შაითან ვაჭრები

შაითან ვაჭრები

„ბაზარი ლაბირინთს წარმოადგენს; იქ იხლართები პატარა ქუჩებში, კიბეებზე, მოსახვევებში, ეზოებში… ერთ მხარეს მოსასხამი, მეორეზე კი ნახევრად შეხსნილი ქსოვილები, კისერზე მძივები, ჰალსტუხები, ნახევარი დუჟინი ლენტი, ქამარში გარჭობილი ხანჯლები, პისტოლეტები, დანები; ამას დაუმატეთ მხარზე გადაკიდებული რამდენიმე თოფი, მკლავებზე კი ყოველივე, რისი დამაგრებაც შეიძლება და სავსე ხელები. ასეთები არიან კავკასიელი დამტარებლები, რომლებიც ყიდიან ყველაფერს, დაწყებული საპნის ნაჭრით თუ ოდეკოლონით, ნემსებითა და ძაფებით, დამთავრებული ჟაპის დასაქოქი საათებით, ძველი ლაგმით, რევოლვერით, მუსლიმური კრიალოსნით, ფაფახებით, ვინ იცის კიდევ რითი… და მათ ყოველ ნაბიჯზე ხვდები… რა შესანიშნავი ტიპაჟებია! რა ფერებია! მზად ხარ იყვირო: მომეცით პალიტრა! ღვთის გულისათვის, პალიტრა! მაგრამ რა ვქნათ? ყოველივე ეს ძალიან ლამაზია ტილოზე გადასატანად. განცვიფრდები, ბრმავდები, ჯადოვდები“.1

ასე აღწერს აღფრთოვანებული ფრანგი მეწარმე − ალფრედ კეშლენ-შვარცი ტფილისურ ბაზარს, ისეთსავე ჭრელს, როგორც იქ გამოტანილი პროდუქცია იყო.

ტფილისში ყიდულობდნენ და ყიდდნენ ყველაფერს, ეს არახალია, თუმცა ქალაქში ვაჭრობას შავ-ბნელი, შაითანური მხარეც ჰქონდა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ვაჭრობის ყველა დონეზე, მოგების ნებისმიერ ფასად მიღებას ითვალისწინებდა.

„თავის გამდიდრებისთვის, ჩვენებური ვაჭარი არაფერს არ დაზოგავს, ყველა სახსარი კარგია, ყველა გამოსადეგათ მიაჩნია. ნათესავის, ტოლ-ამხანაგის, ნაცნობისა და უცნობის მოტყუება − ყველა გამოდგება. მაგარი მაუდის მაგივრად − დამპლის შეტყუილება, კარგი ფქვილის მაგივრად − გაფუჭებულის გასაღება, მანეთში − მანეთის სარგებლის აღება − ყველა ეს ვაჭრობათ, კარგ, მოხერხებულ ვაჭრობათ მიაჩნია!“

ტფილისელი ვაჭრები ვაჭრობდნენ მალულადაც, მაშინაც კი, როდესაც ამა თუ იმ პროდუქციის ყიდვა-გაყიდვაზე გარკვეული რეგულაცია ვრცელდებოდა. ეგ კი არადა, ეს აკრძალვები ხშირად მათივე წისქვილზე ასხამდა წყალს.

„კვირა დილით, როცა ქალაქის საბჭოს განკარგულებით, აღკრძალულია ვაჭრობა, მეწვრილმანეები თავიანთს დუქნებს ფიცრავენ და წინ ხილეულით ვაჭრობენ. საწვრილმანო საქონელს კი პოლიციის ჩუმადა ჰყიდიან და საქონელს ფიცრულს უკან სწონავენ, რომ პოლიციამ არ შეამჩნიოსო. ამასობაში, მედუქნეები ბევრსა სარგებლობენ იმით, რომ მყიდველები არა ჰხედავენ, როგორა სწონავენ საქონელს მედუქნეები“, − წუხდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი.

საგულისხმოა, რომ ასეთ დროს, მეწვრილმანეები არა მხოლოდ რაოდენობაში, ხარისხშიც გვარიანად ატყუებდნენ მუშტარს:

„ქალაქის მეწვრილმანეები მალვიდ ნავთსა ჰყიდიან. ნავთი მღვრიეა, წყლიანია; მოკიდების დროს წინწკლებს ისვრის და შიშინებს. ლამპარში ჩასხმული ნავთი ნახევრამდე რომ დაიწვის, ლამპარი ჰქრება“.

ნავთს კიდევ რა უჭირს, თბილისელი ვაჭრები არც მომწამლავი პროდუქციით ვაჭრობას ერიდებოდნენ. მოგების სანახავად კი ზოგიერთი უფრო შორსაც მიდიოდა…

ამბავი #1 – „სასანიტარო ექიმის შემოვლა“…

„ქალაქის სასანიტარო ექიმს ერთი კვირის განმავლობაში ჩვენის ქალაქის ბაზარ-მეიდნებში 53 დუქანი და სავაჭრო ადგილი დაუვლია: თათრის მეიდანზე, მეტეხის აღმართში, რიყეზე, შეითან ბაზარსა, იარმუკაზე, თავ. მუხრანსკის ეზოში და სხვ. ყველგან სურსათ-სანოვაგის დუქნები დაუთვალიერებია და თათრის მეიდანზედ მეპურის გიორგი მეგრელიშვილის თონეში 58 გამოუმცხვარი პური უნახავს… ამას გარდა, მეტეხის აღმართში ბაყალს გოგინოვს ფუთ-ნახევარი [25 კგ.] დამპალი ატამი გადაუყარა; ბაზრის ქუჩაში ყასაბს იოსებ ბარხუდაროვს 15 გირვანქა [7.4 კგ.] გაფუჭებული ხორცი უნახა, რომელიც წაართვა და გადააყრევინა“.

ამბავი #2 − საზამთრო და ნესვი

იყო დრო, როდესაც ბაზარში საზამთროს ან ნესვს გაჭრიდნენ და ფსონს იმის სიმწიფის გამოცნობაზე ჩამოვიდოდნენ, თუმცა, ნებსით თუ უნებლიედ, ამ თამაშში, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩართვა საზამთროსა თუ ნესვის სრულიად არააზარტული, წმინდად გასტრონომიული მიზნებით მყიდველებსაც უწევდათ, რადგან მწიფეს ნაცვლად, ბაყლები ხშირად მკვახე, უვარგის პროდუქტს შეასაღებდნენ.

„უკვე კაი ხანია რაც საზამთრო და ნესვი შემოიტანეს ქალაქში გასასყიდათ. პირველ შემოსვლაზედ ისე ძვირად ჰყიდნენ, რომ მოვაჭრეებს ბევრი გასასყიდი რჩებოდათ. ნამეტნავად მეწვრილმანეების დუქნებში ბევრი ნესვ-საზამთროა დარჩომილი.

ეხლა მოვაჭრეები, რასაკვირველია, იმასა სცდილობენ, რომ პირველ მუშტარს მოახვიონ თავზედ ეს უვარგისი და დაბეჟილ-დათეთქვილი ნესვ-საზამთრო. თუ გაჰბედა მყიდველმა და უკან მიუტანა, ვაი იმის ბრალი! ან ლანძღვა-გინებით უკანვე გააგდებენ, ან არა და დიდს უარზე დაგებიან, ჩვენგან არ გიყიდნია, პირველადა გხედავთო და სხვ.“

ამ ცნობიდან რამდენიმე დღეში, 1898 წლის 11 აგვისტოს, „სავაჭრო-სამეურნეო პოლიციამ ვერის ბაზარზედ გააუქმა 350 უვარგისი საზამთრო და ნესვი“…

ამბავი #3 – „თაფლში ურევს მწარე ნაღველს“

თბილისში, ევროპულზე მეტად აზიურ ქალაქში, სადაც სხვადასხვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლური წარმომავლობის უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, ტკბილეული გამორჩეულად უნდა ჰყვარებოდათ, ყოველ შემთხვევაში, ბავშვებს მაინც.

ამიტომაც, განსაკუთრებული „ყურის გდება“ სჭირდებოდა იმ ტკბილეულობას: „ნუყლებს, შაქრის მამლებს და სხვ.“, რომლებსაც ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ გასაყიდად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ „კარგის ფირმების ქაღალდში“ ახვევდნენ, რიგი მიზეზების გამო, ადამიანებისთვის მაწყინარი ყოფილა.

„ერთს საწყალს მთაწმინდელს დედა-კაცს უყიდნია რამდენიმე კანფეტი მეწვრილმანისაგან და მიუცია თავის შვილისათვის, ექვსის წლის ბავშვისთვის. უჭამია თუ არა ყმაწვილს, უღებინებია და თავს-ბრუ დახვევია. მხოლოდ მსწრაფლს საშუალების შემწეობით აუცდენიათ ის შედეგი, რომელიც შეეძლო ამ მავნებელს საწამლავს მოეტანა“.

როგორც შემდგომში გარკვეულა, ეს ტკბილეული ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავით ყოფილა შეღებილი − „საქალაქო გამგეობას გაუსინჯვინებია ეს საღებავი სწავლულისათვის და აღმოჩენილა, რომ საწამლავი ყოფილა, ესრედ-წოდებული ანილინის საღებავი“.

„ტკბილეულობის სფეროში“ ამ ცნობებიდან წლების შემდეგაც არაფერი შეცვლილა, რადგან ვაჭრები კვლავაც უვარგისი პროდუქციით ცდილობდნენ ფულის შოვნას − „…ტკბილეულობას აკეთებენ და ხონჩებით ქუჩა-ქუჩა დააქვთ გასასყიდად. ზოგი რაღაც წითელ წამალს ურევს; სველი ხელი რომ მოსჭიდოთ, ხელი შეგეღებებათ“.

არცთუ სახარბიელო მდგომარეობა ყოფილა ტკბილეულობის დუქნებშიც. მაგალითად, 1897 წლის 12 დეკემბერს, უფროს სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველ ჯაბადარს დაუთვალიერებია ვინმე ჰუსეინოვის და კარაპეტ ბეჟანოვის ტკბილეულობის დუქნები, სადაც, თურმე მეტად ცუდად ამზადებდნენ ყოველგვარ შაქრის ხილს:

„ჰუსეინოვის დუქანში, რომელიც ნახევრად დანგრეულ შენობის ქვედა სართულშია მოთავსებული, ჭურჭელს მოუკალავს ჰხმარობენ, ჭუჭყით სავსე ხილს აკეთებენ, შესაღებად მავნე წამალსა ჰხმარობენ და მთლად ოთახი ჭუჭყითა და ნაგვითაა სავსე. უკეთესად არ იყო თურმე მორთულ-მოკაზმული კარაპეტ ბეჟანოვის დუქანიც. ჯაბადარმა აუკრძალა თურმე ვაჭრობა ბატონ ჰუსეინოვს, ვიდრე ხელ-ახლად სასანიტარო კომისიის მიერ არ იქმნება დათვალიერებული. განზრახვა აქვთ ასევე დაათვალიერონ ყველა სპარსელების შაქრის ხილის დუქნები…“.

ამბავი #4 − ჩაი/ყავა

უმსგავსო საქმეში ყოფილა შემჩნეული ტკბილეულობის ქარხნის პატრონი ვაჭარი იარალოვიც, რომელიც ერთ „კეთილისმსურველს“ დაუბეზღებია. მას შემდეგ, რაც ტკბილეულობის ქარხანას გამომძიებელი და პოლიცია სწვევია, აღმოჩენილა, რომ იარალოვს, რომელიც საკუთარ ქარხანაში ყავასა და შოკოლადსაც აწარმოებდა, რამდენიმე ათასი ყალბი იარლიყი უყიდია „მთავრობისგან დამტკიცებულ გამოჩენილ „ეინენის“ ამხანაგობისა“ და მდარე ღირსების ყავას სწორედ ამ ბრენდის სახელით ასაღებდა.

სამართალში მიცემულ ვაჭარს თავი „რკინის არგუმენტით“ უმართლებია, „არ ვიცოდი, თუ ყალბის „იარლიკით“ აკრძალული იყო საქონლის ყიდვაო“…

ყავის მსგავსად, არც ჩაის კონტრაბანდული გზებით შემოტანა და ფალსიფიცირება იყო უცხო ხილი. 1891 წელს, გაზეთი „ივერია“ წერდა:

„დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ტფილისის მეწვრილმანეები ჩაის მაგიერ მიწის ძახველას გამხმარს ფოთოლსა ჰყიდდნენ, რომელიც თუმცა მაწყინარი არ არის, მაგრამ ჩაის მაგიერობას კი ვერ გასწევს, რადგან გემოც სულ სხვა აქვს და სუნიცა. ეს მცენარე უფრო იმერეთში იცის და სწორედ იქიდგანაც მოჰქონებიათ ტფილისში. რასაც ნაწილ-ნაწილ გახსნილის ჩაის სახელით ჰყიდდნენ ოროლ-სამსამ შაურობით, ეს კიდევ არაფერი. საქმე ისაა, რომ ამას არა სჯერდებოდნენ და მეტს სიყალბესაც ჰკიდებდნენ ხელსა. სწორედ იმ გვარს ქაღალდში ახვევდნენ, როგორს ქაღალდშიაც პოპოვის ჩაია გახვეული და იმის ფირმის ჩაის სახელით ასაღებდნენ“.

ამბავი #5 – ესე ამბავი „სპარსული ლიმონადისა“

თუკი მიწის ძახველას გამხმარი ფოთოლი და „მდარე ღირსების ყავა“ ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იყო, იმავეს ვერ ვიტყვით ქალაქში პოპულარულ გამაგრილებელ სასმელზე − ე.წ. „სპარსულ ლიმონადზე“.

„ტფილისში ხშირად ჰყიდიან ერთგვარ გასაგრილებელს სასმელს, ეგრედ წოდებულ „სპარსულ ლიმონადს“. განსაკუთრებით ამ სასმელს დაბალი და ღარიბი ხალხი ეტანება ხოლმე. ეხლა, როგორც ტფილისის ქიმიურ ლაბარატორიას გამოუკვლევია, ეს სასმელი მეტად მავნე და მაწყენარია თურმე ადამიანისათვის, რადგანაც შიგ სხვა-და-სხვა წამლებს ურევენ ფერის მისაცემად. გარდა ამისა, შაქრის მაგიერ გასატკბილებლად სახარინს ჰხმარობენ, რადგანაც ნაკლები უნდება და, მაშასადამე, სულ იაფად დაჯდება. სახარინი კი მავნებლად არის აღიარებული და მისი ხმარება სამინისტროსაგან აღკრძალულია გასასყიდად. საკვირველია, რომ მოვაჭრენი მაინც ადვილად ჰშოულობენ სხვა-და-სხვა აფთიაქში. ამას გარდა, ხშირად თუთიის ჭურჭლით ატარებენ ხოლმე „სპარსულ ლიმონადს“ და ისე ჰყიდიან. ქალაქის ქიმიურმა ლაბორატორიამ ყოველივე ეს სამკურნალო სასანიტარო საბჭოს შეატყობინა და სთხოვს აღკრძალოს „სპარსული ლიმონადის“ ამ გვარად მომზადება და გაყიდვა. ყველაზედ მავნებელი ამ სასმელში ფერის მისაცემი წამლებია, რომელშიაც, ძალიან ხშირად, დარიშხანი ურევია ხოლმე“.

ამ ამბიდან მეორე დღეს, იმდროინდელი ქართული პრესა იუწყებოდა, რომ „ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო საბჭომ უკანასკნელ სხდომაზედ გადასწყვიტა აღკრძალოს ესრედ წოდებული „სპარსული ლიმონადის“ გაყიდვა“, თუმცა ძველ თბილისში აკრძალვებს, მითუმეტეს ამგვარს, არად დაგიდევდნენ…

ამბავი #6 − ორი ქალაქის ამბავი

სასანიტარო-სამკურნალო საბჭოში კარგად იცოდნენ, რომ ქალაქელი სირაჯები კახურ ღვინოსაც აქტიურად აყალბებდნენ და ფერის მისაცემად მომწამლავ საღებავს ურევდნენ.

შეღებვა და ღვინის ფალსიფიკაცია ერთია, მაგრამ სრულიად გამაოგნებელია ტფილისში მომხდარი ერთი ამბავი, რომელიც, რაღაცით, ჩარლზ დიკენსის რომანის [„ორი ქალაქის ამბავი“] ერთ-ერთ პარიზულ მონაკვეთს წააგავს:

„ღვინით სავსე დიდი კასრი ქუჩაში გატყდა, როცა მას საზიდრიდან ტვირთავდნენ. კასრი ქვით მოკირწყლულ გზაზე მოწყვეტით დაგორდა და ღვინის დუქნის კართან გასკდა. ქუჩაში, შორიახლო მყოფნი იმწამსვე გაჩერდნენ და ღვინის დასალევად კასრისკენ მოკურცხლეს… კაცების ნაწილი მუხლებზე დადგა და გუბურებიდან ორივე ხელით ღვინის ხაპვას შეუდგა. დროდადრო ცდილობდნენ, ღვინო მათ ზურგს უკან მდგომი ქალებისთვისაც ეწილადებინათ. სასმელი ჭუჭყიან თითებს შორის იღვრებოდა. ქალებისა და კაცების ნაწილი გუბურებიდან მიწიანი ღვინის ამოღებას თიხის პაწია კათხებით ცდილობდა. ვიღაცები ცხვირსახოცებსა და თავსაფრებს ასველებდნენ, შემდეგ კი ჩვილებს პირში აწურავდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვისაც დაღვრილი ღვინის შესაჩერებლად ტალახისგან პატარა, სახელდახელო დაბრკოლებები შეექმნათ. ვიღაცები ფანჯრებიდან კარნახობდნენ, ღვინის რუების შესაკავებლად რა ხერხისათვის მიემართათ. სხვები წითელი ღვინით გაჟღენთილ კასრის ნაფოტებს ეცნენ, ლოკავდნენ და ღეჭავდნენ. ქუჩაში სადრენაჟო სისტემა არ იყო. ღვინო ვერსად წავიდოდა. ამის წყალობით ხალხმა ქუჩა ღვინისა და, მასთან ერთად, ტალახისგან ისე გაასუფთავა, იფიქრებდით, მეეზოვეს ჩინებულად უმუშავიაო, რასაკვირველია, თუ იმ სასწაულს დაიჯერებდით, რომ ასეთ ღარიბ უბნებს დასასუფთავებლად მეეზოვეები სტუმრობდნენ…“, − ვკითხულობთ ჩარლზ დიკენსის 1859 წელს გამოქვეყნებულ რომანში.2

1888 წლის გაზეთი „ივერია“ კი წერდა:

„რასაც სჩადიან ჩვენი ტფილისის მოვაჭრენი და სირაჯები, შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს: ამ თვის რვას, საღამოს 8 საათზე, ანჩისხატის უბანში, ბაგრატიონის ქუჩაზე რომ გაგევლოთ, საოცარს სურათს ჰნახავდით: აქ ერთის მიკიტნის დუქანთან გამსკდარიყო რუმბი, თუ ბოჩკა; ღვინო დაღვრილიყო და ჩამოდიოდა ქუჩის ქვაფენილის ნაპირებში, რომელშიაც ყოველთვის ჯირგინების [„ღარი ეზოში, სადაც წვიმის წყალი და სხვა ნარეცხი წყალი გადის“3] წყალი სდის. სამიკიტნოდამ 90-100 ნაბიჯზე, ერთს ჩაღრმავებულს ადგილას, მესხიევის სახლის წინ, ღვინო დაგუბდა. სამიკიტნოს შეგირდს ხელში ეჭირა ჩარექიანი საწყაო და ამ ღვინოს ასხამდა ძაბრ-გამართულს ტიკში. ზემოდამ მეორე შეგირდი ცოცხით შხვეპავდა ტალახ-ნარევს ღვინის წუმპეს საგუბრისაკენ და გამვლელ-გამომვლელის თვალ-წინ ამ წუმპეს ტიკში ასხამდნენ. შეგირდი თან ტალახიან ღვინოს ასხამდა ტიკში და თანაც ოხუნჯობდა: მტკვარში ათასი სიბინძურეა, მაგრამ ვსვამთო“.

ამბავი #7 – კეთილი გული?!

შეგირდი, გარკვეულწილად, მართალი იყო, ქალაქში მტკვრის მღვრიე წყალსაც სვამდნენ და მის მირე ამოხაპულ და ტიკში ჩასხმულ ღვინოსაც გამოუჩნდებოდა მუშტარი. ხოლო თუკი საზოგადოდ, ხარისხიანი ღვინის კარგ მისადევნებლად ასევე ხარისხიანი ყველი მიიჩნევა, ამგვარ, „ტალახ-ნარევ“ ღვინოს სწორედ იმგვარი ყველი „მოუხდებოდა“, რომელსაც ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მეიდანზე სავაჭროდ ჩამოსული გლეხი ჰყიდდა.

„მოხალისე რეპორტიორს“ გაზეთ „დროებისთვის“ უცნობებია, რომ იმ დღეს, მეიდანზე, ვაჭრობის პოლიციის ჯიხურს დიდძალი ხალხი ეხვია და ყაყანი გაჰქონდათ:

„ცნობის მოყვარეობამ წამძლია, მივედი იქ და რა ვნახე: ბუტკის წინ ეწყო რამდენიმე გაჭრილი ყველი, რომელთაც შუაში კარგად მოზდილი შავი ქვები ჰქონდა დატანებული… ვაჭარს ეს ყველი ერთი ნაცნობი თათრისთვის დაუკვეთია და მოსვლია მას სხვა თათრის ხელით. დილით მისულა მასთან მუშტარი, გაუჭრია ყველი და შუაში სამი გირვანქის [1.5 კგ.] ოდენა ქვა აღმოჩენილა, გაუჭრია მეორე, მესამე და იქაც იგივე ქვები…“.

რიგი მიზეზების გამო, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ყველით მოვაჭრე გლეხი დაუნდიათ, რასაც ვაჭრობის პოლიციის მიმართ კინტოების საჩივარი მოჰყოლია: „თქვენ სულ ყოველთვის სოფლელების მხარე გიჭირავთ, ყოველ საქმეში ჩვენ გვამტყუნებთ მათ წინაშე და აი თქვენი სოფლელები რასა სჩადიანო; ჩვენს შორის უკანასკნელი ჯიბის ოსტატიც არ იქმოდა მაგ საქმესა; ჩვენ რომ ეგ გვექნა, დასაღრჩობადაც არ დაგვინდობდით და სოფლელებს კი ყურადღებას არ აქცევთ, თითქოს სოფლელები უცოდველნი ანგელოზნი იყვნენო“.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ურმით მოსიარულე სამართალს პური უჭამია გოლოვინის პროსპექტზე გამართული სავაჭროს მფლობელის შემთხვევაში, რომლისთვისაც გაფუჭებული მოთალით [„განსაკუთრებულად მომზადებული ყველი, რომელიც ინახება ცხვრის გუდაში“4] ვაჭრობის გამო სასამართლოს ორი თვით დაპატიმრება გადაუწყვეტია.

ამბავი #8 − ყველაფერს ფულით ვერ იყიდი?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ძველ თბილისში ფულის საშოვნელად ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს კადრულობდა. XIX საუკუნის ქართულ პრესაში არცთუ იშვიათად გვხვდება ისტორიები, რომელთა დაჯერებაც არც იმდროინდელ და არც დღევანდელ მკითხველს არ უნდა, რადგან, რიგ შემთხვევაში, საქმე საკრალურ საკითხებს ეხება.

შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დაეტოვებინა ტფილისის ზოგიერთ ეკლესიათა „მდაბიო მოხელე მოსამსახურეთა“ წრეგადასულ საქციელს, როდესაც „მლოცავისაგან დანთებულ სანთლებს ერთს წუთს არ აყენებენ, ჰგლეჯენ შანდლიდამ და აქრობენ. ერთს ეკლესიაში, მაგალითად, ერთი მლოცავი მანდილოსანი იძულებული იყო სამჯერ ეყიდნა სანთელი და დაენთო ხატის წინ, მაგრამ სამჯერვე მნათემ მოჰგლიჯა სანთელი და გააქრო“.

ასევე, „წმინდანთა ნაწილებით ვაჭრობას“ − 1895 წლისთვის, ქალაქში თურმე ხშირად შეხვდებოდით „იერუსალიმიდგან, თუ სხვა უცხო ადგილების ეკლესიებიდგან და მონასტრებიდგან ჩამოსულებს, რომელნიც შესაწირავს ჰკრებენ და თან ხატებს, ან წმინდანების ნაწილებს ჰყიდიან…“.

მაგრამ ეს ისტორიები ახლოსაც ვერ მოვა ერთ გასაოცარ ამბავთან, რომლის შესახებაც „ივერია“ 1898 წელს წერდა:

„დიდუბეში მცხოვრებს რუსს, სათადარიგო ჯარის-კაცს მიუყიდნია თავისი კანონიერი ცოლი ევდოკია ვიღაც გლეხისთვის. ცოლი არამც თუ დათანხმებულა, არამედ უთხოვნია, ნასყიდობის ქაღალდი კანონიერად დაასაბუთეთო. ხელშეკრულობა დაუწერიათ 100 მანეთიან თამასუქის ქაღალდზედ…

„ათას რვაას ოთხმოცდა-თვრამეტს წელს, სწერია თურმე ამ ხელშეკრულობაში, ოქტომბრის სამსა დღესა, მე, ამისა ქვემორე ხელის მომწერი, სათადარიგო ჯარის-კაცი პირობით შევეკარი გლეხს შემდეგში: მე, საკმარისად ვიცხოვრე რა ჩემს კანონიერს ცოლს ევდოკიასთან, ვაძლევ მას სრულს საკუთრებათ გლეხს, რათა ერთად იცხოვრონ ზემო-აღნიშნულის რიცხვიდგან მათის ცხოვრების მშვიდობიანად აღსრულებამდე და მე ამა რიცხვიდგან ნება არა მაქვს ჩავერიო მათ მომავალ ცხოვრებაში; ამიერიდგან ხელს ვიღებ ჩემ კანონიერს, უკვე დათმობილ ცოლს ევდოკიაზედ და ამა პირობის დარღვევისათვის ვალდებული ვარ ვემსახურო ივანეს მუშად უსასყიდლოდ“.

***

1 ალფრედ კეშლენ-შვარცმა თბილისში 1879 წელს იმოგზაურა. „თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე – XX საუკუნის დასაწყისი), ირინე ნაჭყებია, გიორგი სანიკიძე თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე-XX საუკუნის დასაწყისი), „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ.

2 ჩარლზ დიკენსი, „ორი ქალაქის ამბავი“, ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2017 წ.

3 იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

4 იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.