შესაძლოა, საქართველოში Ripple-ის მომსახურების რეგიონული ცენტრი გაიხსნას

შესაძლოა, საქართველოში Ripple-ის მომსახურების რეგიონული ცენტრი გაიხსნას

შესაძლოა, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინ-კომპანიის, Ripple-ის მომსახურების ცენტრი გაიხსნას, – ასეთი იდეა შესთავაზა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Ripple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ბრედ გარლინგჰაუსს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც საკმაოდ ხელსაყრელია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება რეგიონული და გლობალური მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის. რეპუტაციისა და მეგობრული ბიზნესგარემოს წყალობით კი საქართველო გლობალურად გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით. ქვეყანა განვითარებულ ბაზრებზე იმავე ლიგაშია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი არიან.

როგორც ირკვევა, ქართულმა მხარემ Ripple-ის ხელმძღვანელობას ისიც უამბო, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგია საჯარო სერვისებში დანერგა, რითაც საჯარო რეესტრის საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

მხარეებს შორის შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილიც გამოეხმაურა: „ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიოს წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ იყოს ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით“.

Ripple-ი 2012 წელს დაარსებული ამერიკული კომპანიაა, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფინანსური ტრანზაქციებისთვის გამოიყენება. Ripple-ის ქსელს საკუთარი ტოკენიც აქვს, კრიპტოვალუტა XRP-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $20.6 მილიარდს შეადგენს – კრიპტოვალუტებს შორის, ეს რიგით მეექვსე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *