ოთხი ათწლეულის განმავლობაში Ariane-ის რაკეტა ევროპაში კოსმოსის შემსწავლელ ტექნოლოგიებს შორის პირველობას არ კარგავდა. აღსანიშნავია, რომ Arianspace-ი მსოფლიოში პირველი კომერციული გაშვების კომპანიაა, რომელიც მცირე და დიდი ზომის სატელიტების დახმარებით თანამშრომლობდა ბიზნესებთან და სხვადასხვა კომპანიასთან. ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით, Arianespace-ი საკუთარ სერვისებს დიდ კომპანიებთან ერთად უკვე მცირე ზომის სტარტაპებსაც სთავაზობს. ტექნოლოგიური კომპანიები მცირე კოსმოსური ხომალდის მისიის სერვისის (SSMS) დახმარებით ახერხებენ პროდუქტისა და მათ მიერ შეთავაზებული მომსახურების გაუმჯობესებას სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციის ხარჯზე.
2018 წელს SpaceX-ის გაშვებული რაკეტა Falcon 9 კომპანიებს მსგავს სერვისებს შედარებით იაფად სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ისგან განსხვავებით ევროპაში სახელმწიფოები და სხვა ინსტიტუციები ნაკლებად არიან მიმართულნი წარმოების გაზრდისაკენ, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის ევროპული კომპანიისთვის.
Arianespace-ის ვიცე-პრეზიდენტის მარინო ფრაგნიტოს განცხადებით, კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების გასაუმჯობესებლად ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოყენებაა აუცილებელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ილონ მასკს ეფექტიანად შეუძლია კომუნიკაცია და საზოგადოებისთვის SpaceX-ის ხედვის გაზიარება, რის ნაკლებობასაც განიცდის Arianespace-ი. მიუხედავად ამისა, Arianespace-ი გამორჩეულად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და SpaceX-ის საპასუხოდ მუდმივად ცდილობს დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივების შექმნას. შედეგად, ფრაგნიტო დარწმუნებულია, რომ ევროპა შეძლებს კოსმოსურ ინდუსტრიაში აშშ-ისთვის კონკურენციის გაწევას.