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება და მისი დივერსიფიკაციაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *