საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების 2023 წლის რეიტინგი

საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების 2023 წლის რეიტინგი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკეთესო რეპუტაციის ბრენდების გამოსავლენად, Axios Harris Poll 100 ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილ კომპანიებს შეისწავლის. ბრენდების რეპუტაციის 2023 წლის რეიტინგი 16,000-ზე მეტი ამერიკელის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.

რეიტინგში თითოეული კომპანიის ქულა ცხრა ძირითადი კრიტერიუმის განსაზღვრითაა მიღებული, ესენია: „ხასიათი“, „ტრაექტორია“, „ნდობა“, „კულტურა“, „ეთიკა“, სამოქალაქოობა“, „ხედვა“, „ზრდა“, „პროდუქტები და სერვისები“. Axios Harris Poll 100-ის სიის ტოპ-ათში კომპანიებს შევხვდებით, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე ტექნოლოგიებისა და ავტომობილების ინდუსტრიიდან.

2023 წლის რეიტინგის ლიდერი ტანისამოსის ამერიკული საცალო ვაჭრობის კომპანია Patagonia გახდა, რომელიც პირველ ადგილზეა „ხასიათის“, „ტრაექტორიის“, „ეთიკის“, „სამოქალაქოობის“ და „პროდუქტები & სერვისების“ კატეგორიებში. ბრენდს არაერთი სოციალური ინიციატივა ეკუთვნის, მათ შორის დედამიწის გადასახადის დაწესება, რომელიც არაკომერციულ გარემოსდაცვით ჯგუფებს ფინანსურ დახმარებას უწევს.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე კი წარმოდგენილია ამერიკული საცალო ვაჭრობის ბრენდი Costco, რომელმაც პირველობა „ნდობის“, „ზრდისა“ და „კულტურის“ კატეგორიებში მოიპოვა. კომპანია ცნობილია უნიკალური სტილის მაღაზიებით და ეტაპობრივად ფეხს საერთაშორისო მასშტაბითაც იკიდებს. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, Costco-ს ჯამში 854 ობიექტი აქვს, აქედან 267 – ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

დარჩენილ მეცხრე, „ხედვის“ კატეგორიაში პირველობა კი სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა, Chick-fil-A-მ მოიპოვა. საკვები პროდუქციის გარდა, ბრენდი კორპორაციული კულტურითაა განთქმული, სადაც თანამშრომელს არა როგორც დაქირავებულ მუშახელს, არამედ როგორც ერთიანი ოჯახის წევრს, ისე ექცევიან.

რაც შეეხება ბრენდებს, რომელთა რეპუტაციაც და, შესაბამისად, რეიტინგში პოზიციები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ასე გამოიყურება: Taco Bell-ი (-20), Netflix-ი (-20), Target-ი (-21), Chrysler-ი (-22) და Tesla (-50). მაგალითისთვის, Netflix-ს საკმაოდ მაღალი ქულა აქვს „პროდუქტებისა და სერვისების“ კატეგორიაში, თუმცა „ხასიათისა“ და „სამოქალაქოობის“ კრიტერიუმში მხოლოდ „კარგი“ შეფასება დაიმსახურა. შესაძლოა, კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად პაროლის გაზიარების ფუნქციის დაბლოკვამაც იმოქმედა.

ყველაზე დიდი რეპუტაციული ზარალი კი, როგორც აღმოჩნდა, გასულ წელთან შედარებით ილონ მასკის ელექტრომობილების ბრენდმა განიცადა. „პროდუქტებისა და სერვისების“, „ხედვისა“ და „ტრაექტორიის“ კრიტერიუმებში შეფასება – „შესანიშნავის“ მოპოვება შესაძლოა იმ ფაქტზე მიუთითებდეს, რომ მომხმარებელთათვის Tesla კვლავ ელექტრომობილების პიონერ კომპანიასთან ასოცირდება. თუმცა ბრენდის ქულებმა მნიშვნელოვნად იკლო „ხასიათის“, „ნდობისა“ და „სამოქალაქოობის“ კატეგორიებში, რაც შესაძლოა პირადად ილონ მასკის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს.

საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების 2023 წლის ათეული:

  1. Patagonia – 83.5 ქულა (შესანიშნავი)
  2. Costco – 82.1 ქულა (შესანიშნავი)
  3. John Deere – 82.0 ქულა (შესანიშნავი)
  4. Trader Joe’s – 81.7 ქულა (შესანიშნავი)
  5. Chick-fil-A – 81.4 ქულა (შესანიშნავი)
  6. Toyota – 81.0 ქულა (შესანიშნავი)
  7. Samsung – 81.0 ქულა (შესანიშნავი)
  8. Amazon – 80.7 ქულა (შესანიშნავი)
  9. USAA – 80.6 ქულა (შესანიშნავი)
  10. Apple – 80.6 ქულა (შესანიშნავი)