XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები ხშირად იმდროინდელ ქართულ პრესაშიც აისახებოდა. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი – სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და მის მნიშვნელობას გვიხსნის.
რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელები, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…
„ტფილისის დღიური“ | 1876 წელი
ამბავი #1 – საუცხოო მკითხავი
„ტფილისის დღიურის“ ამ თავის თხრობა ერთი სახალისო ამბით დავიწყოთ, თუმცა, როგორც ჩანს, თავის დროზე თფილისის მოსახლეობას „ბისმარკის ქვეყნიდამ გადმოფრენილი მეცნიერი მკითხავი ქალის – ალექსანდრინას“ მობრძანება სულაც არ ეჩვენებოდა სახალისოდ. სახალისოდ კი არა, თფილისში მოსული მკითხავი მუშტარს ვერ აუდიოდა და დღეში ზოგჯერ სამოცამდე ადამიანს უამბობდა ათას რამეს მათ წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე, რითაც გვარიან შემოსავალსაც უყრიდა თავს.
ამ პერიოდში, როგორც გაზეთები იუწყებოდნენ, „ტფილისი სწორედ მკითხავების ბუნაგი“ იყო, თუმცა ამ ავანტიურისტული ხელობის ადგილობრივი მიმდევრებისგან განსხვავებით, უცხოელ მკითხავებს უფრო დიდი „გასავალი“ ჰქონდათ. მაშინ ხომ ყველაფერი უცხო ხშირად საუცხოოსთან და საუკეთესოსთან იყო გაიგივებული!
მოსახლეობაში განათლების არცთუ სახარბიელო დონესთან ერთად, მკითხავებისადმი გაზრდილი მიმართვიანობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მათი ნაწილი ადამიანებს „სამედიცინო მომსახურებასაც“ სთავაზობდა და არა მეცნიერული, არამედ მჩხიბავური მეთოდებით, ათასგვარი სნეულებისგან განკურნებასაც ჰპირდებოდა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ექიმის კონსულტაციაზე გაცილებით იაფი ჯდებოდა და ამიტომაც, სამედიცინო სერვისისგან განსხვავებით, ბევრს მიუწვდებოდა ხელი.
ასე იყო თუ ისე, თბილისში ჩამოსულ ალექსანდრინას, რომელმაც ქალაქში „თვეში თხუთმეტ თუმნად ერთი დიდი სადგომი დაიჭირა და ისეთ ნაირად მორთო, რომ ხამ კაცსა და განსაკუთრებით ქალს ოცნებას აუღელავდა – ოთახი შავი ჩითით არის გაკრული, შიგ ბნელა და ერთს კუთხეში რაღაც მანქანების შკაფი დგას, რომლის შემწეობითაც ალექსანდრინა მსურველის წარსულს, აწმყოსა და მომავალს გამოიცნობს“. როგორც ბუზი – თაფლს, ისე ესეოდნენ თფილისელები, განსაკუთრებით კი „დიდ-კაცების ქალები“ – „გაცვეთილია თურმე გამოჩენილ ალექსანდრინას კიბეები“.
ამ ფონზე, არცაა გასაკვირი, თფილისში რომ ამბობდნენ, „ბისმარკის ქვეყნიდამ გადმოფრენილ მკითხავ ქალს ორ-სამ თვეში ხუთასი თუმნის აკვრის იმედი აქვსო“.
ხუთასი თუმანი ორ-სამ თვეში დიდი ფული იყო, ამიტომაც მოსახლეობის გაბითურებით შეწუხებული ქართული პრესა „გულამოსკვნილი ჩიოდა“ – „განა სხვა ათას გვარი მოტყუება და ცარცვა-გლეჯა არ ეყოფა ხალხს, რომ ესეც ზედ მიემატაო?“.
„ამგვარი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში; მთელმა ქვეყანამ იცის, აშკარად ატყუებენ ცრუ-მორწმუნე ხალხსა და კაცი ხმას არ იღებს; ხმას არ იღებს ჩვენი პოლიცია, რომელმაც ალექსანდრინას ჩვენს ქალაქში მოსვლა, უეჭველია, ყველაზე უმალ შეიტყო და რომლის მოვალეობაა, რომ ამ გვარი მატყუარებისაგან ხალხი დაიცვას“.
ამბავი #2 – „კეთილ-სანდო“ წიგნით მოვაჭრენი
მკითხავებისგან ვერ ან არ, მაგრამ პოტენციურად არა„კეთილ-სანდო“ წიგნით მოვაჭრეთაგან კი „იცავდა“ ქალაქი და პოლიცია მოსახლეობას.
საქმე ის გახლავთ, რომ თუკი მოვაჭრეს ქალაქის გამგეობისაგან აღებული „კანონიერი ბილეთი“ არ ჰქონდა, მისთვის ყოველგვარი ვაჭრობა აკრძალული იყო.
სამართალდამცავთა აქტიური ჩარევით, 1876 წელს ამ აკრძალვას „შესწირვიან“ პატარა ბიჭები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში წიგნით დატვირთულნი დადიოდნენ და „კარგა ბლომათ ჰყიდდნენ ქართულ იაფ გამოცემებს“, რადგან „კანონიერი ბილეთის“ გარდა, წიგნების ვაჭრობისათვის პოლიციის ან ადმინისტრაციის მოწმობაც აუცილებელი ყოფილა. სწორედ ეს მოწმობა უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ წიგნების ესა თუ ის გამყიდველი „კეთილ-სანდო“ კაცი იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავთა ამგვარი თავგამოდება ტფილისელებს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნიდათ, არავინ იცის, დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ ფაქტია, ხშირად წიგნების ქუჩა-ქუჩა დამტარებელი ბიჭები ბეჭდურ გამოცემებს დაწესებულ ფასზე გაცილებით ძვირად ჰყიდდნენ და არც იმას ერიდებოდნენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, პროდუქტის „გასასყიდი ფასი თვითონ წინგზედვე იყო დანიშნული“.
ამბავი #3 – „სოფლის ხალხი და ქალაქელები“
თუკი ზემოაღნიშნული წესების დაცვას სამართალდამცავები, რატომღაც, უჩვეულოდ მკაცრად აკონტროლებდნენ, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები, კერძოდ კი ქალაქელთა მიერ სოფლიდან სავაჭროდ ჩამოსული მოსახლეობის გაყვლეფისა და გაბითურების ტენდენცია, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩებოდათ.
„ქალაქის მცხოვრებელს სოფლის ხალხი, ხამი ხალხი, ყოველთვის აგდებული ჰყავს და თავის მახვილობისა და მოტყუების საგნად მიაჩნია. მაგრამ არსად არ ეპყრობიან ისე უსინდისოთ სოფლის ხალხსა ქალაქელები, როგორც ჩვენში.
რომელიმე უბრალო გლეხი ჩამოდის ქალაქში, ჩამოაქვს ან ურმით ან ზურგით რაიმე გასასყიდი, რომ აღებული ფულით ხელმწიფისა და ბატონის ხარჯიც გაისტუმროს და ცოლ-შვილიც შემოსოს; იმ წამსვე ბუზივით დაეხვევიან წვრილი ვაჭრები, ქალაქის ბიჭები, და კარგი კიდევ თუ გასასყიდში ნახევარი ფასი მისცეს, ხშირად სულაც მოსტაცებენ და თუ გამოუდგა, კიჟინასაც დასცემენ და დანარჩენ გასასყიდსაც დაიტაცებენ.
განსაკუთრებით წვალებული არიან თურმე ხილის მომტანი სოფლის კაცები; ბაყლებთან მიდიან ძალა-უნებურად, ისინი ნახევარს წონაში მოატყუებენ, ზოგს ფულს დააკლებენ და ერთი მანეთის საღირალში ხშირად აბაზსაც არ აძლევენ. ხშირად ქუჩებში ჩხუბი და დავიდარაბა შეიქნება, მაგრამ აბა რა უნდა ჰქნას ამდენ უსინდისო ხალხში ერთმა ან ორმა გლეხმა?“
მეტიც, თურმე კინტოები „იქამდის“ თამამდებოდნენ, რომ არათუ ქალაქში ჩამოსულ, არამედ ტფილისის ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ გლეხებსაც არ აძლევდნენ მოსვენებას, „მუდამ ღამ და ხან დღისითაც“ მათ ბაღებსა და ვენახებში იპარებოდნენ და ყურძენსა და ნაირგვარ ხილს ჰპარავდნენ.
„პოლიციის საქმეა, რომ ამგვარ აშკარა უსამართლობასა და უწესოებას ყური ათხოვოსო“, წერდა პრესა, მაგრამ სამართალდამცავები ზოგჯერ იმასაც კი არ იმჩნევდნენ, რაც ქალაქში ხდებოდა და სოფლებში რას დაუწყებდნენ დევნას „უწესოებას“?!
პასუხისმგებელი პირები არა მხოლოდ პასიურობდნენ და არ ესარჩლებოდნენ ტფილისელ ჩარჩ-ვაჭართა ხელში ჩავარდნილ გლეხებს, არამედ ზოგჯერ, თითქოს საწყალ გლეხებს ის არ ეყოფოდათ, რომ ატყუებდნენ და სავაჭროს სტაცებდნენ, ე.წ. ბაზარნიკები და საზოგადოდ ის პირნი, ვისაც ვაჭრობის ზედამხედველობა ჰქონდა მინდობილი, სოფლის მოსახლეობას „ისეთს და იმდენ გადასახადს“ ახდევინებდნენ, რაც კანონით არ ეკუთვნოდათ.
ამბავი #4 – შესანიშნავი ხრიკი ქალაქელი ვაჭრისა
ქალაქში სავაჭროდ ჩამოსულ გლეხებს შავ დღეში რომ აგდებდნენ, ის ვაჭრები დანდობით არც თფილისელებს ინდობდნენ, მათ შორის – მათივე დაქირავებულ პერსონალსაც.
მაგალითად თფილისელი ვაჭრის ეს „შესანიშნავი ხრიკიც“ გამოდგება: „ამას გამოუცხადებია თურმე თავის ნოქრებისთვის, რომ კარგათ, მარჯვეთ ივაჭრეთო და რასაც დუქანი „ხეირს ნახავსო“, ხარჯის გარდა, წმინდა შემოსავალი თანასწორად გავიყოთო.
ნოქრებს თავი მოუქაჩლებიათ, უმეცადინიათ, რაც შეეძლოთ და მართლაც ისე კარგათ წაუყვანიათ ვაჭრობა, რომ წლის დამლევს, ანგარიშით, თითოს სამოც-და-ათ თუმნამდი შეხვდა, მაგრამ, როცა ვაჭარს თავის სიტყვა და დაპირება მოაგონეს, იმან „ვინა ჰყრიხართო!“ უთხრა თურმე და ამოძუებულები გამოჰყარა დუქნიდამ…“
ამბავი #5 – „უსაფუძვლო გადასახადი“
ამ ნოქრების მსგავსად, ალბათ იგივე ბედი ეწეოდათ იმ „წვრილ მოვაჭრეებს“, რომლებიც ქარვასლის პატრონებს „გადაჭრილს გადასახადს“ უხდიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე იქნებოდა 1876 წლამდე, მანამ სანამ ქალაქის გამგეობა ერთ „უსაფუძვლო გადასახადს“ გააუქმებდა.
ეს გადასახადი იმ „წვრილ მოვაჭრეებს“ შეეხებოდა, რომლებიც ქარვასლებში ხელით ატარებდნენ „თუ შეკერილ ტანთსაცმელს და თუ სხვა რამეებს“ და ყოველ გაყიდულ ნივთზე ქარვასლის მეპატრონეს ფიქსირებულ გადასახადს უხდიდნენ.
ქალაქის გამგეობას ეს გადასახადი უკანონოდ უცნია და მისი აკრძალვის შესაბამისი „განკარგულება მოუხდენია“.
ამბავი #6 – სამშენებლო რეგულაციები
ამას გარდა, „დროებაში“ ვკითხულობთ ქალაქის გამგეობის კიდევ ერთ, მოცულობით მცირე, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე განკარგულებას, რასაც „ერთმანეთზედ მიყრილი სახლების“ ქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ის ეპოქაა, როცა ძლიერნი ამა ქალაქისანი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ლამაზ სახლს ააგებს.
„თფილისის ქალაქის გამგეობა საყოველთაო საცნობელად აცხადებს, რომ ქალაქის გამგეობის ამშენებელი განყოფილება მომავალი ნოემბრის 1-იდგან იწყებს თავის მოქმედებასა და ამის გამო ყველა პლანები და ფასადები ქალაქის შენობებისა ამ რიცხვიდამ ქალაქის გამგეობაში უნდა იქმნენ წარდგენილნი დასამტკიცებლად.
თუ ქალაქის გამგეობის ამშენებელ განყოფილების ნებართვა არ იქნება, ისე არცერთი შენობის აგება ქალაქში არ შეიძლება“.
ამბავი #7 – „სახალხო კრედიტი“
დასასრულ კი უცვლელად გთავაზობთ 1876 წლის ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც მოსახლეობისთვის საგულისხმო იქნებოდა იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში ქალაქში „ფულის შოვნა“ არნახულად ჭირდა, თუნდაც საკადრისი სარგებელი შეგეძლიათ იმ ხალხისთვის, ვისაც „ფულით-ფულის შოვნა“ შემოსავლის წყაროდ ექცია:
„ამას წინათ ჩვენს ქალაქში ლაპარაკობდნენ, რომ რამდენსამე პირს განზრახვა აქვთო, რომ კერძოობითი ლომბარდი გახსნანო, ესე იგი ისეთი დაწესებულება, სადაც ყველას, ვისაც დაჭირება აქვს, შეეძლოს რაიმე ნივთი: ვერცხლის, ოქროს და სხვა და აგრეთვე ტანთსაცმელი დააგირაოს და უფრო იაფის სარგებლით იშოვოს ფული, ვიდრემ ახლა შოულობენ.
ეს კარგი ჰაზრი იყო და ჩვენ მაშინვე ამის თანაგრძნობა გამოვაცხადეთ; მაგრამ, საუბედუროთ, ჰაზრი ჰაზრად დარჩა, შესრულებას ვერ ვეღირსეთ.
ვინც ამ მხრით ჩვენს ქალაქს იცნობს, ვისაც გაუცვნია ჩვენი ბანკირების კანტორები, სადაც თვეში მანეთზე ორ შაურს იღებენ სარგებელს, ის ადვილად დაგვეთანხმება – თუ რამდენად საჭიროა ჩვენში ამისთანა დაწესება, საიდამაც გაჭირებულ ხალხს ადვილად და იაფი სარგებლით შეეძლოს წვრილი სესხით ხელის მომართვა.
არც ერთი რომელიმე კაცი და არც კამპანია არ გამოჩნდება ჩვენში ისეთი, რომ ამ მხრით ხალხის დახმარება იკისროს; კერძო კაცსა და კამპანიასაც, უეჭველია, გაჭირვებულების დახმარება და ფილანტროპია მალე დაავიწყდება და თავის კერძო ინტერესებს გამოეკიდება“.