შევქმენით სარეაბილიტაციო მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ იმ კლიენტებზე, რომელთაც არა აქვთ სახარბიელო მდგომარეობა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ გადაცემა “Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
სარეაბილიტაციო მიმართულება „თიბისიმ“ პანდემიის კრიზისის შედეგად დაზარალებული მომხმარებლებისთვის შექმნა. როგორც თხელიძე აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულების გუნდი 12-24 თვის ვადაში შეძლებს, უმეტეს კლიენტს ძველი ფინანსური მდგომარეობის დაბრუნებაში დაეხმაროს. მისივე თქმით, ისინი მომხმარებლებს ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან.
„როდესაც 2015 წელს, თიბისიში რისკების დირექტორის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, ჩვენ მაშინაც გვქონდა სარეაბილიტაციო განყოფილება რამდენიმე ასეული მილიონის პორტფელით. 2017 წლის დასაწყისში, საბედნიეროდ, ამ დეპარტამენტის გაუქმება მოგვიწია, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა კლიენტი გაჯანსაღდა. ზოგი უფრო მალე, ზოგი უფრო ნელა. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა გუნდმა, რომელიც ამაზე მუშაობდა“, – განაცხადა გიორგი თხელიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ასევე დასძინა, რომ გაამართლებს თუ არა ამ მიმართულების მუშაობა, ეს შედეგებით გამოაშკარავდება. „რეზულტატებით უნდა ვიმსჯელოთ მაშინ, როდესაც გაივლის გარკვეული პერიოდი და ეს კლიენტები ჩადგებიან მწყობრში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაშინ გამოვდგებით კარგი პარტნიორები“, – თქვა მან.
ცნობისთვის, „თიბისის“ კორპორაციული ბიზნესის პორტფელი დღეს დაახლოებით 5.5 მლრდ ლარია. ბანკის კორპორაციული სესხების პორტფელში უმოქმედო სესხების (NPL) წილი პანდემიური კრიზისის შედეგად 2.7%-მდე გაიზარდა.